უკვე დიდი ხანია, რაც ზღაპრების შესაძლო გავლენა ბავშვის განვითარებაზე სადაო საკითხს წარმოადგენს. ზღაპრები თაობებიდან თაობებს გადაეცემა და მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ: ბავშვებს ცხოვრების შესაწავლასა და მომავლისთვის მზადებაში ეხმარებიან.

რა გავლენას ახდენენ ეს საინტერესო ისტორიები? მართალია, ბავშვებს ყველა სახის ზღაპარს მხიარულად და ენთუზიაზმით ვუყვებით, მაგრამ ისინი შეიძლება უჩვეულო მესიჯების მატარებლები იყვნენ. ბავშვების მოწოდება თავგადასავლებისა და მეგობრების შეძენისკენ კარგია, მაგრამ ისიც აღსანიშნია, რომ ეს ზღაპრები ძალიან ძველია, ვადაგასულიც კი, დღეს ისინი ნაკლებად რელევანტური გახლავთ და ზიანის მომტანიც ხდებიან ხოლმე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის უარყოფითი გავლენა, რომელსაც  ზოგიერთი ზღაპარი გოგოების აღზრდაზე ახდენს. გსურთ, თქვენს შვილებს ასწავლოთ, რომ ქალი სუსტი და დაუცველი არსებაა, რომელსაც წარმატების მიღწევა მხოლოდ კაცის ჩარევით შეუძლია? სანამ ზღაპრებს შვილებს გაუზიარებთ, აუცილებელია მათი დედაარსი გამოიკვლიოთ და გაითვალისწინოთ, რა სახის ზემოქმედება შეიძლება ბავშვებზე, განსაკუთრებით კი – პატარა გოგოებზე მოახდინონ.

ხშირ შემთხვევაში, ზღაპრები გმირებზე მოგვითხრობს, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან და მიზნებს აღწევენ. ეს გმირები მამაკაცები არიან, მაგრამ ქალების შემთხვევაში ყველაფერი საპირისპიროდ ხდება.

ტყვე მხსნელის მოლოდინში

ბევრ ზღაპარში ქალი კოშკშია გამომწყვდეული, რომელსაც ბოროტი გმირი ან დრაკონი იცავს. ეს დრაკონი ხშირად ქალის მამად მოიაზრება ხოლმე, რომელსაც ის ხაფანგში ჰყავს გაბმული და მოგზაურობის დაწყების ნებას არ აძლევს. გოგო იძულებულია, თავის მხსნელს – მომხიბლავ პრინცს ან რაინდს დაელოდოს, რომელიც დრაკონს შეებრძოლება, მას გაათავისუფლებს და ეს ამბავი ბედნიერი ქორწილით დასრულდება. 

ამბიცია მხოლოდ ბოროტ გმირებს აქვთ

ზღაპრებში სხვადასხვა თვისების ქალები გვხვდებიან. ერთი მხრივ, ისინი ბოროტი ჯადოქრები და დედინაცვლები არიან, რომლებიც როგორც წესი, ზღაპრის ბოლოს კვდებიან; მეორე მხრივ კი უმანკო, ლამაზი და სათნო არსებები. ამბიციური ქალები ზღაპრებში ყოველთვის ბოროტ, მახინჯ და ინტრიგან გმირად წარმოგვიდებიან, რომლებიც სხვა ქალებსა და მამაკაცებს იმორჩილებენ. ასეთი მაგალითია დედინაცვალი „ფიფქიაში“, „კონკიასა“ და „ჰენზელსა და გრეტელში.“ დედინაცვლები ზღაპრებში პატივმოყვარე, შურიანი და ამაყი ქალები არიან. ამ თვისებებს მათი ჯადოქრობაც ემატება.

პასიურობა

პასიურობა ქალისთვის ყველაზე ღირებული ატრიბუტია, რასაც ცხოვრებაში შეიძლება ფლობდეს. ეს არ გახლავთ ქალი, რომელსაც არასასურველი ვითარებიდან თავის გამოხსნა შეუძლია, – ის მამაკაცმა უნდა გადაარჩინოს. მძინარე მზეთუნახავს ასი წელი ძინავს და მხოლოდ პრინცის კოცნის შემდეგ იღვიძებს. კონკია თავის უმწეო ყოფას პრინცის საშუალებით აღწევს თავს. 

