სტრატეგი ისეთ კარიერას ეძებს, რომელიც თავისი უნიკალური ტალანტებისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას მისცემს. უღიმღამო, ყოველდღიური საქმიანობები ამ ფსიქოტიპის შესაფერისი არ არის. საბედნიეროდ, სტრატეგისთვის კარიერის დიდი არჩევანი არსებობს. ამ ფსიქოტიპს ცვლილებების შემომტანის, რეფორმატორის როლი მოსწონს. რეფორმების სურვილის გამო მოღვაწეობა ბევრ სფეროში შეუძლია: პოლიტიკიდან დაწყებული, ბიზნესითა და განათლებით დამთავრებული. სტრატეგი სტრუქტურირებულ გარემოს ადვილად უმკლავდება და მისი სურვილი, დიდი სისტემის ნაწილი იყოს, ბევრ პროფესიულ კარს უღებს. ორგანიზაციებში, სადაც არა პოლიტიკისა და პოპულარობის, არამედ კომპეტენციის გამო აწინაურებენ, სტრატეგი მწვერვალისკენ გზას მალე იკაფავს, თუმცა უიმედოდ გრძნობს თავს, თუ ორგანიზაციულმა პოლიტიკამ რეალურ ცვლილებებსა და წინსვლაში ხელი შეუშალა.

რეალისტური (მუშაობა საგნებთან, ბუნებასთან, მექანიკასთან) სფეროთი დაინტერესებულ ფსიქოტიპებს ადამიანებთან მუშაობას საგნებთან მუშაობა ურჩევნიათ და არცაა გასაკვირი, რომ სტრატეგი ამ სფეროთი ინტერესდება, თუმცა სხვა მიმართულებებს მეტ უპირატესობას ანიჭებს. 

კვლევითი (ანალიტიკური, სამეცნიერო და აკადემიური ინტერესები) სფეროთი დაინტერესებული სტრატეგი შეილება როგორც რთული მეცნიერებებით (მაგ, ფიზიკა), ასევე სოციალური მეცნიერებებით (ეკონომიკა, ფსიქოლოგია, გეოგრაფია, პოლიტოლოგია) დაინტერესდეს. ფსიქოლოგიითა და სოციოკულტურული საკითხებით გატაცებული სტრატეგი ფილოსოფიას, კრიტიკულ თეორიასა და საგამოძიებო ჟურნალისტიკას შეისწავლის, შეიძლება ბედი არამხატვრულ მწერლობაშიც სცადოს. 

ნამდვილ ხელოვანს INT და INF ფსიქოტიპებს შორის იშვიათად იპოვით, თან სტრატეგი სიმართლის ძიებით უფროა დაკავებული, ვიდრე ხელოვნების შექმნით. მიუხედავად ამისა, თავისი შემოქმედებითი ნიჭი შეიძლება იდეების გამოსახატავად გამოიყენოს. 

სოციალურ კარიერას სტრატეგი ერიდება ხოლმე. ამ კარიერისთვის მამაკაცი სტრატეგი კიდევ უფრო შეუფერებელია. 

საწარმოში სტრატეგი კარგი კონსულტანტია და ხარვეზების დიაგნოსტიკას ახდენს. მან შეიძლება მოირგოს მენეჯერისა და ხელმძღვანელის როლიც. უფრო მაღალ საფეხურზე, შეუძლია დაიკავოს ხელმძღვანელის, სტრატეგიული მგეგმავის, ოპერაციების მენეჯერის პოზიცია. 

მართალია, ტრადიციული სამუშაო (ბუღალტრული აღრიცხვა, სამდივნო და ადმინისტრაციული სამუშაოები, საბანკო საქმე, ანგარიშსწორება და ტექნიკური წერა) იშვიათადაა სტრატეგის პრიორიტეტი, თუმცა თუ საჭირო გახდა, მისი კომპეტენტურად შესრულებაც შეუძლია.