დღეს ნეირომეცნიერების მიღწევები გვეხმარება ვიზუალურად წარმოვაჩინოთ ფიზიკური რეაქციები იმ გრძნობაზე, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვუწოდებთ. ამასობაში, ფსიქოლოგები გვეხმარებიან გავიგოთ, რას ვგრძნობთ, როდესაც გვიყვარს.

ფსიქოლოგ რობერტ სტერნბერგის სამკუთხა თეორია 7 ტიპის სიყვარულს წარმოგვიდგენს. 

რა არის სიყვარულის სამკუთხა თეორია?

სტერნბერგმა პირველად სამკუთხა თეორია 1985 წელს წამოაყენა. ეს თეორია ცდილობს განსაზღვროს ინტერპერსონალური ურთიერთობების სხვადასხვა ელემენტები და აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება ისინი სიყვარულის 7 ტიპის შესაქმნელად გაერთიანდეს. 

ის იმ სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, რომელიც შტერნბერგის თქმით, ადამიანთა ურთიერთობების ღერძს წარმოადგენს: ვნება, მოვალეობა და სიახლოვე. ეს კომპონენტები ინდივიდუალურადაც ქმნიან სიყვარულის უმარტივეს ფორმებს: ვნებას გატაცება მოაქვს, სიახლოვე მოწონებას უდრის, ხოლო ერთგულება განყენებულად ცარიელ სიყვარულს ნიშნავს.

რაც შეეხება თეორიის სამკუთხა ნაწილს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ორი კომპონენტი დააკავშიროთ სიყვარულის უფრო რთული ტიპების შესაქმნელად. თითოეული კომბინაცია სამკუთხედის განსხვავებულ მხარეს ქმნის. 

თუ თქვენი ურთიერთობა ვნებასა და სიახლოვეს აერთიანებს, მაშინ რომანტიკული სიყვარული გაქვთ. სიახლოვე და მოვალეობა ერთად ამხანაგურ სიყვარულს გვაძლევს, ხოლო უმოქმედო სიყვარული მაშინ ჩნდება, როცა მოვალეობა და ვნება ხვდება ერთმანეთს. 

კიდევ არსებობს სრულყოფილი სიყვარული, რომელიც ამ სამივე კომპონენტის კომბინაციაა. მას ხშირად სიყვარულის იდეალურ ფორმას უწოდებენ, რადგან აერთიანებს ვნების ცეცხლს, სიახლოვის კომფორტს და მოვალეობისგან გამოწვეულ უსაფრთხოების გრძნობას.

კარგი იქნება ისიც რომ აღვნიშნოთ, რომ ეს სამკუთხედი აუცილებელი არაა ტოლგვერდა იყოს. სინამდვილეში, სამივე კომპონენტი თანაბარი ზომებით იშვიათად გვხვდება. მთავარია, ურთიერთობას სამივე კომპონენტის გარკვეული დონე ჰქონდეს.

სიყვარულის შვიდი ტიპის ახსნა

გატაცება (ვნება)

ვნებას, სიყვარულის ამ კომპონენტს ბევრი ჩვენგანი იცნობს. ის გვიჩქარებს გულს, მუცელში პეპლებს გვაგრძნობინებს, და ერთი ნახვით გვაყვარებს. 

მოწონება (სიახლოვე)

ვნებისგან განსხვავებით, სიახლოვე მხოლოდ პლატონური განცდაა. ესაა მეგობრობისა და სიახლოვის განცდა, როცა ვიღაც ისეთს ხვდები, ვისთანაც შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ. ვნებისა და მოვალეობის გარეშე, ეს გრძნობა მეგობრობად იქცევა, ან როგორც თეორია გვიჩვენებს, მოწონებად. 

ცარიელი სიყვარული (მოვალეობა)

მოვალეობა, აქტიური ნაბიჯების გადადგმა ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ხანგრძლივი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა როცა სიახლოვე და ვნება აკლია, პასუხისმგებლობას უფრო ემსგავსება, ვიდრე რომანტიკულ გრძნობას. 

ხშირად, როცა ხანგრძლივი ურთიერთობა ვნებას და სიახლოვეს კარგავს, ამ „ცარიელი სიყვარულის“ ეტაპზე გადადის. შტერნბერგი აღნიშნავს, რომ სიყვარული ამ ეტაპზე შეიძლება დაიწყოს კიდეც: ასეთია, მაგალითად, შეთანხმებული ქორწინებები.