ახალგაზრდობა სილამაზეა, სიბერე კი – სიმახინჯე

ზღაპრებში ახალგაზრდა ქალები ლამაზები და უფრო სამართლიანები არიან, ვიდრე ხანდაზმული ქალები. სილამაზე ინტელექტთან, უნარიანობასთან, ღირსებასა და მორალთან ასოცირდება. ზარმაცი და ხანშიშესული ქალები, როგორც წესი, მახინჯები არიან და მთავარი გმირით სარგებლობენ. ალის ნეიკირკი თავის ესეში აღნიშნავს, რომ  ქალების ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ზღაპრებში ძალაუფლებას ფლობს, ასექსუალი ფერიები არიან: „ეს ყველაფერი მკითხველზე ახდენს ზემოქმედებას – რომ არსებობს კავშირი ქალის სექსუალობასა და ბოროტებას შორის.“

ზღაპრების გავლენა რეალურ ცხოვრებაში

იყო დრო, როდესაც ქალები სახლში, მშობლებთან რჩებოდნენ მანამ, სანამ ისეთ კაცს არ შეხვდებოდნენ, რომელიც მათ რჩენას შეძლებდა. დღეს ყველაფერი სხვანაირად ხდება: ქალებიც „გმირის მოგზაურობით“ ცხოვრობენ, ცხოვრების წესს თვითონ ირჩევენ, იქმნიან კარიერას, მიდიან სამოგზაუროდ და აკეთებენ ყველაფერს, რასაც მამაკაცები აკეთებენ. ბავშვებს კი, რომლებიც ამ ზღაპრებს კითხულობენ, ქალის როლზე მოძველებული შეხედულებები შეიძლება შეექმნათ და ეს მათ ამბიციაზეც უარყოფითად აისახება.

ზოგიერთი კვლევის თანახმად, გოგოების უმრავლესობას, რომლებიც ბევრ ზღაპარს კითხულობდა, დაბალი თვითშეფასება გამოუვლინდა. ეს შეიძლება პრინცესის იმიჯის გავლენით იყოს გამოწვეული, რომელიც ლამაზი და ტანადი მზეთუნახავის ხატს ქმნის, რომელიც ყველა მამაკაცს იზიდავს. ეს ზღაპრები გარეგნობას უსვამენ ხაზს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან თვისებას პრინცესებში. ასეთი მაგალითები გოგონებში ამბიციურობას ახშობს და თუკი ისინი სილამაზის იდეალის სტერეოტიპულ მოდელს არ შეესაბამებიან, მათ თვითშეფასებასაც დიდ ზიანს აყენებს.

ბევრი ქალი ისეთ მამაკაცს ელოდება, რომელიც „მიმზიდველი პრინცის“ იმიჯს მოერგება. ეს ყველაფერი კი ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს იმ გოგოებში, რომელთა ცხოვრებაც ისე არ განვითარდება, როგორც წამოდგენილი ჰქონდათ. 

ამის გარდა, ზღაპრებში ვერ ვიგებთ, პრინცესასა და გმირის ქორწინების შემდეგ რა ხდება. ამ ყველაფერზეა შუახნის ასაკის კრიზისი დაფუძნებული.

დღევანდელ კულტურაში ქალისა და კაცის როლები იცვლება. დისნეის ზღაპრებში, როგორებიცაა „პატარა ქალთევზა“ და „ურჩხული და მზეთუნახავი,“ ქალები უფრო პოზიტიურად არიან წარმოდგენილნი. მათ არჩევანის მეტი თავისუფლება აქვთ და ოცნებების ახდენას ცდილობენ. სხვა ქალი პერსონაჟებიც, მაგალითად, რაპუნცელი და შაჰერეზადა, პასიურები და ჩუმები არ არიან. ისინი საკუთარ შინაგან ხმას ეძებენ და სოციალურ ამბიციებს სიტყვებად გარდაქმნიან. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება იმაზე ფიქრიც კი დაიწყოთ, რომ ზღაპრები თქვენი შვილებისთვის ცუდ გავლენას ახდენს. თუმცა სტატიის მიზანი ეს სულაც არ არის. ჩვენ გვსურდა იმ უარყოფით შედეგებზე გაგვესვა ხაზი, რომლებიც ზოგიერთი დრომოჭმული ზღაპრის კითხვამ შეიძლება გამოიწვიოს. 

ზღაპრები წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარს უწყობს ხელს და პატარებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მთავარი ისაა, დარწმუნდეთ, მათი წაკითხვისას რა აზრებს უნერგავთ ბავშვებს. ის თემები, რომლებზეც აქცენტია გაკეთებული, მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელი ხდება და იმაზე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე თავად ზღაპარი გრძელდება.