როგორ მიხვდე, მოსწონხარ თუ არა

თუ ინოვატორს მოსწონხარ, შეეცდება შენთან რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს, ბევრი კითხვა დაგისვას და შენი შეხედულებები გაიგოს. ცელქ გამოჯავრებებსაც ელოდე. მესიჯებს ზოგადად დროზე არ პასუხობს ხოლმე, მაგრამ თუ მოსწონხარ, ნორმალურზე სწრაფად გიპასუხებს. თუ არ მოსწონხარ, მაინც ენდომება შენი მეგობარი იყოს და შეიძლება მოგეჩვენოს, რომ გეფლირტავება. 

როგორ მოიქცე ფლირტის დროს

რა გააკეთო:

^ გამოხატე მის მიმართ ინტერესი, მაგრამ იცოდე, რომ სიამოვნებს, როცა თვითონაა ინიციატორი. ნება მიეცი, სადავეები თვითონ აიღოს ხელში.

^ იყავი ცოტა იდუმალი. შენს აურას საკმაოდ საინტერესოდ ჩათვლის.

^ დაანახე, რომ ხარ თანაგრძნობის უნარის მქონე, კეთილშობილი ადამიანი.

^ კომპლიმენტი უთხარი იდეებზე, ღირებულებებზე, და თანაგრძნობის უნარზე.

^ გააოცე ცოტა სპონტანურობით.

^ დაანახე, რომ ხარ დამარწმუნებელი, კომპეტენტური ადამიანი, შენს თავდაჯერებასა და უნარებს ინოვატორში უსაფრთხოების შეგრძნების გაჩენა უნდა შეეძლოს. 

^ მზად იყავი გიჟურ თავგადასავლებში მასთან იყო და გაჰყვე იქ, სადაც წაგიყვანს.

რა არ გააკეთო:

^ ნუ შეაწუხებ და სულ მის გვერდით ყოფნას ნუ მოინდომებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს თვითონაც უნდა.

^ ძალიან ხშირად ნუ მისწერ და ზედმეტად თავგამოდებული ნუ იქნები.

^ ნუ ისაუბრებ გეგმებზე ურთიერთობის საწყის ეტაპზე. 

^ ნუ გექნება მოლოდინი გააკეთოს რაღაც იმიტომ, რომ ტრადიციულად ან სოციალური ნორმების მიხედვით ასე კეთდება.

^ ნუ დაამცირებ სხვებს და სხვებზე ცუდად ნუ ილაპარაკებ.

^ ნუ შეურაცხყოფ მის ღირებულებებს. ღირებულებები მისთვის ძალიან ძვირფასია და ამ ყველაფრის მიმართ მგრძნობიარეა. 

^ ნუ ეცდები აკონტროლო ან შენს ტრადიციებს დაუქვემდებარო.  

პარტნიორის თვისებები, რაც ინოვატორისთვის იდეალთან ახლოსაა:

  • არის გონებაგახსნილი და ინტელექტუალურად ცნობისმოყვარე;
  • მზად არის გრძელი ბრეინსტორმინგის სესიებისთვის;
  • არის ის ადამიანი, ვისი პატივისცემაც ინოვატორს შეუძლია, და ვისაც ღირებულებები და პრინციპები გააჩნია;
  • ადრეულად არ აიძულებს ინოვატორს პასუხისმგებლობები აიღოს, მაგრამ ანახებს რომ სტაბილური და სანდოა;
  • არ უგეგმავს დროს და არ ცდილობს მისი დროის მიკრო-მენეჯმენტს. ნებას აძლევს ინოვატორს თავისუფლება შეიგრძნოს.
  • არის ნამდვილი და გულწრფელი. 
  • უგებს ინოვატორს და უყვარს ისეთი, როგორიცაა.
  • არის ღრმა და ინტელექტუალური.

როგორი ადამიანები იზიდავს ინოვატორს: 

პრინციპული, წყნარი, იდუმალი, ღრმა, მზრუნველი, ალტრუისტი, კეთილშობილი, დამაჯერებელი, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, აუთენტური, გულწრფელი, სტაბილური.

როგორ ადამიანებს ვერ იტანს:

კრიტიკული, ქედმაღალი, აპათიური, ზედაპირული, მაკონტროლებელი, დახშული, უხეში, ზედმეტად ტრადიციული, სიტყვაძუნწი.

მისი სიყვარულის ფილოსოფია:

ინოვატორი თავგადასავლების მოყვარული ადამიანია, სულ ახალი იდეების, ადგილებისა და გამოცდილებების ძიებაშია. მას გონებაგახსნილი კომპანიონი სჭირდება, რომელიც თავგადასავლებში მასთან იქნება და შესაძლებლობებით სავსე სამყაროს გამოიკვლევს მასთან ერთად. ამავე დროს, გვერდით ისეთი ვინმეც სჭირდება, ვისთანაც ისაუბრებს მომავალზე, იდეების ბრეინსტორმინგით დაკავდება, რამდენად არაპრაქტიკული და არაორდინალურიც არ უნდა იყოს ეს. 

