შთამაგონებელი, ენერგიული, კრეატიული – ინოვატორის ფსიქოტიპს ძირითადად ამ სამი სიტყვით აღწერენ ხოლმე, თუმცა გასაგებია რატომაც! დღეს განვიხილავთ იმ თვისებებს, რაც ინოვატორს, ამ იდეალისტ ფსიქოტიპს ახასიათებს. 

შენ შესაძლებლობები აღგაფრთოვანებს

როგორც ინოვატორი, შესაძლებლობების ჯადოსნობით არსებობ. იპყრობ ახალ ტერიტორიებს, ჩვეულებრივს გარდაქმნი და მიუღწეველის მიღწევის სურვილი გამბედაობასა და იმედს გაძლევს.

ადამიანებს გინდა სიღრმისეულად გაუგო

შენ გესმის, რომ ადამიანის ბუნება მრავალშრიანია. ყველაზე მეტად ბუნებრივობა გაინტერესებს და ცდილობ, რომ გულწრფელი ატმოსფერო შექმნა. გინდა, რომ ადამიანებმა თავიანთი როგორც ნათელი, ისე ბნელი მხარეები გამოააშკარავონ, ამისთვის კი მათ უსაფრთხოებას უქმნი.

შენ გხიბლავს არასტანდარტული

შენი ცნობისმოყვარეობა მაშინ იღვიძებს, როცა ისეთ ვიღაცას ხვდები, ვინც ტრადიციულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. შეიძლება ამ არაკონფორმისტს არც ეთანხმებოდე, მაგრამ მისი აზრის მოსმენა, მისი პერსპექტივის გაგება მაინც გსიამოვნებს. 

წესები და ავტორიტეტი არ აღგაფრთოვანებს

წესები იმისთვისაა, რომ დაირღვეს, ან მინიმუმ – შემოწმდეს. იმისთვის, რომ ვიღაცამ შენი პატივისცემა მოიპოვოს, შენს განზრახვებსა და მოტივებს უნდა ენდობოდეს. 

შენ კრეატიული ხარ

შენ ყოველდღიური ნივთების კრეატიულად გამოყენების ათასობით გზას ხედავ. ყველაფერი შენს გარშემო ახალი იდეებისა და კრეატიული პოტენციალის სათავეა.

ბრეინსტორმინგი შენი საყვარელი გართობაა

გიყვარს კრეატიულ ადამიანებთან იდეების გაცვლა-გამოცვლა, შესაძლებლობების პროგნოზირება, საკითხის სხვადასხვა რაკურსით დანახვა და მომავლისთვის საინტერესო იდეების შექმნა. 

ხშირად კარგავ ნივთებს

იდეებით ისე ხარ შეპყრობილი, რომ ყოველდღიური დეტალები გავიწყდება, ისიც, სად დადე ნივთები. სავარაუდოდ, ხშირად ვერ პოულობ ხოლმე გასაღებს, საფულეს ან სხვა საჭირო ნივთს. 

ერთ პროექტზე დიდხანს კონცენტრირება გღლის

პროექტის დაწყებისას სულ ახალ-ახალ რაღაცას ამატებ და ყველგან ახალ შესაძლებლობებს ხედავ. ამის გამო, საქმეს ნახევრად დასრულებულს ტოვებ და იმაზე მეტ პროექტს იწყებ, რამდენის დასრულებაც შეგიძლია.

ადამიანებთან კარგ კომუნიკაციას ამყარებ

ადმიანებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან იცნობ. შენი ენთუზიაზმი და გონებაგახსნილობა სხვებს იზიდავს. კონკრეტული იდეის, ამოცანის ან საჭიროებისთვის შეიძლება შესაფერის ადამიანს იცნობდე. 

შენ დარწმუნების უნარი გაქვს

ინსტინქტურად ხვდები ხოლმე, ადამიანებს ცხოვრებაში რა უნდათ ან სჭირდებათ. ფარული მოტივებისა და სურვილების ამოცნობა შეგიძლია, ამ მოტივაციებზე თამაშით ისიც იცი, შენს აზრზე როგორ გადმოიყვანო სხვები.

