INTP-ს მსგავსად, ვირტუოზს თავისი შესაფერისი კარიერის პოვნა უჭირს. ის პრაქტიკული საქმიანობით ინტერესდება და ფიზიკური დატვირთვა მოსწონს. ბევრი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი სპორტითაა დაკავებული და მისი საქმიანობა ისეთ მრავალფეროვან პროფესიებს მოიცავს, როგორიცაა მზარეული, ავტო რემონტიორი, მშენებელი და ა.შ.

ვირტუოზს კარგი შემოსავლის მიღება და ისეთი პარტნიორის პოვნა ამოძრავებს, რომელთანაც ამ შემოსავლით სიამოვნებას მიიღებს. ფულით მოდის სტატუსი და პარტნიორის პოვნის მრავალი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, იმ სფეროში, რომელიც ამ ფსიქოტიპს შეეფერება, სიმდიდრისა და სოციალური სტატუსის მოპოვება ყოველთვის ადვილი არაა. გარკვეული გამონაკლისების გარდა, ეს სფეროები ვირტუოზს განსაკუთრებულ ფინანსურ მოგებას არ ჰპირდება. რა თქმა უნდა, ვირტუოზს ეს რთულ მდგომარეობაში აყენებს: მას სერიოზული გადაწყვეტილების მიღება უწევს, – არის კი მზად, სტატუსი და სიმდიდრე გვერდზე გადადოს და იმ კარიერას გაჰყვეს, რაც მის ბუნებრივ შესაძლებლობებსა და პიროვნებას კარგად ერგება? სტატისტიკის მიხედვით, ამ ფსიქოტიპის წარმომადგებლების ნაწილი სტატუსსა და სიმდიდრეს ირჩევს, ნაწილი კი სამსაურით კმაყოფილებას.

ამ საკითხს კიდევ უფრო ართულებს ის პოპულარული შეხედულება, რომ უნივერსიტეტში ყველამ უნდა ჩააბაროს. ამ ფსიქოტიპის ზოგიერთ წარმომადგენელს საგანმანათლებლო ხარისხი სჭირდება კიდეც, თუმცა ზოგი უკეთესია, თეთრსაყელოიანი სამსახურისთვის მზადების ნაცვლად, რაღაც პროფესიულ საქმიანობას დაეუფლოს. 

ვირტუოზის მრავალფეროვნების მოთხოვნილება შეიძლება ბიზნესმა დააკმაყოფილოს, კერძოდ, მოგზაურობის პერსპექტივამ ბიზნესში.  როგორც წესი, ეს სფერო გაყიდვებს, მარკეტინგსა და კლიენტთა მომსახურებას მოიცავს, რაც ვირტუოზს არ ხიბლავს. მართალია, ამ ფსიქოტიპს გაყიდვებში მოღვაწეობის უნარი აქვს, მაგრამ მისთვის ეს საქმე დამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი საქმიანობა ინტროვერტული სახის დავალებებით არაა ბალანსირებული. 

ბევრმა ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელმა საკუთარი თავი მენეჯმენტში შეიძლება სცადოს. სამწუხაროდ, ვირტუოზს სხვების მართვა არ აინტერესებს და არც ამის უნარი აქვს, მას მხოლოდ საკუთარი თავის მართვა უნდა. ამის გამო კორპორაციულ სამყაროში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ვირტუოზს საკუთარი მცირე ბიზნესის ხელმძღვანელობა უკეთესად გამოსდის.