როგორ მიხვდე, მოსწონხარ თუ არა

საერთოდ, ანალიტიკოსი ცივი და ჩაკეტილია, თუმცა თუ მოსწონხარ, უფრო თბილი გახდება და უფრო რეაგირებადიც. თუ არ მოსწონხარ, შენს სახელსაც კი დაივიწყებს ათჯერაც რომ ჰყავდე ნანახი. 

თუ მოსწონხარ, მიზეზებს მოიგონებს შენს გვერდით რომ იყოს, მორცხვ ღიმილსაც შეამჩნევ. ამასთანავე, შენი გონებით დაინტერესდება და შენს გასაცნობად ბევრ საკითხზე აზრს გკითხავს. შეიძლება მისი ყურადღებით უცნაურად ნასიამოვნები დარჩე, იმის მიუხედავადაც, რომ არც იცი რით დაიმსახურე.  არშიყობის რიტუალებისთვის კომფორტის ზონიდანაც კი გამოვა, როდესაც სხვა დროს თავსაც კი არ შეიწუხებდა. რაც ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ქცევაა, მისთვის დიდ ძალისხმევას უდრის. 

როგორ მოიქცე ფლირტის დროს

რა გააკეთო:

^ იყავი ინიციატორი და საზოგადოებაში ყოფნის დროს საუბარი შენ მართე, ეს მოდუნების საშუალებას მისცემს. 

^ დაეხმარე საკუთარი ნაჭუჭიდან და გონებიდან გამოვიდეს.

^ მასთან საინტერესო, ფილოსოფიურ საუბრებში ჩაერთე. ასე უფრო დააინტერესებ.

^ ანახე, რომ კომპეტენტური ხარ. მას ორგანიზებული ადამიანები მოსწონს, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ სადავეებს, რადგან თვითონ ზოგადად პასიურია.

^ პაემანზე ბუნებაში, ნაკლებად ხმამაღალ ადგილას წაიყვანე. მისთვის იდეალური ურთიერთობა ისაა, რომელიც ბუნებრივად ვითარდება, დღითი-დღე. 

^ მის მიმართ ინტერესის გამოხატვისას პირდაპირი იყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შენი სიგნალები სულ ვერ შეამჩნიოს.

რა არ გააკეთო:

^ ნუ აიძულებ გაიღიმოს. შეიძლება სხვანაირად გეჩვენებოდეს, მაგრამ თავს კომფორტულად გრძნობს, როგორცაა ისე, გაუღიმარი. 

^ ნუ აიძულებ ადამიანებთან იმაზე მეტ ურთიერთობას, ვიდრე მისთვის კომფორტულია. მისთვის კომფორტული კი ნაკლები ლაპარაკია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საინტერესო თემაზეა საუბარი.

^ ნუ ჰკითახვ საყვარელ სელებრითებს და პოპ კულტურის ჭორებს ნუ მოუყვები. მობეზრდება.

^ ნუ იქნები ზედმეტად ემოციური და პასიურად აგრესიული. ირაციონალურებას ვერ იტანს და ჰგონია, რომ ყველაფერს შეიძლება ლოგიკურად მიუდგე. გრძნობებზე მშვიდად ილაპარაკე.

^ ნუ ცდი მის მანიპულაციას და გრძნობებით ნუ ეთამაშები. შენთან ურთიერთობას გაწყვეტს.

^ რთულად მისაღწევს ნუ ითამაშებ. დიდხანს შეიძლება მოგიწიოს ლოდინი, იმიტომ რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს. იყავი უფრო პირდაპირი.

^ ნუ დაპატიჟებ ტრადიციულ პაემანზე რესტორანში. ეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს და ვერ შეძლებს იყოს ის, ვინც არის.

^ მის ინტელექტს ქედმაღლურად ნუ შეხედავ. ეს მისთვის შეურაცხყოფაა.

^ გადაწყვეტილების მიღებას ნუ აიძულებ. არ უყვარს დაჩქარება, ჯერ უნდა იფიქროს.

^ ნუ აიძულებ გრძნობებზე ურთიერთობის ადრეულ ეტაპზე გელაპარაკოს. დრო დასჭირდება სანამ ამისთვის მზად იქნება.

