მენტორი ურთიერთობებში ბევრ ძალისხმევასა და ენთუზიაზმს დებს. მას კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს და ყურადღებიანი და მზრუნველია. მენტორი სხვებისგანაც ამასვე მოელის, მაგრამ თხოვნა უჭირს. როცა სიტუაცია მოითხოვს, მკაცრი და კრიტიკული ხდება, შემდეგ კი ისევ თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.

მეგობრობა

მენტორი თბილი და კომუნიკაბელურია, გრძნობს რას გრძნობენ სხვები, ადამიანების მხარდაჭერა უყვარს, ენერგიულია და მასთან ყოფნით ვერ მოიწყენ. ურთიერთობებში ბუნებრივობას ეძებს და ყოველთვის ყურადღებით აკვირდება, რა უნდათ სხვებს.
მენტორს ყველანაირი ადამიანი აინტერესებს და ნებისმიერს შეუძლია გაუგოს, თუმცა ყველასთან დროის გატარებას არ ისურვებდა. მენტორს შეიძლება SP ფსიქოტიპებთან მეგობრობის დიდი სურვილი არ ჰქონდეს, რადგან მათი „აწმყოთი ცხოვრების“ სტილი მის ღირებულებებთან კონფლიქტში მოდის. ეძებს ადამიანებს, რომლებსაც მისნაირი ღირებულებები აქვს. მენტორი სავარაუდოდ, NF და SJ ადამიანების კომპანიაში ყველაზე ბედნიერად იგრძნობს თავს.

სიყვარული

მენტორს როცა უყვარდება, მარტო ამაზე ფიქრობს. პარტნიორს საჩუქრებს ჩუქნის, პოეზიას უკითხავს, სანთლის შუქით განათებულ სადილებს აწყობს, ურთიერთობაზე ლაპარაკი უყვარს. მართალია, ამას არ მოითხოვს, მაგრამ ტკბილი სიტყვების გაგონება უნდა.
მენტორს ჰგონია, რომ თაფლობისთვე სამუდამოდ გაგრძელდება, ურთიერთობაში არსებული აღმასვლა და დაღმასვლა მისთვის რთული მისაღებია, პრობლემებს კი უგულებელყოფს. მენტორმა უნდა ისწავლოს, რომ კონფლიქტი სულაც არაა ცუდი, მისი დახმარებით ყველა დეტალი შეიძლება გამოაშკარავდეს და ორივე მხარემ უკეთ გაიცნოს ერთმანეთი.
მენტორს პარტნიორზე არც მეგობრებისგან და არც ოჯახის წევრებისგან ცუდის მოსმენა არ უნდა, და არც იმის გაგება, რომ ცუდი არჩევანი გააკეთა. პარტნიორმა თუ უღალატა, ან დაშორდა, განადგურებულია, სირცხვილს და დანაშაულს გრძნობს და მარცხს საკუთარ თავს აბრალებს, თუმცა ცხოვრებას უკან მოუხედავად აგრძელებს.

მენტორი, როგორც მშობელი

მენტორი მშობლის პასუხსმგებლობას სერიოზულად ეკიდება და უნდა, შვილებისთვის სანიმუშო მაგალითი იყოს. ამ თვისების გამო, მენტორი საკმაოდ მკაცრია და ბავშვების მიმართ ძალიან მომთხოვნია. მშობლის ერთ-ერთ ვალდებულებად მენტორს შვილებისთვის საკუთარი ღირებულებების გადაცემა მიაჩნია და ამ პროცესში მონდომებითაა ჩართული. მენტორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები ჯანსაღ ადამიანებად რომ ჩამოყალიბდნენ, აუცილებელია დამოუკიდებლები იყვნენ. 
როცა შვილები გარდატეხის ასაკს მიაღწევენ, მენტორსაც, როგორც სხვა ფსიქოტიპის წარმომადგენლებს, პრობლემები ექმნება. ბავშვებს მეტი დამოუკიდებლობა სურთ და მენტორის გადამეტებულ ყურადღებაზე ბრაზდებიან. ეს პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდება, როცა მენტორი მანიპულაციას იწყებს. ბევრი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი, როცა ცხოვრებისეული გარემოებები ხელს არ უწყობს, მიზნის მისაღწევად მანიპულირებს. წამოიზრდებიან თუ არა ბავშვები, ამ თვისებას თავიანთ მშობელში აუცილებლად შეამჩნევენ და მის ღირებულებებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებენ. მენტორმა ეს უნდა გააცნობიეროს და შეეცადოს, მანიპულაცია ნეგატიური განზრახვით არასდროს გამოიყენოს.