კოგნიტური ფუნქციები, ან როგორც კარლ იუნგი უწოდებს მათ, ფსიქოლოგიური ფუნქციები, გონებრივი პროცესებია, რომელიც ადამიანის ფსიქიკაში არსებობს. ფსიქოტიპების თეორიის წყარო სწორედ ეს კონცეფცია გახდა. იუნგი 4 ძირითად ფსიქოლოგიურ ფუნქციას გამოყოფს: აზროვნება, გრძნობა, აღქმა და ინტუიცია. მისი განმარტებით, ეს ფუნქციები ან ექსტრავერტულია(ანუ გარემოზე აკეთებს აქცენტს), ან ინტროვერტული(აქცენტს შინაგან სამყაროზე აკეთებს), ამ ტენდენციებს კი „დამოკიდებულებებს“ უწოდებს.

ექსტრავერტული აღქმა (SE)

ესაა ინფორმაციის გარე სამყაროდან მოგროვების პროცესი. ამ ფუნქციის მატარებელი ადამიანები სიამოვნებას მომენტით, აწმყოში მიმდინარე მოვლენებით, საგნებით, ბუნებით, ადამიანებთან ურთიერთობით იღებენ. ექსტრავერტული აღქმის მქონე ადამიანი როცა ხედავს ხეს, აღიქვამს მას ისეთს, როგორიც არის, ყველა დეტალით. ამ ფუნქციის მატარებლები გამოცდილებით ძალიან სწრაფად სწავლობენ. ობიექტური ფაქტების მომწოდებლები არიან და პრობლემის მოგვარების პრაქტიკულ გზებს პოულობენ. აქვთ ცვალებად გარემოსთან შეგუების უნარი, არიან სპონტანურები, ადაპტირებადები, თავგადასავლების მოყვარულები და გარემოსა და საკუთარ სხეულს კარგად იცნობენ. საუკეთესოდ მოქმედებენ კრიზისულ სიტუაციაში, როცა პრაქტიკული გამოსავლის პოვნაა საჭირო. ყოველდღიური მომენტებით სიამოვნების მიღება შეუძლიათ.

ეს ფუნქცია დომინანტია ESFP („იმპროვიზატორი“) და ESTP („ავანტიურისტი“) ფსიქოტიპებში.

ინტროვერტული აღქმა (SI)

ამ ფუნქციის მატარებელი შინაგან, სუბიექტურ სამყაროზე, პირად გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებზეა ფოკუსირებული. კარგად ამჩნევს დეტალებს. წარსულს ხშირად აწმყოს ადარებს. პირველი ხვდება, რომ ოთახში რამეა შეცვლილი, ან ვიღაც შეუსაბამოდ იქცევა. მოგონების გახსენება დეტალებში შეუძლია და ამ მოგონებებს მისთვის სუბიექტური მნიშვნელობა აქვს. ინტროვერტული აღქმის მქონე ადამიანი როცა ხეს ხედავს, ყველა ასოციაციასა და მოგონებას იხსენებს, რომელიც მსგავს საგანთან დაკავშირებით ჰქონია. შეიძლება გაახსენდეს, ბავშვობაში როგორ მიძვრებოდა ხეზე, რა სუნი ჰქონდა ბებიის გამომცხვარ ვაშლის ღვეზელს, ან როგორი შეგრძნება იყო, როცა შემოდგომის ნიავი დაუბერავდა. შეუძლია დაიმახსოვროს მოტოციკლეტის ძრავის დეტალებიც კი და გაიხსენოს, როგორ ჩასვას ერთმანეთში.

ბევრ ადამიანს ინტროვერტული აღქმა უბრალოდ ტრადიციისა და წარსულის სიყვარული ჰგონია. ესაა დროის სვლისა და აწმყოს წარმავლობის  გაცნობიერება. ამ ფუნქციის მატარებლები სიფრთხილეს იჩენენ, რომ უსაფრთხო მომავალი შეიქმნან.

მეხსიერების წყალობით ძალიან კარგ გამოსავალს პოულობენ, შეცდომებიდან სწრაფად სწავლობენ და მათ იშვიათად იმეორებენ. ისინი სანდოები არიან, უყვართ რუტინა და იმის ცოდნა, რას უნდა მოელოდონ. გარკვევით საუბრობენ და მნიშვნელოვან დეტალებსა და ფაქტებს ასახელებენ. ნდობა და სანდოობა მათთვის გადამწყვეტია. სხვებთან გასახსნელად დრო სჭირდებათ, მაგრამ როცა იხსნებიან, ძალიან ერთგული მეგობრები ხდებიან. 

