ვირტუოზი ძალიან უნარიანი ადამიანია და რაც აინტერესებს, თითქმის ყველაფერი კარგად გამოსდის. ის მომენტით ცხოვრობს და საკუთარ თავზე გრძელვადიან ვალდებულებებს არ იღებს ხოლმე.

მეგობრობა

ვირტუოზს ცხოვრების მიმართ ენთუზიაზმით სავსე, ბავშვური მიდგომა აქვს, რაც სხვების თვალში მიმზიდველს ხდის. ინტროვერტობა მას ხელს უშლის, მთლიანად არასერიოზული და ჰედონისტური იყოს. მისთვის თითქმის ყველა სახის ქცევა მისაღებია, ამის გამო მეგობრები აფასებენ ხოლმე. ვირტუოზს ისეთი მეგობრები ჰყავს, რომლებთანაც საერთო გატაცებები აქვს: ზოგთან თხილამურებით სრიალებს, ზოგთან ბილიარდს თამაშობს და ა.შ. ისეთი ადამიანებით არ ინტერესდება, ვისთანაც საერთო ინტერესები არ გააჩნია. ვირტუოზს N ფსიქოტიპების გაგება უჭირს და საერთო ჰობი თუ არ ექნებათ, ნაკლებად სავარაუდოა, მათი მეგობრობა შედგეს. თავშეკავებულ ვირტუოზს ექსტრავერტები უყვარს, მათი ენთუზიაზმით სავსე, ლაპარაკის მოყვარული ბუნება მისთვის მიმზიდველია, თუმცა მათგან ნელ-ნელა იღლება.

სიყვარული

ვირტუოზი ძალიან საინტერესო და ინტენსიური პიროვნებაა. ის დისტანციური და რთულად შესაცნობი ჩანს, ასევე ძალიან მიწიერი და გრძნობადია, რაც საპირისპირო სქესისთვის ხშირად მიმზიდველს ხდის. ვირტუოზი აწმყოთი ცხოვრობს და არც რუტინა და განრიგები უყვარს და არც სხვისი კონტროლის ქვეშ ყოფნა. ის სასტიკად დამოუკიდებელია და საკუთარი სივრცე სჭირდება. ვირტუოზისთვის ურთიერთობა თუ დამღლელი ან შემავიწროვებელი აღმოჩნდა, ან მის გამოსწორებას შეეცდება, ან მიატოვებს. როცა ვირტუოზი ამბობს „თანახმა ვარ,“ ნიშნავს „თანახმა ვარ ამ წუთას.“ გრძელვადიანი პასუხისმგებლობების აღება არ უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთობები ყოველდღე აქვს.
ვირტუოზს უნდა, პარტნიორთან საერთო ინტერესები ჰქონდეს, თუმცა მასთან საუბარი საერთოდ არ ადარდებს. ვირტუოზს შეკეთება უყვარს და ურთიერთობაში შეიძლება პრობლემა იმიტომ გააჩინოს, რომ მერე მისი მოგვარებით გაერთოს. საკუთარ შეხედულებებს არ გამოთქვამს ხოლმე, სხვებს უსმენს და კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის ასარიდებლად მეტ კითხვას სვამს. ეს მისი პარტნიორისთვის დამღლელი შეიძლება იყოს.   
ვირტუოზი გადაწყვეტილებებს თავისთვის იღებს, აზრებს სხვებს არ უზიარებს. სხვებთან ურთიერთობისას ინფორმაციის მოგროვების პროცესშია, შესაბამისად აზრების გამოხატვის ნაცვლად, კითხვებს სვამს. მას უბრალოდ სურვილი არ აქვს, საკუთარი თავი სხვების წინაშე გააშიშვლოს. ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელთა უმეტესობას თავის ღრმა გრძნობებთან გამკლავების ეშინია. გრძნობითი მხარე ყველაზე ნაკლებად აქვს განვითარებული, შესაბამისად ამ საკითხში ძალიან დაუცველი და სუსტია. საკუთარ თავს ბოლომდე იმიტომაც არ ამჟღავნებს, რომ გრძნობების დაცვას ცდილობს. იმის მიუხედავად, რომ ვირტუოზს გრძნობითი მხარე კარგად არ აქვს განვითარებული, ადამიანების მიმართ ინტენსიური გრძნობები გააჩნია, თუმცა ემოციებს ნაკლებად გამოხატავს, ან თუ მათი გამოხატვა მაინც მოინდომა, არაადეკვატურად და არასათანადოდ იქცევა. 
ურთიერთობა დასასრულისკენ თუ მიექანება, ვირტუოზი თავს უღონოდ გრძნობს, მისთვის მტკივნეული გრძნობების გამოაშკარავება და პარტნიორის გრძნობების მოსმენა რთულია. უსიამოვნო რეალობას ის უგულებელყოფს და ურთიერთობას ჩვეულებრივად აგრძელებს. თუ ცხადი გახდა, რომ გაგრძელება არ ღირს, სტოიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და რამხელა ტკივილსაც არ უნდა გრძნობდეს, ცხოვრებას მარტო აგრძელებს. 
სხვა ფსიქოტიპებისგან განსხვავებით, ვირტუოზი ერთ დღეს, კონკრეტულ მომენტში ძლიერ სიყვარულს გრძნობს. ერთ დღეს პარტნიორზე სრულიად შეყვარებულია, მეორე დღეს საერთოდ არ აინტერესებს. ეს დამოკიდებულება ბევრი ფსიქოტიპისთვის გაუგებარია, შესაბამისად, ვირტუოზს „მერყევს“ ან „ცივს“ უწოდებენ. რეალურად ის არც მერყევია და არც ცივი, უბრალოდ მომენტით ცხოვრობს და დინებას მიჰყვება. 
ვირტუოზისთვის ქორწინება საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლაა, თუმცა ის, ვინც ამ ნაბიჯს დგამს, ასეთი ურთიერთობის სასარგებლო მხარესაც აღმოაჩენს და ისევ დღევანდელი დღით ცხოვრებას გააგრძელებს.

ვირტუოზი, როგორც მშობელი

ვირტუოზი მშვიდი მშობელია, ბავშვების გაკონტროლება არ უყვარს. ის ბავშვებს ბევრ თავისუფლებას ანიჭებს, თუმცა როცა დისციპლინა საჭიროა, მისი წარმართვა ბევრი გართულების გარეშე შეუძლია. ამას მართალია დიდი ენთუზიაზმით არა, მაგრამ ეფექტურად აკეთებს. 
ვირტუოზი ბავშვებთან დისტანციას ინარჩუნებს. შვილებზე თავისი ღირებულებების გადაცემის დიდი სურვილი არ აქვს და არც მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა არ უნდა. ბავშვებისთვის სტრუქტურული გარემოს შექმნაში ვირტუოზი თავის პარტნიორს ენდობა. ოჯახის ყოველდღიურ საქმეებში არაა ჩართული. ვირტუოზს სიამოვნებს ბავშვებთან ერთჯერადად სათევზაოდ წასვლა, ნავით სეირნობა, ნადირობა და ა.შ. მხოლოდ ამ დროს ეძლევა შესაძლებლობა, ბავშვების შეხედულებებს გაეცნოს და მათ თავისი გაუზიაროს.