პარტნიორის თვისებები, რაც ანალიტიკოსისთვის იდეალთან ახლოსაა:

  • არ უგეგმავს დროს და მის მიკრომენეჯმენტსა და კონტროლს არ ცდილობს;
  • არის ერთგული, ბუნებრივი და გულწრფელი;
  • უსმენს ყურადღებით;
  • ინტელექტუალურ საკითხებში ინტერესს ამჟღავნებს;
  • არ აიძულებს ყოველდღიური ცხოვრების პატარა დეტალების შემჩნევას;
  • მზადაა არატრადიციული იდეებისა და პერსპექტივების განსახილველად;
  • პატივს სცემს მის დამოუკიდებლობასა და პირად სივრცეს;
  • ესმის, რომ მისი ემოციური გამოხატვის უუნარობა სიყვარულის უუნარობას არ ნიშნავს;
  • არ აიძულებს შეუმზადებლად დიდი პასუხისმგებლობები აიღოს საკუთარ თავზე.

როგორი ადამიანები იზიდავს ანალიტიკოსს: 

ჭკვიანი, კომპეტენტური, კომუნიკაბელური, ორგანიზებული, პირდაპირი, ლოგიკური, გულწრფელი, ბუნებრივი, ფილოსოფიური, ცნობისმოყვარე.

როგორ ადამიანებს ვერ იტანს:

მანიპულატორი, მაკონტროლებელი, ირაციონალური, არალოგიკური, ზედმეტად ემოციური, პასიურად აგრესიული, არაგულწრფელი, ზედაპირული, უტვინო, მოღალატე, არასაიმედო, სულისშემხუთველი.

მისი სიყვარულის ფილოსოფია:

ანალიტიკოსი ისეთ პარტნიორთანაა ბედნიერი, რომელიც გონებაგახსნილი და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარეა, ვისთანაც საუბრები შეუძლია ახალ იდეებზე, შესაძლებლობებზე, თეორიებზე, ამავე დროს, მისი ურთიერთობა ერთგულებითა და სითბოთია სავსე. მას ისეთი ურთიერთობა უნდა, რომლითაც გონებრივ შთაგონებას მიიღებს. პარტნიორში იუმორის გრძნობასაც აფასებს და ისეთივე ერთგულებას, როგორსაც თვითონ სთავაზობს. ის ადამიანია, რომლისთვისაც საკუთარი ინტელექტი ღირებულებაა და პარტნიორიც ისეთი უნდა, რომელიც მის კრეატივსა და გამჭრიახობას დააფასებს. 

ანალიტიკოსს ხშირად მეოცნებე პროფესორს ეძახიან, რადგან ძალიან განმარტოვებული და დამოუკიდებელია, ასევე საკუთარ თავში ჩაკარგული, ოცნებებში ან იმ საკითხზე ფიქრში, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. ამის გამო ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მის პირად სივრცეს პატივს სცემს. ანალიტიკოსი პირდაპირია, სჯერა რომ ყველაზე რაციონალური რამაა, იყო სრულიად გულწრფელი და ლოგიკური, და ემოციების გარეშე იმოქმედო. არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც ზედმეტად მომთხოვნები, ემოციურად ზედმეტად რეაგირებადები და მანიპულატორები არიან. 

ანალიტიკოსი უყვართ მისი უდარდელი, ლოგიკური ბუნების გამო. ზოგჯერ ყველაზე თბილ რობოტსაც ეძახიან ხოლმე, რადგან ემოციური გამოხატვა დიდად არ გამოსდის. გრძნობებისა და ემოციების სხვისთვის გაზიარება მისთვის დისკომფორტი და სამარცხვინოც კია. ემოციურად გახსნისთვის დრო სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ადარდებ. პირიქით, როცა ვიღაც უყვარდება, ეს გრძნობა საკმაოდ ინტენსიურია, თუმცა სიყვარულს უფრო „საქმით“ გამოხატავს: შენთან მეტ დროს გაატარებს, შენს პრობლემებს მოაგვარებს, გვერდში დაგიდგება, თუმცა სიტყვებით – ნაკლებად.

პარტნიორს უნდა ესმოდეს, რომ ემოციებისა და გრძნობების სამყარო ანალიტიკოსისთვის უცნაური ადგილია, ამიტომ სიგნალებიც შეიძლება ვერ შეამნიოს. როგორც წესი, საკუთარ თავშია ჩაკარგული და ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას არ აქცევს. უნდა იყო მომთმენი და პირდაპირი, დაანახე რას გრძნობ, გონების წაკითხვა არ შეუძლია. ნუ გექნება მოლოდინი, რომ მიხვდეს რა გინდა. ეს მისთვის ტანჯვას უდრის.