უმოქმედო სიყვარული (მოვალეობა + ვნება)

როცა ვნების ცეცხლი და მოვალეობის კომბინაცია არსებობს, თუმცა არ მოგწონთ თქვენი მეორე ნახევარი, უმოქმედო სიყვარულს მიიღებთ. ასეთია ცნობილი ადამიანების ქორწინებები და სწრაფი ვეგასური ქორწილები – მხურვალე ურთიერთობები, რომლებსაც სიღრმე არ გააჩნიათ. სიახლოვის ნაკლებობა იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვნება სუსტდება, ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება ძნელი ხდება. ეს ასევე მოვალეობის დონეზეა დამოკიდებული, და თუ ის დიდია, დაშორებაც რთული ხდება.

რომანტიკული სიყვარული (ვნება + სიახლოვე)

რომანტიკულ სიყვარულში სიახლოვის კომპონენტს გონებრივი სიახლოვე მოაქვს, ვნებას კი ფიზიკური მიზიდულობა. 

რაც არ უნდა განსაკუთრებული იყოს ეს კომბინაცია, მოვალეობის ნაკლებობა ნიშნავს რომ რომანტიკული სიყვარული აწმყოზე უფროა ფოკუსირებული, ვიდრე მომავალზე. ეს გრძნობა ხშირია სიყვარულის ადრეულ, თავბრუდამხვევ ფაზაში. ამ პერიოდში ერთმანეთს სწავლობთ და გიყვართ, რასაც აღმოაჩენთ. ვალდებულების დამატებით, ეს სრულყოფილ სიყვარულში შეიძლება გადაიზარდოს, მის გარეშე კი ეს უბრალო მშფოთვარე რომანი იქნება.

ამხანაგური სიყვარული (სიახლოვე + მოვალეობა)

მოვალეობა და სიახლოვე ძლიერ ემოციურ კავშირს ქმნის. ამხანაგური სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე მეგობრობა. მიუხედავად ამისა, ვნების ნაკლებობა მას მოკრძალებულს და კომფორტულს ხდის – ასეთი რამ წლების ნაცნობობის შემდეგ მოდის. შტერნბერგი ამბობს, რომ ეს ფაზა სიყვარულის დასასრულს არ ნიშნავს, სინამდვილეში, ეს მშვიდი პერიოდი ურთიერთობის პროგრესის ნაწილია. 

ბევრი ურთიერთობა ამ ეტაპებიდან ერთს ან რამდენიმეს გადის, და შესაძლებელია რომ ძალიან ბედნიერი იყოთ ნებისმიერ მათგანში. 

თუმცა, სიყვარულის სამკუთხა თეორია ამბობს, რომ არის სიყვარულის ისეთი ტიპი, როგორიც სხვები ვერ იქნებიან –  იდეალური, ნამდვილი სიყვარული. ეს იმიტომ, რომ ის სამივე კომპონენტის არსებობას მოითხოვს. 

იდეალური სიყვარული (ვნება+ სიახლოვე + მოვალეობა)

როცა ვნებაც არსებობს, სიახლოვეც და მოვალეობაც, შედეგად სრულყოფილ სიყვარულს ვიღებთ. აუცილებელი არაა, სამივე კომპონენტი თანაბრად იყოს წარმოდგენილი, რომ იდეალური იყოს. 

როგორ გაიგოთ, გაქვთ თუ არა სრულყოფილი სიყვარული? თუ წლები გავიდა და საკუთარი თავი პარტნიორის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, თუ ისევ გსიამოვნებთ მათთან სექსი და თუ ისევ გამოყოფთ დროს ერთმანეთისთვის, მაშინ დიდი შანსია, რომ სრულყოფილების საფეხურს მიაღწიეთ.

შეიძლება ეს სამუდამოდ არ გაგრძელდეს – სიყვარულის სამკუთხედის ერთ-ერთი გაფრთხილება ისაა, რომ ურთიერთობები დროთა განმავლობაში ერთი წერტილიდან მეორეში გადადის, ან აღდგენისთვის ძალიხსმევა სჭირდება. თუმცა, ამისთვის მუშაობა ღირს – იდეალური სიყვარული განსაკუთრებული ნეტარებაა, კავშირი, რომელშიც წყვილები ერთმანეთს წლების განმავლობაში აღმერთებენ. ვის არ უნდა ასეთი ურთიერთობა?

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.