გადაწყვეტილების მიღება გიჭირს

იმის გამო, რომ ვარიანტების შექმნით უფრო ხარ დაინტერესებული, ვიდრე მათი შემცირებით, გადაწყვეტილების მიღება შენთვის წამებასავითაა. გინდა რომ ყველაფერი გამოსცადო.

სტრესში ყოფნისას ერთი მიმართულებით იყურები

ზოგადად, იმდენ შესაძლებლობას ხედავ, რომ ერთის არჩევა გიჭირს, თუმცა, ძლიერი სტრესის ქვეშ ერთი საქმით კავდები და სხვებს ივიწყებ. საქმის დასრულების სურვილი გიპყრობს და როცა გაწყვეტინებენ ან ყურადღებას გიფანტავენ, გიჟდები. ასეთ დროს, შენი წარმოსახვა და კრეატიულობა უცებ ქრება და მოულოდნელად იმ დეტალებზე იწყებ კონცენტრირებას, რომლებითაც სხვა დროს თავს არც კი შეიწუხებდი.

სათანადოდ ვერ აფასებ, რა დრო დაგჭირდება საქმის დასასრულებლად

ბევრი პროექტის დაწყება და გამოცდილების მიღება გიყვარს, მაგრამ გიჭირს იმის დადგენა, რამდენ ხანში მორჩები. შეიძლება გეგონოს, რომ საათები გაქვს სახლში რომ წახვიდე, შხაპი მიიღო, და მერე შეხვედრაზე წასვლა მოასწრო. სახლში მისვლისას კი აღმოაჩენ, რომ მარტო 10 წუთი გაქვს დარჩენილი.

თავდასაცავად იუმორს იყენებ

როცა ბევრ დაკითხვას გიწყობენ ან თავს დაუცველად გრძნობ, სარკასტული ხდები, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც პირადის დამალვას ცდილობ.

კარგს და ცუდს გრძნობ, მაგრამ ვერ ხსნი

მართალია, შეიძლება პოპულარულ საერთო ღირებულებებსაც იზიარებდე, მაგრამ შენი მორალი გკარნახობს რა არის კარგი და ცუდი და ამის გარე წყაროებით დადასტურება არ გჭირდება.

კარგად უმკლავდები დაბნეულობას და ქაოსს

ზოგიერთი ფსიქოტიპი დაბნეულობის დროს პანიკაში ვარდება, შენ კი ასეთ დროს არასტანდარტულ გამოსავალს პოულობ ხოლმე. შენ ხომ ისედაც ასე ფუნქციონირებ – დიდი რაოდენობის იდეასა და ვარიანტს განიხილავ. გიყვარს ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება და ინოვაციური გამოსავლის პოვნა.

შენ მეოცნებე ხარ

რეალურ სამყაროში ცხოვრებით სიამოვნებას იღებ, თუმცა მდიდარი წარმოსახვაც გაქვს. გიყვარს მომავლის შესაძლებლობების წარმოდგენა, – სად იმოგზაურებდი, როგორი იქნებოდა შენი იდეალური სამსახური ან ურთიერთობა. ეს ოცნებები ხშირად შთაგაგონებს ხოლმე და ახალი გამოცდილებებისკენ გიბიძგებს.

კარგად გამოგდის რამდენიმე საქმის ერთად გაკეთება

ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლა, კომპიუტერში ათასობით თაბის გახსნა, სადილის მომზადება და ამასობაში ცეკვა და ტელეფონზე ლაპარაკი, – გონების მუდმივ სტიმულაციას ასე ახერხებ.

მომავალზე ისე ხარ კონცენტრირებული, რომ აწმყო გავიწყდება ხოლმე

ოცნება შთაგაგონებს, მაგრამ ხშირად ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ რაღაც გაკლია. მომავალი შესაძლებლობებით ისე ხარ შეპყრობილი, რომ რეალობით სიამოვნების მიღება გავიწყდება. 

გამეორება გღლის

შენს სულს სიახლე და გარდაქმნები სწყურია. იმავე საქმის გამეორება და იმავე გამოცდილებების მიღება აპათიურს გხდის და დეპრესიაშიც კი გაგდებს.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.