მეთვალყურე ენთუიაზმით სავსე ადამიანია, ვისაც ვალდებულებების შესრულების სურვილი აქვს, განსაკუთრებით იმ ვალდებულებების, რომლებიც ოჯახთანაა დაკავშირებულებული. მისთვის პირველი ოჯახია, შემდეგ კი მეგობრები. მეთვალყურე მოუთმენელია მათთან, ვისაც მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.

მეგობრობა

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მეგობრებზე წინ აყენებს, მეთვალყურე მეგობრებსაც აფასებს, უყვარს გართობა და სხვებთან დროის გატარება, განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საერთო ინტერესები აქვს.
მეთვალყურე სტატუსზე ორიენტირებული ადამიანია და პატივს იმას სცემს, ვინც საზოგადოებაში წარმატებას მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ქცევის მაღალი სტანდარტები აქვს და სჯერა ნებისმიერ სიტუაციაში რა არის სწორი, მისთვის გავლენიანი ადამიანების გარემოცვაში ნაკლებად მაკონტროლებელი ხდება.
მეთვალყურეს არ უყვარს თავქარიანი და უკიდურესად არატრადიციული ადამიანები, საკუთარი ფსიქოტიპის, ან საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე ადამიანებთან კარგ ურთიერთობას ამყარებს.
მეთვალყურეს უყვარს ხუმრობები, მეგობრები სანდოობისა და ენერგიულობის გამო აფასებენ. მას საკუთარი შეხედულებები გააჩნია და მოსწონს, როცა მბრძანებლური ჩანს. ეს ტენდენცია შეიძლება მისთვის დასაფასებელ სხვა ESTJ-ს გარემოცვაში შეარბილოს. სხვა ფსიქოტიპებთან მეთვალყურე ხისტი და პირდაპირია, ხანდახან უკიდურესადაც კი.

სიყვარული

როცა მეთვალყურე ამბობს, „თანახმა ვარ“, ურთიერთობაში უზარმაზარ ენერგიასა და ძალისხმევას ჩადებს. მას სტაბილურობა და უსაფრთხოება უნდა, ძლიერი და სანდო ბუნების ადამიანია, რომელიც ტრადიციაზეა ორიენტირებული. მეთვალყურე ძალიან ენერგიულია, თითქოს ენერგია არასდროს ელევა.
ამ ფსიქოტიპს ჰგონია, რომ იცის რა არის მართალი და ყველა მას ყურადღებით რომ უსმენდეს, მსოფლიო უკეთესი ადგილი იქნებოდა. ასეთი მაღალი თვითშეფასება ბევრ საქმეშია საჭირო, მაგრამ ურთიერთობებში ზიანის მომტანიც კი შეიძლება გახდეს, თუ მეთვალყურის პარტნიორმა საკუთარი წვლილის გამო თავი დაფასებულად ვერ იგრძნო. მეთვალყურემ უნდა გააცნობიეროს, რომ სხვებსაც აქვთ რაღაც საინტერესო, თუნდაც მის იდეებს არ იზიარებდნენ. 
მეთვალყურს ოჯახისა და პარტნიორის დაცვა კარგად გამოსდის, თუმცა შეიძლება მათი კონტროლიც მოუნდეს: მეუღლეს დაუწყოს სწავლება, როგორ მოიქცეს ან კონკრეტულ სიტუაციებში რა დამოკიდებულება ჰქონდეს, რაც ძალიან ცუდია.
მეთვალყურეს ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს და სოციალურ აქტივობებში შეიძლება თავისი პარტნიორის ჩართვაც მოუნდეს. ადამიანების გრძნობებს ბუნებრივად ვერ ხვდება და ამ მხრივ დაუკვირვებელიც კია. მეთვალყურე თავის მოვალეობებს სიხარულით ასრულებს და უნდა, ამისთვის აფასებდნენ. მადლიერება – ესაა უდიდესი საჩუქარი, რისი მიცემაც პარტნიორს მეთვალყურისთვის შეუძლია.

მეთვალყურე, როგორც მშობელი

მეთვალყურე მშობლის პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდება და ბავშვებს პასუხისმგებლობის მქონე, დამოუკიდებელ ადამიანებად ზრდის.
მეთვალყურესა და მის შვილს შორის მშობელი-შვილის ბარიერი იქმნება, რადგან მეთვალყურე შვილებისგან პატივისცემასა და დაფასებას მოითხოვს, ხოლო წესიდან გადახვევას არ პატიობს.
მეთვალყურე არაეფექტურობასა და არეულობას ვერ იტანს, არც ის უყვარს, როცა შეცდომებს იმეორებენ. ინდივიდუალიზმი და დაუმორჩილებლობა აშინებს და ბავშვი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტად აკონტროლებს. მეთვალყურე უკიდურესად პრაქტიკულია და ინტუიტიური ბავშვის კრეატიული წარმოსახვის უნარს არც აფასებს და ვერც იგებს, არც დინების მიყოლას სწყალობს. ეს მოუთმენლობა მეთვალყურის სუსტი წერტილია. მას უნდა ახსოვდეს, რომ ის, რაც მისთვისაა სწორი, აუცილებელი არაა მისი ბავშვებისთვისაც სწორი იყოს.
ბავშვები მეთვალყურეს იხსენებენ, როგორც სანდო, მკაცრ, ტრადიციულ და თავდადებულ მშობელს.