ეს ფუნქცია დომინანტია ISTJ(„პრაგმატისტი“) და ISFJ(„მხარდამჭერი“) ფსიქოტიპებში.

ექსტრავერტული ინტუიცია (NE)

ინფორმაციის მოგროვების პროცესი, რომელიც თეორიულ კავშირებზე, ურთიერთობებზე, შესაძლებლობებზეა ფოკუსირებული. მისი მატარებელი ადვილად ხედავს, როგორ შეიძლება ტრანსფორმაციის მოხდენა და ყველაფერს რაღაცასთან ასოიაციაში ხედავს. „ყველაფერი დაკავშირებულია და ყველაფერი შესაძლებელია.“ 

ექსტრავერტული ინტუიციის მატარებელი ყოველთვის მომავალზე აკეთებს აქცენტს. ის ისეთი ადამიანების შთაგონების წყაროა, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების პრობლემებიდან გამოსავალს ვერ პოულობენ. ისინი ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს ენთუზიაზმით გადმოსცემენ, უყვართ ბრეინსტორმინგი, ლაპარაკის დროს ერთი იდეიდან მეორეზე ხტებიან და რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ, მით უფრო მეტ შესაძლებლობასა და შთაგონებას პოულობენ. 

ამ ფუნქციის მქონე ადამიანებს მეწარმეობის უნარი აქვთ. მათ არ სურთ წარმატების უკვე არსებული სქემის მიყოლა და ძალიან დამოუკიდებლები არიან. იდეალურად აფასებენ ადამიანის პოტენციალს, ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს ჯგუფში იღებენ და რისკებზე მიდიან. ისინი შეცდომებს ისე უყურებენ, როგორც სწავლის შესაძლებლობას და ურჩევნიათ გარისკონ და დამარცხდნენ, ვიდრე რუტინული, „უსაფრთხო“ ცხოვრებით იცხოვრონ. უყვართ ცვლილება, ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც დაბნეულობა დიდია და სადაც ახალი შესაძლებლობებია მოსაძებნი. 

ექსტრავერტული ინტუიციის მატარებელი ადაპტირებადი და სპონტანურია, ის ფანტაზიორი თეორეტიკოსია, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა, პოტენციალის რეალიზება, და ამ მიზნების მისაღწევად სხვების ჩართვა უნდა. ის ყველაფერს გლობალურ შკალაზე ხედავს და ყველასა და ყველაფერს შორის კავშირს პოულობს.

ეს ფუნქცია დომინანტია ENFP(„ინოვატორი“) და ENTP(„მოდებატე“) ფსიქოტიპებში.

ინტროვერტული ინტუიცია (NI)

ესაა ინფორმაციის მოგროვების პროცესი, რომელიც შინაგან, სუბიექტურ სამყაროზე აკეთებს აქცენტს და აბსტრაქტულ კავშირს პოულობს არაცნობიერსა და გარე სამყაროს შორის. ის ყოველთვის ფარული მნიშვნელობების, სიმბოლოების და აბსტრაქტული კავშირების გამოცნობას ცდილობს. ის გარეგან სტიმულირებაზე არაა დამოკიდებული და უკეთესად მაშინ მუშაობს, როცა შინაგან სტიმულირებაზეა მიმართული. ამ ფუნქციის მატარებელ ადამიანს აწმყოზე მეტად, სამომავლო შედეგები აინტერესებს. ინტროვერტული ინტუიციის მატარებელი მთლიანი სურათის გარჩევას იწყებს: „კიდევ რა ხდება აქ?“ „რა იმალება?“ არაცნობიერი სურათები მისთვის ისეთივე რეალურია, როგორც ნებისმიერი რამ, რაც ხელშესახებია. ის რეალურ სამყაროსა და საგნებს ხედავს, მაგრამ მხოლოდ მათი მნიშვნელობა, ინსაითი, სიმბოლიზმი აინტერესებს. ამის გამო, ინტროვერტული ინტუიციის მატარებელი ადამიანი ან სამყაროსგან ძალიან განცალკევებული ჩანს, ან რაღაცაზე ზედმეტად ფოკუსირებული. 

ის საუბრისას თეორიულ ენას მიმართავს. ახსნა უჭირს, იმიტომ რომ მისი აღქმა არა რეალური სამყაროდან, არამედ არაცნობიერიდან გამომდინარეობს. 