რისი ეშინია ურთიერთობებში

ანალიტიკოსს ყველაზე მეტად ავტონომიისა და თავისუფლების დაკარგვის ეშინია. მკაცრი წესები, სტრუქტურები, ტრადიციები – ეს მოლოდინები პარტნიორისგან მისთვის მახეა, რაც საბოლოოდ გაღიზიანებულს ტოვებს. მას ეშინია, რომ ურთიერთობაში ისეთ ადამიანთან აღმოჩნდება, რომელიც ძალიან მომთხოვნია და მისი ცხოვრების მიკრომენეჯმენტს შეეცდება.

საიდუმლო სურვილი

ანალიტიკოსი კრეატიული და დამოუკიდებელი მოაზროვნეა. მართალია ცივი, განცალკევებული და გულგრილი ჩანს, გულის სიღრმეში, ემოციური კავშირი და სითბო სჭირდება. ასევე ძალიან უნდა, უკეთესად გამოსდიოდეს ადამიანებთან კომუნიკაცია, ემოციური ურთიერთობა, ადამიანების წაკითხვა და მათი გაგება. ზოგჯერ ეს ძალიან დამთრგუნველია, რადგან სხვები ხშირად უგრძნობ არსებად მიიჩნევენ, როცა სინამდვილეში ძალიან ღრმა გრძნობები აქვს, უბრალოდ ამის გამოხატვა უჭირს.

ანალიტიკოსი და სექსი

ანალიტიკოსს როგორც წესი, საკმაოდ ინტენსიური სექსუალური ენერგია აქვს, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვინც გულწრფელად იზიდავს. რაც უფრო ღრმავდება კავშირი, ანალიტიკოსიც მით უფრო მეტად ხდება სექსზე ფოკუსირებული და უნდა, რომ გამოცდილება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახადოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ანალიტიკოსის ფსიქოტიპის ისეთი წარმომადგენელიც, რომელსაც სექსი საერთოდ არ აინტერესებს. 

რადგან ემოციების გაზიარება უჭირს, სექსი მისთვის გამოსავალია. ასე ანალიტიკოსს შეუძლია გრძნობები გამოხატოს. გამცემია და სექსუალური სიახლოვე ძალიან კარგი გზაა იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის პარტნიორი.

ანალიტიკოსს ადამიანი მხოლოდ გარეგნობის გამო იშვიათად იზიდავს. ის ინტელექტუალურად ძლიერი პიროვნებებით იხიბლება, რომლებიც მასში აღტაცებას საწოლის გარეთაც იწვევენ. შინაარსიანი და საინტერესო ადამიანი ანალიტიკოსს სექსუალურადაც დააინტერესებს. 

მხოლოდ გარეგნული მიმზიდველობა არაა საკმარისი ანალიტიკოსში მგზნებარე სექსუალური ენერგია რომ გააღვიძოს. ასეთ პარტნიორთან ნაკლებ ინტერესს გამოამჟღავნებს და მეორე ნახევარსაც ისეთი შეგრძნება ექნება, რომ მის სრულ ყურადღებას არ იღებს. სამაგიეროდ, როცა ის, რაც ანალიტიკოსს იზიდავს, გარეგნობაზე მეტია, ანალიტიკოსის ენერგიაც მეტია პარტნიორისთვის სიამოვნების მისანიჭებლად. 

რაც შეეხება სექსზე დამყარებულ ურთიერთობას, სიახლეების მიმართ ცნობისმოყვარეობის გამო, შეიძლება ესეც სცადოს. თუმცა ანალიტიკოსისთვის ასეთი ურთიერთობა ნაკლებადაა ხოლმე მომგებიანი და უფრო ემოციურად დამღლელია. ასეთი კავშირით დიდად სიამოვნებას ვერ განიცდის, განსაკუთრებით იმ ადამიანთან, ვინც არ იზიდავს. ანალიტიკოსისთვის სექსი იმასთან, ვის მიმართაც გრძნობები არ გააჩნია, უფრო რუტინული საქმეა, ვიდრე რაღაც სასიამოვნო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიტიკოსს ამ ადამიანთან დროის გატარება არ შეუძლია, უბრალოდ მას უფრო ღრმა კავშირი სჭირდება.