თუ მგრძნობიარე ადამიანი ხარ, შეიძლება მთელი ცხოვრება ისმენდი ასეთ რეპლიკებს: „უნდა გამკაცრდე,“ „უფრო ძლიერი უნდა იყო,“ „შეეცადე ემოციები მოთოკო,“ „ასე ძალიან რატომ დარდობ იმაზე, რას ფიქრობენ სხვები?“

მგრძნობიარე ადამიანებს საკუთარი მგრძნობიარობის ხშირად რცხვენიათ. მიჩნეულია, რომ მაღალი მგრძნობიარობის ადამიანს სხვებზე მეტად აწუხებს ძალადობა, სხვებზე მეტად უჩნდება დაძაბულობის ან გადატვირთულობის შეგრძნება; მაღალი მგრძნობიარობა ასევე დაკავშირებულია კრეატიულობის მაღალ დონესთან, ემოციურად მდიდარ ურთიერთობებთან და სილამაზის აღქმის უნართან.

მგრძნობიარე ადამიანები ძლიერად რეაგირებენ კრიტიკაზე, აქვთ მდიდარი შინაგანი სამყარო და თანაგრძნობის უფრო ძლიერი უნარი. 

ვარ თუ არა მგრძნობიარე ადამიანი?

ამერიკელი ფსიქოლოგი, ელაინ არონი მგრძნობიარობის განმსაზღვრელ ტესტს გვთავაზობს, რითაც შეგიძლია დაადგინო, ხარ თუ არა მგრძნობიარე. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არც ერთი ფსიქოლოგიური ტესტი არაა 100%-ით ზუსტი. 

არის თუ არა მაღალი მგრძნობიარობა დარღვევა? 

არონის კონცეფციის თანახმად, ეს არ არის ფსიქიური ჯანმრთელობის დარღვევა. როგორც პიროვნების სხვა ასპექტები, ეს თვისებაც თითოეულ ადამიანში სხვადასხვა ხარისხით არსებობს. მიუხედავად გარკვეული არახელსაყრელი მდგომარეობებისა, მაღალ მგრძნობელობას უპირატესობებიც აქვს. 

მგრძნობიარობა თანდაყოლილი მახასიათებელია და არა ნასწავლი თვისება. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მგრძნობიარე ბუნების შეცვლა. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის მიღება და შეყვარება. 

მეორე მხრივ, მგრძნობიარობა თან სდევს შფოთვასა და დეპრესიას. ასეთ დროს თერაპია კარგი გამოსავალია. 

რატომ არის ჩემი შვილი ასეთი მგრძნობიარე?

ბავშვებს, რომლებიც ადვილად ტირიან, ადვილია მათი სტიმულირება, ადვილად ვარდებიან სტრესში როცა სხვების ტკივილს ხედავენ, ეს თვისებები გენეტიკური და გარემო ფაქტორების ნაზავის შედეგად აქვთ თანდაყოლილი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ბავშვი მშობლისთვის დიდი გამოწვევაა, მხარდამჭერ გარემოში იფურჩქნებიან და წარმატებას აღწევენ.

მაღალი მგრძნობიარობა იგივეა, რაც ინტროვერსია?

მაღალი მგრძნობიარობა ინტროვერსიის სინონიმი არაა, თუმცა არონის მიხედვით, ამ თვისების მატარებელი ადამიანების უმრავლესობა (დაახლ. 70%) ინტროვერტები არიან. ინტროვერსია პიროვნულ თვისებას გულისხმობს, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ადამიანი მარტო ყოფნით ენერგიას აღიდგენს. მაღალი მგრძნობიარობა კი ემოციურ, ფიზიკურ და სენსორულ მგრძნობელობას გულისხმობს. 

გამოყენებული ლიტერატურა:

Aron, E., & Zhang, M. (2017). Are you highly sensitive? self test. In Gao Min Gan Zu Zi Zai Xin Fa: Ni Bing Bu Gu du, Zhi Shi Yu zhong bu tong = the highly sensitive person: How to thrive when the World Overwhelms You (pp. 60–62). essay, Sheng ming qian neng wen hua shi ye you xian gong si.

Highly sensitive person – psychology Today. (n.d.). Retrieved February 14, 2022, from https://www.psychologytoday.com/us/basics/highly-sensitive-person

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.