როცა პროექტზე მუშაობს, სურს ის ახალი, ინოვაციური მეთოდით გააკეთოს. უყვარს კომპლექსურობა, სხვების თვალში კი ყველაფერს ტყუილუბრალოდ ართულებს. კითხვებზე ძალიან ნელა პასუხობს. შეიძლება 10 წუთი ელაპარაკებოდე, მაგრამ ისევ იმ საკითხს უკეთებდეს ანალიზს, რომელიც მე-3 ან მე-4 წუთზე თქვი. 

ამ ფუნქციის მატარებლები კარგი სტრატეგიული მგეგმავები არიან და შესაძლო შედეგებს ხედავენ. მათ ასევე შეუძლიათ დაინახონ რა არის იდუმალისა და ტრანსფორმაციულის მიღმა. 

ეს ფუნქცია დომინანტია INFJ(„ემპათი“) და INTJ(„სტრატეგი“) ფსიქოტიპებში.

ექსტრავერტული აზროვნება (TE)

გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც ლოგიკურ განსჯას ინფორმაციის ორგანიზებისთვის, შეფასებისა და განსაზღვრისთვის იყენებს. ამ ფუნქციის მატარებელს გარე სამყაროში წესრიგის დანახვა უნდა და ლოგიკური სისტემებისა და წესების დახმარებით, ყველაფერს თავის ადგილს უჩენს. მას ფიქრის პროცესის გასაჯაროება უყვარს, არის ძალიან კარგი მგეგმავი, ყველა შესაძლო სცენარისთვის გეგმას ქმნის, რომ ყველაფრისთვის მზად იყოს. ის გადაწყვეტილებებს ადვილად იღებს და გაურკვევლობასა და პარადოქსს ვერ იტანს. დავალების შესრულებით სტიმულს იღებს. ამ კოგნიტური ფუნქციის მატარებელი ადამიანები ხშირად ქმნიან კანონებს, მოქმედების წესებს. ინტროვერტულად მოაზროვნეებისგან განსხვავებით, რომლებიც შინაგან კონტროლზე არიან ფოკუსირებულნი, ისინი წესებს გარე სამყაროსთვის ადგენენ. სჯერათ თანასწორობის; სხვების თვალში ხშირად მბრძანებლობის მოყვარული და განმსჯელი ჩანან, რადგან კრიტიკულად მოაზროვნეები არიან და შეცდომებს ადვილად ამჩნევენ. ამ ფუნქციის მატარებლებმა შეიძლება დროზე ადრე გამოიტანონ დასკვნები. განსაკუთრებით ის ფსიქოტიპები, რომელთათვისაც ეს ფუნქცია დომინანტია, გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობენ. ასევე შეიძლება ყველას დაუწყონ სწავლება, როგორ გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება და ამასობაში ვერ გააცნობიერონ, რომ ზოგ შემთხვევაში მათი რჩევა არასასურველია. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე მონაცემთა გაანალიზებაში დამხმარე ფუნქციებს გამოიყენებენ, ან სხვადასხვა პერსპექტივას გაითვალისწინებენ. 

საერთო ჯამში, ექსტრავერტული ინტუიციის მატარებელი მიზანდასახული, ლოგიკური და პროდუქტიულია. ის გულწრფელი, სამართლიანი ადამიანია, რომელიც აფასებს შრომისმოყვარეობასა და ერთგულებას.

ეს ფუნქცია დომინანტია ENTJ(„შეფი“) და ESTJ(„მეთვალყურე“) ფსიქოტიპებში.

ინტროვერტული აზროვნება (TI)

გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც ახალი სისტმების, კატეგორიებისა და სტრუქტურების შესაქმნელად სუბიექტურ პრინციპებსა და ლოგიკურ ჭეშმარიტებას იყენებს. ამ ფუნქციის მატარებელი ადამიანი სიზუსტესა და ლოგიკურ შეფასებაზეა ორიენტირებული. მის გონებაში სისტემათა კატეგორიები არსებობს, რომლებსაც მუდმივად აფართოვებს და აკონტროლებს. როცა ინფორმაციას მოიპოვებს, ის ან ამ სისტემას ამატებს, ან ჯერ გადახედვის პროცესს აწარმოებს, რომ ახალი მონაცემისთვის ადგილი გაათავისუფლოს. ის მხოლოდ იმ ჭეშმარიტებას იღებს, რომელიც კარგად გააანალიზა და შეაფასა. ობიექტურ ლოგიკას სუბიექტურ, შინაგან სისტემასა და პრინციპებთან მიმართებაში იყენებს. ის წესრიგსა და სიზუსტეს „შიგნით“ ხედავს. გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ლოგიკას იშვიათად ახმოვანებს. სამართლიანობისა და სიმართლის მტკიცედ სჯერა და ცდილობს მიუკერძოებელი და სამართლიანი იყოს.

