არტისტი გულთბილი, ნაზი ადამიანია და გრძელვადიან ურთიერთობებს ეძებს. მას თავისი პირადი სივრცე სჭირდება და სხვის ავტონომიასაც პატივისცემით ეპყრობა.

მეგობრობა

არტისტი საერთო ენას თითქმის ყველა ფსიქოტიპთან პოულობს, თუმცა ვისაც კარგად არ იცნობს, მათთან თავშეკავებულია. მას იმ ადამიანებთან ყოფნა სიამოვნებს, ვისთანაც საერთო ინტერესები აქვს. არტისტი ტოლერანტული არაა J ფსიქოტიპების მიმართ. მას თავისი გამორჩეულობა მოსწონს და არ უყვარს, როცა განსხვავებულობის გამო მკაცრად განსჯიან.

სიყვარული

არტისტი თბილი, გამცემი და ემოციურად ღრმაა, რასაც მხოლოდ ის ადამიანები ამჩნევენ, რომლებიც მას ძალიან კარგად იცნობენ. არტისტი ემოციებს ძალიან ძლიერად განიცდის და მიუხედავად იმისა, რომ უზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში ძალიან სერიოზულია. 
შეყვარება არტისტისთვის უდიდესი მოვლენაა. პირველ ფაზაში  სიამოვნებას ჰყავს შეპყრობილი და მომავალზე არ ფიქრობს. სერიოზულ ურთიერთობას როცა იწყებს, ერთგულია და პარტნიორის საჭიროებებს ყოველთვის ითვალისწინებს. პარტნიორის სიამოვნების მცდელობაში არტისტს შეიძლება საკუთარი სურვილები დაავიწყდეს. როცა შორდებიან, საკუთარ თავში იკეტება, გონებაში ურთიერთობის ყველა ასპექტს პერეფრაზირებას უკეთებს და ფიქრობს იმაზე, რა ვერ გამოვიდა. ამ დროს მეგობრებს შეუძლიათ, თვალი რეალობისთვის გაასწორებინონ და ცხოვრების გაგრძელების მოტივაცია მისცენ.
არტისტი, რომელსაც არ გაუმართლა და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი და მანიპულატორი პარტნიორი შეხვდა, დაუცველობისა და თვით-კრიტიკული ტენდენციების გამო, პოტენციური საშიშროების წინაშე დგება.
არტისტს პარტნიორთან ურთიერთობაში შეიძლება კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს. რადგან მისი დომინანტი ფუნქცია ინტროვერტული გრძნობაა, ეს ფსიქოტიპი ტკივილის მიმართ ძალიან დაუცველია. შეიძლება ზუსტად ამიტომაა სხვებთან თავშეკავებული და ყოველთვის იმას არ ამბობს, რასაც ფიქრობს და გრძნობს. ეს განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებში ჩანს. არტისტს სძულს კონფლიქტები,  დაპირისპირებებისა და არგუმენტების გამკლავება მისთვის რთულია და ასეთ სიტუაციებს პიროვნულ შეტაკებად იღებს. 
არტისტის გულჩათხრობილობის გამო მისმა პარტნიორმა ინტიმური ურთიერთობა შეიძლება მუდმივად გადადოს. ზოგი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი, როცა საკუთარ მოთხოვნილებებსა და სურვილებს გამოხატავს, აღმოაჩენს რომ სხვები აკნინებენ და ზემოდან უყურებენ. 
არტისტი ბუნებით ძალიან პრაქტიკული და ცინიკურია, ამის გამო შეიძლება „გაწიწმატდეს“ და ან ურთიერთობა დაასრულოს, ან ურთიერთობის საკუთარი სარგებლობისთვის გამოყენება დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებში შეინიშნება, არტისტს, რომელიც გრძნობებს თანმიმდევრულად გამოხატავს, ეს ჩვევა არ ახასიათებს, ცხოვრებაზე ძალიან პოზიტიური შეხედულება აქვს და ისეთ ურთიერთობებსაც არ იწყებს, სადაც თავს გამოყენებულად გრნობს. 
არტისტმა პარტნიორს გრნობები თუ არ გაუზიარა, ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები შეიძლება შეიქმნას.  ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლებს შექება (ოღონდ არა გადამეტებული) უყვარს, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს. ყველაზე დიდი საჩუქარი არტისტისთვის მის მიმართ სიყვარულის გამოხატვაა.

არტისტი, როგორც მშობელი

არტისტს მშობლის როლი მოსწონს, ბავშვებით ამაყობს და მათთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. არტისტი ძალიან მშვიდი მშობელია, ბავშვების მიმართ მკაცრად განსაზღვრული მოლოდინები არ აქვს. ის ბავშვებს ნაზად ხელმძღვანელობს და კონკრეტულ მიმართულებას აძლევს, თუმცა მომთხოვნი არაა. არტისტი შვილებს ისე ექცევა, როგორც ინდივიდებს, რომლებსაც ოჯახში თავიანთი როლი აქვთ. არტისტს გართობა და მომენტით ცხოვრება უყვარს, ყველა ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი დიდი ბავშვია, ამიტომ ბავშვებთან თამაშითაც ერთობა. არტისტს ბუნებისა და ცხოველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და შესაძლოა, ბავშვები ბუნებაშიც გაიყვანოს ხოლმე. 
ბავშვების დასჯა და დისციპლინა არტისტისთვის რთულია. ნაზი ქცევებისა და კეთილი გულის გამო სხვების გულის ტკენა უჭირს. მიუხედავად ამისა, ბავშვების აღზრდისას სტრუქტურა და დისციპლინა მნიშვნელოვანია. ამაზე პასუხისმგებლობას მისი პარტნიორი თუ აიღებს, ყველაფერი კარგად იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საკითხს ყურადღების მიქცევა დასჭირდება. 
არტისტი სიყვარულს არა სიტყვებით, არამედ მოქმედებებით გამოხატავს. ის სერვისზე ორიენტირებული ადამიანია და საკუთარ ღირსებას იმით განსაზღვრავს, თუ როგორ აბედნიერებს სხვებს. არტისტის ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტად ისაა, რომ მომსახურებაზეა ორიენტირებული და თან საკუთარი გრძნობების და საჭიროებების გამოხატვა არ ახასიათებს. ამის გამო ამ ფსიქოტიპის ზოგიერთ წარმომადგენელს იყენებენ ხოლმე. ეს არტისტს ხშირად თუ დაემართა, მწარდება და ბრაზდება, თავს მსხვერპლად წარმოიდგენს და იმ ადამიანებისგან დასაცავად, ვინც გული ატკინა, ბარიერს აღმართავს. ეს სერიოზულ პრობლემად მაშინ შეიძლება იქცეს, თუ არტისტმა შეამჩნია, რომ მას საკუთარი შვილი იყენებს. ამ სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია, საკუთარი საჭიროებების სიტყვიერად გამოხატვას შეეცადოს. 
არტისტი ერთგული, თავდადებული მშობელია. როცა ბავშვები თავიანთ „ბუდეს“ ტოვებენ, მარტო ყოფნითაც სიამოვნებას იღებს. არტისტი საკუთარ თავს უფლებას თუ არ მისცემს, რომ მსხვერპლი და დაზარალებული გამოვიდეს, მისგან ძალიან კარგი მშობელი დადგება და ბავშვები სითბოთი და სიყვარულით გაიხსენებენ.