
ინოვატორი ურთიერთობებს სერიოზულად, ბავშვური ენთუზიაზმითა და ენერგიით ეკიდება. ის ბუნებრივობას და სიღრმეს ეძებს და მოითხოვს, თბილი და მზრუნველია, შეუძლია სხვების შთაგონება და მოტივაცია.
მეგობრობა

ინოვატორი საერთო ენას ყველა ფსიქოტიპთან პოულობს. მას ადამიანები გულწრფელად აინტერესებს, საუკეთესოს დანახვა სურს მათში და ამ საუკეთესო თვისებების ხაზგასმა უყვარს. მიუხედავად ამისა, შეიძლება ძლიერი T-ს მქონე ადამიანების გაგება გაუჭირდეს, რადგან ისინი მის ენთუზიაზმს იმავე ემოციით არ პასუხობენ. თავიდან ინოვატორი გონებაგახსნილი იქნება, მაგრამ როცა ეს სიტუაცია განმეორდება, ის T-ს კარს საბოლოოდ მოუხურავს.
ინოვატორს ძლიერი J-ების გარემოცვაც აშინებს. იქედან გამომდინარე, რომ კრიტიკა გულთან ახლოს მიაქვს, J-ს უარყოფით შეხედულებებზე ღიზიანდება ან ემოციური ხდება.
საუკეთესო ენას ინოვატორი NF და NT გარემოცვაში პოულობს. მეგობრები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც მის იდეალებს იზიარებენ – ძალიან ცოტა.
სიყვარული

ახალ ურთიერთობაში ინოვატორს სურვილი აქვს პარტნიორი კარგად გაიცნოს და მასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს. როგორც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, შეყვარებულსაც სიყვარულით ახრჩობს. სანამ შეყვარებულია, ინოვატორი პარტნიორის დადებითი თვისებებით კმაყოფილია და უარყოფითს არ იმჩნევს. როცა ნაკლზე თვალს ვეღარ ხუჭავს, ნანობს, რომ ამ ურთიერთობაზე ამხელა დრო დახარჯა.
იქედან გამომდინარე, რომ ინოვატორი სულ შთაგონების ახალ წყაროს ეძებს, მისი პარტნიორი სიურპრიზებს უნდა მოელოდეს. ინოვატორი ექსტრავაგანტულობიდან ხელმომჭირნეობამდე მერყეობს. მის სახლში ძვირადღირებულ საგნებს შეიძლება მოჰკრათ თვალი, თუმცა აუცილებელი ნივთები არ შეგხვდეთ. სახლის საქმეებით ინოვატორი ყველაზე ნაკლებად ინტერესდება.
გაიგე უფრო დეტალურად – როგორ მოვხიბლო ინოვატორი?
ინოვატორი, როგორც მშობელი

ინოვატორისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს თავისი ღირებულებები გადასცეს და გაზრდისთვის პოზიტიური, იდეალური გარემო შეუქმნას.
ინოვატორმა შვილებთან შეიძლება ცვალებადი ქცევა გამოამჟღავნოს. ერთ წუთს მათი ნამდვილი მეგობარია, მათთან იცინის და ყვირის, მეორე წუთს კი მკაცრი ავტორიტარი. ეს ინოვატორის შინაგანი კონფლიქტითაა გამოწვეული: ბავშვებთან მეგობრობა გულწრფელად უნდა, მაგრამ ისიც უნდა, რომ ბავშვებმა თავისი ღირებულებების სისტემა დაიცვან. ეს ღირებულებები თუ შეილახა, ინოვატორი მშობლის როლს უბრუნდება და ბავშვს დანაშაულზე მიუთითებს. ბავშვებისთვის ინოვატორის ასეთი მერყეობა დამაბნეველი ხდება ხოლმე. ინოვატორს არც წუწუნა და მომთხოვნი ბავშვები უყვარს და შვილის ასეთი ქცევის მიმართ შეიძლება ხისტი იყოს.
ინოვატორს შეუძლია შვილების ყოველდღიურ საჭიროებებს მიხედოს, მაგალითად, სკოლიდან ზუსტ დროს გამოიყვანოს, აჭამოს და ა.შ. თუმცა ეს რუტინული სამუშაოა, რაც მისი ძლიერი მხარე არ არის. ინოვატორს ბავშვების დისციპლინა უჭირს და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, როცა მის ღირებულებებს შებღალავენ.
ინოვატორის წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა ბავშვებისთვის დინამიურ, მხიარულ და სახალისო გარემოს ქმნის.