იდეალისტს არ სურს ნებისმიერი საქმე აკეთოს და ნებისმიერ კარიერას გაჰყვეს, მას პიროვნული კმაყოფილების მიღება უნდა, – იმის გაკეთება, რაც უყვარს. ამასთან ერთად, იდეალისტი იდენტობის ძიებაშია. კარიერის არჩევამდე, იდეალისტს საკუთარი თავისა და ადგილის პოვნა უნდა. ის ისეთ კარიერას ეძებს, რომელიც მის უნიკალურ შესაძლელობებს გაუსვამს ხაზს და მის დრაივსა და ვნებას გააღვიძებს. იქედან გამომდინარე, რომ სამუშაო ადგილების უმრავლესობაში იდეალისტი შთაგონებას ვერ პოულობს, ხშირად უკმაყოფილებას განიცდის. საგანმანათლებლო ხარისხიც რომ ჰქონდეს, გრძელვადიანი კარიერული კმაყოფილების მიღწევა უჭირს. სტუდენტობის პერიოდში იდეალისტს შეიძლება უჭირდეს სპეციალობის არჩევა, რომელიც მის უნარებს, ინტერესებს და  შესაძლებლობებს შეესაბამება. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, იდეალისტის ცვალებადი ბუნებაა. ENFP-ს მსგავსად, ის მოთმინებას კარგავს, როცა ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებს ან ერთსა და იმავე საკითხს შეისწავლის. საბედნიეროდ, რადგან ინტროვერტია, როცა იგრძნობს რომ ყველა შესაძლებლობა საკმარისად გამოიკვლია, შეუძლია ინტერესები თანდათანობით შეამციროს. პრობლემა ისაა, რომ ამას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს და კარიერაში მიმართულება მხოლოდ 30 წლის შემდეგ აირჩიოს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საეჭვოა, თუ იდეალისტი სკოლის მერე პირდაპირ მთავარ მიმართულებას ირჩევს. 

იდეალისტი ნებისმიერი სახის მოჩვენებითმა ბარიერმა შეიძლება შეაჩეროს. INFJ-ს მსგავსად, რისკებზე წასვლის ეშინია, ჰგონია, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს კარგად არ იცნობს. ზოგი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი თავის დაუმთავრებელ პროექტებს გადახედავს და ფიქრობს, შეძლებს თუ არა ოდესმე ისეთი რამის პოვნას, რასაც ეძებს. აუცილებელია იდეალისტმა გააცნობიეროს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნორმალურია. ფაქტია, რომ საკუთარი თავის საპოვნელად მას მეტი ექსპერიმენტი სჭირდება. ყველა ეს გამოცდილება და გაკვეთილი, რასაც ის ისწავლის, განვითარებაში დაეხმარება.

იდეალისტს რეალისტური (საგნებთან, ცხოველებთან, მექანიკასთან მუშაობა) სფერო  INFJ-ზე მეტად იზიდავს, გარეთ ყოფნა და ბუნებაში ჩაძირვა უყვარს. შეიძლება შემოქმედებითი ან კვლევითი სფეროთიც დაკავდეს, რომელიც რეალისტურ ელემენტს შეიცავს. მაგალითად, შეუძლია გააგრძელოს სატყეო მეურნეობის, გარემოსდაცვითი მეცნიერებების, ლანდშაფტური არქიტექტურისა და ვეტერინარიის კარიერა. 

კვლევით სფეროში შეიძლება ისწავლოს მათემატიკა, ფიზიკური მეცნიერებები, ტექნოლოგია, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ. 

იდეალისტი ხშირად სოციალურ მეცნიერებებს (ისტორია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, გეოგრაფია, პოლიტოლოგია და ა.შ.) სწავლობს. ეს ფსიქოტიპი ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებს თავისუფალი ხელოვნების, თეოლოგიის, სამართლის მიმართ. 

კვლევის თანახმად, იდეალისტი ყველაზე თავდაჯერებულად თავს შემოქმედებით საქმიანობაში გრძნობს. ის მიჰყვება მუსიკალურ, თეატრალურ, სახვითი ხელოვნების, სამკურნალო ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის და მსგავს კარიერას. ასევე შეიძლება ისწავლოს კრეატიული მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა. იდეალისტს აქვს პოტენციალი, გახდეს კარგი პოეტი, ან მწერალი.

ადამიანებთან ურთიერთობით დაინტერესებული იდეალისტი ჯანდაცვის, კონსულტაციისა და ფსიქოლოგიისკენ იხრება და დიდ ჯგუფებთან კომუნიკაციას ერთი-ერთზე ურთიერთობა ურჩევნია. 

მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო კარიერას ერიდება ხოლმე, იდეალისტმა ინტერესი ამ სფეროს მიმართაც შეიძლება გამოამჟღავნოს. თუ საკმარისი ამბიცია და გეგმის მიყოლის უნარი აქვს, სამეწარმეო საქმე კარგად გამოსდის. მეწარმეობა მას ორგანიზაციული სტრუქტურებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს და იმ თავისუფლებას ანიჭებს, რაც სასოწარკვეთით სურს, რომ მოიპოვოს. იდეალისტი, რომელიც საკუთარ ბიზნესს იწყებს, არაკომერციულ გზას ირჩევს. ზოგიერთი საკუთარი მხატვრული ქმნილებების მარკეტინგით კავდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული (მონაცემებთან მუშაობა, სტრუქტურირებულ გარემოში) სამუშაოს შესრულება იდეალისტს კომპეტენტურად შეუძლია, ასეთი კარიერა მრავალფეროვნებასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს არ იძლევა, ეს უკანასკნელი კი იდელისტის სამუშაოთი კმაყოფილებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა.