
მოდებატე კეთილგანწყობილი, მხიარული და აუღელვებელია, რაც მასთან ყოფნას სასიამოვნოს ხდის. სხვებთან ურთიერთობით დიდ სიამოვნებას იღებს, განსაკუთრებით თეორიების და კონცეფციების განხილვა უყვარს. შეიძლება კამათი მარტო დებატების გამო დაიწყოს.
მეგობრობა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრთან კომუნიკაცია შეუძლია, ახლო ურთიერთობისთვის ისეთ ადამიანებს ირჩევს, რომლებიც გონიერები, ნიჭიერები და იდეაზე ორიენტირებულნი არიან. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელს დებატებზე მეტად არაფერი უყვარს და ამის გაკეთება ისეთ ადამიანთან უნდა, ვისაც საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლია. ეს გამომწვევ და თეორიების მოყვარულ მოდებატეს ენერგიით ავსებს.
მოდებატეს შეიძლება მოწინააღმდეგის არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენების ჩვევა ჰქონდეს. ამ ქცევას თუ არ გააკონტროლებს, მეგობრობასა და ახლო ურთიერთობებში პრობლემები შეიძლება შეექმნას.
სიყვარული

საერთოდ, სერიოზულ ურთიერთობას მანამ არ იწყებს, სანამ იდეალური პარტნიორი არ გამოჩნდება, ამის გამო პლატონური მეგობრობაც შეიძლება ჰქონდეს.
მოდებატე საკუთარ თავს მუდმივად უსვამს კითხვებს: როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი ურთიერთობა? ვიზრდები თუ არა ამ ურთიერთობაში? მოდებატის რისკიანობა მისი პარტნიორისთვის სტრესის მომტანი შეიძლება იყოს. ვისაც ფინანსური მხარდაჭერა და წესრიგი სჭირდება, მოდებატესთან ცხოვრება ქაოტური შეიძლება მოეჩვენოს.
ურთიერთობის განვითარების შემდეგ მოდებატემ თუ აღმოაჩინა, რომ პარტნიორი მის მოლოდინებს არ ამართლებს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მეორე ნახევარი სტაბილურობის გამო შეარჩია, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ მოსაწყენი იყო, ამ ურთიერთობიდან თავის დაძვრენას დიპლომატიური მეთოდებით შეეცდება.
პარტნიორი თუ დაშორდა, იმაზე ფიქრს იწყებს, თუ რატომ იყო ეს ურთიერთობა დასრულებისთვის განწირული. ეს ტკივილის რაციონალიზებაში ეხმარება.
მოდებატე, როგორც მშობელი

ბავშვებთან დროის გატარებასთან დაკავშირებით მოდებატე არათანმიმდევრული შეიძლება იყოს. ერთ წუთს ბავშვების მიმართ დიდ ინტერესსა და ენთუზიაზმს იჩენს, სიყვარულით ექცევა, მეორე წუთს კი, როცა სადმე სისტემის გასაუმჯობესებელი სქემა იტაცებს, შეიძლება ისინი დაუდევრად დაივიწყოს.