ინოვატორს აუთენტური ურთიერთობები სჭირდება. მას სურს პიროვნების მისტიკას თავი ახადოს და პარტნიორის ნამდვილი „მე“ დაინახოს, მას სიღრმისეულად გაუგოს, იცოდეს მისი როგორც ძლიერი, ასევე სუსტი მხარეები. ასეთ პარტნიორს მიენდობა და ყველაზე ღრმა გრძნობებს, ფიქრებსა და ღირებულებებს გაუზიარებს. ინოვატორს არ უყვარს ადამიანები, რომლებიც ნამდვილები და გულწრფელები არ არიან.

ინოვატორი ძალიან ინდივიდუალურია და ამაყობს საკუთარი განსაკუთებული იდენტობით. არ უყვარს წესებისა და ვალდებულებების ჩარჩოებში მოქცევა. აუცილებელია, ძალიან ადრე არ აიძულო სერიოზული ურთიერთობის უღელში ჩაებას, ეს დააფრთხობს და საქმეს გააფუჭებს მანამდე, სანამ რეალურად რამე გამოგივიდოდათ.

შეიძლება მეამბოხეც იყოს, წესებსა და ტრადიციებს უგულებელყოფდეს და საკუთარი პრინციპებით მოქმედებდეს. 

რისი ეშინია ურთიერთობებში

ინოვატორს ახალი იდეები და გამოცდილებები იზიდავს, და ის ადამიანები, ვინც ამის საშუალებას აძლევენ. ინოვატორს ეშინია, ისეთი ვინმე არ შეუყვარდეს, რომელიც საინტერესო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი არაა. ეშინია, ისეთ ურთიერთობაში არ გაიჭედოს, რომელიც ზრდისა და ემოციური კავშირის საშუალებას არ მისცემს. 

საიდუმლო სურვილი

სიახლეებით, ცვლილებებითა და კვლევებით გატაცებულ ინოვატორს აქვს მეორე მხარეც. ამ მხარეს სტაბილური და უსაფრთხო სახლი უნდა, რომელიც იმ ნოსტალგიური ნივთებითაა სავსე, რომელიც ბავშვობაში უყვარდა. ინოვატორი ვერ იტანს მონოტონურობას, მაგრამ რადგან არაპროგნოზირებადი ცხოვრების სტილი აქვს და სულ მომავალზეა ფოკუსირებული, ძალიან უნდა სტაბილური ცხოვრება, რომელიც ცხოვრებისეული სიამოვნებებითაა სავსე. მათ შორისაა დილით მზესთან შეგებება, ყოველ დღე საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება. ამის გამო, ხანდახან წინააღმდეგობაში არის ხოლმე – სიახლისა და სტაბილურობის სურვილს შორისაა გაჭედილი.

ინოვატორი და სექსი

სექსი რომ ჰქონდეს, ინოვატორს ჯერ ემოციური კავშირი სჭირდება. ამის გამო, ემოციური კავშირი თუ არაა, შეიძლება სექსით დაკავება გაუჭირდეს. მისი სექსუალური ენერგია ვნებითა და ძიებითაა სავსე. არ უყვარს თავშეკავება, ამიტომ ისეთ პარტნიორს ეძებს, ვინც გახსნილი იქნება, არ განსჯის და ვისაც ენდობა. შემთხვევითი სექსის დროს დიდი ალბათობით ინტენსიურ სექსუალურ კმაყოფილებას ვერ მიიღებს. იმის გამო, ამ ფსიქოტიპს რომ ექსპერიმენტები იზიდავს და არც ერთი თავგადასავლის გამოტოვება არ უნდა, შეიძლება შემთხვევითი სექსითაც დაკავდეს. თუმცა ეს ინოვატორისთვის არშემდგარი გამოცდილება იქნება. ამ ფსიქოტიპისთვის ემოციებს სექსში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს. ინოვატორს საძინებელშიც შეაქვს გართობა, თავგადასავლები და კრეატიულობა. 

მოსწონს თუ არა ინოვატორს, როცა „დასდევენ?“

არც ისე. ინტერესს მოურიდებლად და პირდაპირ ნუ გამოხატავ, შეიძლება ინტერესი დაეკარგოს. მსუბუქი მინიშნებები გაეცი. თუ მოსწონხარ, თვითონაც იმოქმედებს. 

ვისზე უნდა დაქორწინდეს ინოვატორი?

რადგან ამ ფსიქოტიპის დომინანტი ფუნქცია ექსტრავერტული ინტუიციაა, მისთვის იდეალური პარტნიორი იქნება ფსიქოტიპი, რომლის დომინანტი ფუნქციაა ინტროვერტული ინტუიცია. შესაბამისად, იდეალური მეწყვილე ინოვატორისთვის არის სტრატეგი ან ემპათი.


………………………………………………………………………………………..

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.