შეფი ურთიერთობებში დიდ ენთუზიაზმსა და ძალისხმევას დებს. იქედან გამომდინარე, რომ ცხოვრებაში მისი მთავარი ამოცანა მუდმივად ცოდნის მიღება და ამ ცოდნის გამოყენებაა, ის ყველაფერს სასწავლ გამოცდილებად აქცევს. შეფს ისეთი ურთიერთობები მოსწონს, რომლებიც ზრდის პერსპექტივას სთავაზობენ.

მეგობრობა

შეფი მხიარული, ენერგიული და კომუნიკაბელურია, სხვების აზრები ძალიან აინტერესებს. უყვარს ისეთ ადამიანებთან საუბარი, რომლებსაც რაღაც აქვთ სათქმელი და რომლებისგანაც რაღაცას ისწავლის. 
სხვებთან ურთიერთობისას პირდაპირი და გამომწვევია, რაც ხშირად ადამიანებს თავდაცვით პოზიციაში აყენებს ხოლმე. შეფი იმორჩილებს იმ ადამიანებს, რომლებსაც გამოწვევები არ უყვართ ან თავდაჯერება აკლიათ. ეს არც ისე კარგია: ღირებული აზრები ბევრს გააჩნია, მაგრამ ყველას მწვერვალზე შედგომა და იქედან ყვირილი არ უნდა.
შეფი ისეთი ადამიანების კომპანიას ეძებს, ვისთანაც საერთო ინტერესები ექნება. განსხვავებული ცხოვრების სტილისა და შეხედულებების მქონე ადამიანებთან დიდი მოთმინებით არ გამოირჩევა. შეფს იზიდავს ადამიანი, რომლის არსებობასაც ირგვლივ მყოფებზე გავლენა აქვს. შეიძლება ასეთ პიროვნებას არ ეთანხმებოდეს, მაგრამ მისით აღფრთოვანებული იყოს. შეფი ინტუიტიურ ფსიქოტიპებთან მეგობრობს, თუმცა უფრო ექსტრავერტულ ინტუიტივებთან. ესენია: ENTJ, ENTP, ENFJ და ENFP.

სიყვარული

შეფისთვის სიყვარული თავისი ცხოვრების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. ცხოვრებისეულ მიზნებთან შედარებით, განსაკუთრებით იმ მიზნებთან, რომლებიც სამსახურს უკავშირდება, სიყვარული მისთვის მეორეხარისხოვანია. შეფის პარტნიორი მისი ცხოვრებისეული დრამის მონაწილეა, მისი თანამებრძოლი. 
შეფი მომთხოვნი პარტნიორია. შეიძლება ადვილად შეუყვარდეს, მაგრამ ერთგული მანამდე იქნება, სანამ პარტნიორის კონტროლს შეძლებს. შეფს დიდი ემოციური მხარდაჭერა არ სჭირდება, მაგრამ როცა რამეს ითხოვს, მიღებასაც ელოდება.
იმის გამო, რომ სხვისი საჭიროებების უგულებელყოფა ახასიათებს, ურთიერთობაში ლიმიტი მისმა პარტნიორმა უნდა დააწესოს, თუმცა ტაქტიანად. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელს თუ პარტნიორის შენარჩუნება უნდა, ტაქტიანობის გამოყენებას ინტუიტიურად მიხვდება.
როცა შეფი ხვდება, რომ იმას ვერ იღებს, რაც უნდოდა, ურთიერთობის დასრულებისთვის ემზადება. პარტნიორი თუ დაშორდა, გამანადგურებელ დანაკარგს განიცდის. ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ დამარცხება არ უყვარს.

შეფი, როგორც მშობელი

მშობლის როლს შეფი სერიოზულად ეკიდება. მისთვის თავისი ღირებულებების შვილისთვის გადაცემა აუცილებელია, ხოლო ბავშვის განვითარებასა და სწავლაზე ზრუნვა საკუთარ პასუხისმგებლობად მიაჩნია. 
შეფს უნდა, რომ შვილებს გაუძღვეს. ბავშვებმა მას პატივი უნდა სცენ, მისი წესები დაიცვან. შეცდომის ადგილი არაა, – წესები თუ დაირღვევა, შეფი მკაცრი ავტორიტარი გახდება. 
თინეიჯერობის ასაკში შეფს შეიძლება შვილი აუჯანყდეს. ეს ყველა ფსიქოტიპს ემართება, თუმცა EJ ფსიქოტიპებში განსაკუთრებით ხშირად ხდება. მოზარდებს აღარ უნდათ მშობლები აკონტროლებდნენ. შეფი გონივრულ ნაბიჯს გადადგამს, თუ თავის სადავეებს ცოტათი აუშვებს, თუმცა ღირებულებების კომპრომისის გარეშე.
შეფს გრძნობითი მხარე თუ არ განუვითარდა, უხეში, აგრესიული ქცევა ახასიათებს. ასეთი მშობელი დიქტატორს გავს: ბრძანებებს დესპოტურად გასცემს და მათ უსიტყვოდ შესრულებას მოელის. ეს ქცევა დიდხანს თუ გაგრძელდა, ბავშვებისთვის მჩაგვრელი გარემო იქმნება. შეფი თავის ქცევებზე უნდა დაფიქრდეს და სხვების გრძნობებიც გაითვალისწინოს.
ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს თუ აირიდებს, შეფი ძალიან კარგი მშობლიური ფიგურა ხდება, შვილები სიყვარულით იხსენებენ და აფასებენ როგორც აღმზრდელს, რომელიც მათ ზრდასა და განვითარებაში ეხმარებოდა. ცოდნის წყურვილი, რასაც ბავშვი ასეთი მშობლისგან იღებს, ცხოვრებისეულ ჩვევად იქცევა და მას დამოუკიდებელ პიროვნებად აყალიბებს.