ეს ფუნქცია დომინანტია ISTP(„ვირტუოზი“) და INTP(„ანალიტიკოსი“) ფსიქოტიპებში.

ექსტრავერტული გრძნობა (FE)

გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც არჩევანს აკეთებს ან მოქმედებს გარემოში ჰარმონიის შესაქმნელად. ის კულტურულ ღირებულებებს, საზოგადოებრივ სტანდარტებს ითვალისწინებს. ამ ფუნქციის მატარებელი პიროვნება სხვების კეთილდღეობით იმდენადაა დაინტერესებული, რომ მათ სურვილებსა და საჭიროებებს თავისზე წინ აყენებს. მისთვის გარშემო არსებული ჰარმონია შინაგან ჰარმონიას უდრის. ჯანსაღი ექსტრავერტული გრძნობის მატარებელი გულუხვი, გულწრფელი და ძალიან ემპათიურია, არაჯანსაღი კი მანიპულატორი და ყალბი.

ამ ფუნქციის მატარებელმა იცის, რა არის სწორი ქცევა, აქვს კარგი მანერები და ყველაფერს გააკეთებს, რომ ადამიანებს თავი კომფორტულად აგრძნობინოს. იმდენად არის სხვების პრობლემებით შეწუხებული, რომ მათ ტკივილს თვითონ განიცდის. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სხვამ სირცხვილი არ ჭამოს. სხვისი სირცხვილის გადასაფარად თავს დაიმცირებს. სხვებისთვის უფრო იმაღლებს ხმას, ვიდრე საკუთარი თავისთვის. ის ჯგუფის ხმაა, მაგრამ თუ პრობლემა მხოლოდ მას აწუხებს, ზომას იშვიათად მიმართავს.

საერთო ჯამში, ექსტრავერტული გრძნობის მატარებლები მზრუნველები არიან, ჰარმონიას ინარჩუნებენ და ადამიანებში ძლიერ მხარეებსა და ნიჭს ამჩნევენ.

ეს ფუნქცია დომინანტია ESFJ(„ენთუზიასტი“) და ENFJ („მენტორი“) ფსიქოტიპებში.

ინტროვერტული გრძნობა (FI)

გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც შინაგან, სუბიექტურ სამყაროსა და ეთიკაზე აკეთებს აქცენტს. ამ ფუნქციის მატარებელ პიროვნებას სურს ინდივიდუალიზმი, ნამდვილობა, პირადი მნიშვნელობა. არჩევანს შინაგანი ჰარმონიისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად აკეთებს. მას მტკიცე ღირებულებები გააჩნია. სხვების ცხოვრების წესისა და არჩევანის მიმართ გონებაგახსნილია და საკუთარი ღირებულებებისა და რწმენების შეურაცხყოფას ვერ შეეგუება. 

ინტროვერტული გრძნობა ყველა ფუნქციებზე მეტად სუბიექტურია. ის ინდივიდუალურ ჭეშმარიტებაზე, ეთიკაზე, გემოვნებასა და უპირატესობებზეა მომართული. ის კოლექტიური ან კულტურული ღირებულებებით არ განისაზღვრება. სურს ინდივიდუალური იყოს და უსამართლო სოციალური ნორმების წინააღმდეგ გაბრძოლების არ ეშინია. ამ ფუნქციის მატარებელს უჭირს გრძნობებზე ხმამაღლა საუბარი. მისი ღირებულებები იმდენად პირადულია, რომ მათ გამოსახატავად სიტყვებს ვერ პოულობს. ხშირად იტაცებს ხელოვნება ან მუსიკა, რითაც გატაცებებსა და ღირებულებებს შემოქმედებითი გზით გამოხატავს.

სხვების შეცვლა არ სურს, „უნდა იცხოვროს და სხვებიც აცხოვროს.“ არჩევანის გაკეთების დროს ყოველთვის ამოწმებს, ერგება თუ არა ის თავის პრინციპებს. სამყაროში, რომელიც კონფლიქტითა და თვალთმაქცობითაა სავსე, სურს დაინახოს მშვიდობა, გულწრფელობა და ბალანსი. ის არ განსჯის და ემოციურ მხარდაჭერას გასცემს. აქვს მოსმენის კარგი უნარიც.

ეს ფუნქცია დომინანტია ISFP(„არტისტი“) და INFP(„იდეალისტი“) ფსიქოტიპებში.