რადგან ჩვენი საიტის მკითხველთა უმრავლესობა იდეალისტის ფსიქოტიპია, გადავწყვიტეთ, დღევანდელი სტატია მათთვის მიგვეძღვნა. ხშირად რთულია ხოლმე იმის გაანალიზება, რა გჭირდება. ზოგი ადამიანისთვის ეს დიდ დროსა და დაკვირვებას მოითხოვს. მართალია, ამის გაცნობიერება არაა ადვილი, მაგრამ აუცილებელია. 

საბედნიეროდ, იდეალისტს ყველაზე მეტად თვით-დაკვირვება უყვარს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავის შეცნობა მისთვის მარტივი პროცესია. იდალისტს დრო სჭირდება იმისთვის, რომ განაცალკევოს, რა სურთ ადამიანებს მის გარშემო და რა სურს თვითონ. ბევრი სხვა ფსიქოტიპის მსგავსად, განსაკუთრებით ახალგაზრდობის ასაკში, შესაძლოა საყვარელი ადამიანების მოლოდინებზე ბევრს დარდობდეს, ამიტომ დრო სჭირდება საკუთარ თავსა და ინტუიციას რომ ენდოს. 

მარტო გატარებული დრო

იდეალისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მარტო გატარებული დროა, ეს მისი ინტროვერტული პიროვნების ნაწილია. თუ საკუთარ თავს დრო არ დაუთმო, გადაიტვირთება და გამოიფიტება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებთან დაშორება უნდა, უბრალოდ სოციალური კონტაქტი ემოციურად და სულიერად ღლის. მარტო ყოფნისას იდეალისტი ხარშავს ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში შეისრუტა. თუ დაფიქრების და “გადახარშვის” საშუალება არ მიეცა, გადაიტვირთება და საკუთარ ჭურვზე აფეთქდება. იდეალისტს ისეთი ადამიანების წრე სჭირდება, რომლებსაც ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლისთვის მარტო გატარებული დრო და რომლებიც ამის გამო იდეალისტს თავს დამნაშავედ არ აგრძნობინებენ. 

ინსპირაცია და სიახლეები

იდეალისტს ისეთი რამის პოვნა სურს, რაც მას შთააგონებს და შინაგანი ვნებების გამოხატვის საშუალებას მისცემს. ამის გამო, ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელს ცხოვრებაში აუცილებლად სჭირდება ახალი იდეები და გამოცდილებები. მათ გარეშე იდეალისტი თავს უმოძრაოდ, ხაფანგში მოქცეულადაც კი იგრძნობს. რაც უფრო ნაკლებად შთაგონებულად გრძნობს თავს იდეალისტი, მით უფრო ნაკლებადაა ბედნიერი. მას იმდენად მდიდარი და კრეატიული შინაგანი სამყარო აქვს, საკუთარი თავის ამ ნაწილის შესწავლა მისთვის ნამდვილად საჭიროებაა. რომ იგრძნოს, რომ პროგრესირებს, იდეალისტს ყოველთვის სჭირდება ახალი ინსპირაცია და აღტაცება. ამის გამოა ხოლმე, ამ ფსიქოტიპის ბევრი წარმომადგენელი ერთი პროექტიდან მეორეზე, ერთი ჰობიდან მეორეზე ხტება, რადგან ეს მას სიცოცხლის ხალისს აძლევს.

შემოქმედებითი თავისუფლება

იდეალისტს კრეატიულობისთვის დრო და სივრცე სჭირდება, შეზღუდვებისგან თავისუფლად ყოფნა. ამის გამო, კარიერის ზოგიერთი მიმართულება შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს მისთვის, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მის შემოქმედებითობას ახშობს. იდეალისტს თავისი მდიდარი ფანტაზიის გამოყენება უნდა შეეძლოს, თუ რაღაც სახის კრეატიული აუთლეტი არ მიეცა, ცხოვრებაში უკმაყოფილების შეგრძნება ექნება. თუ იდეალისტს მიეცემა საშუალება რაღაც შექმნას და ამ პროცესში თავისუფლება იგრძნოს, ეს მას კმაყოფილებას მოუტანს და რეალიზების შეგრძნებას გაუჩენს.

ადამიანებთან ურთიერთობა

მიუხედავად იმისა, რომ იდეალისტს მარტო ყოფნისთვის დიდი დრო სჭირდება, მას ძალიან სურს კავშირები. იდეალისტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰყავდეს ადამიანი, რომელთანაც ღრმა და სულიერ კავშირს იგრძნობს, რაც კომუნიკაციის ზედაპირულ ასპექტებს უნდა გასცდეს. იდეალისტს სჭირდება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებთანაც თავის ყველაზე იდუმალ აზრებსა და სურვილებზე ისაუბრებს, რომლებიც მასაც გულს გადაუშლიან.

მოთმინება მის მიმართ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იდეალისტს ირგვლივ ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც მის მიმართ მოთმინებას გამოიჩენენ.  ამ ფსიქოტიპის წარმომადგენლები სამყაროს განსხვავებული თვალით უყურებენ და ყველაფერს თავისებური მიდგომით აკეთებენ. იდეალისტისთვის შინაგანი მორალი მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია გარშემომყოფებმა პატივი სცენ მის მნიშვნელობას. იდეალისტს სურს სამყარო შეცვალოს, ამისთვის კი ისეთი გარშემომყოფები სჭირდება, რომლებიც მხარს დაუჭერენ. თუ მოთმინებით სავსე ადამიანები არ ჰყავს ცხოვრებაში, იდეალისტი თავს დაკარგულად და უცხოდ იგრძნობს. 

………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.