მისტიური ემპათი იქნება თუ პრაქტიკული პრაგმატისტი, თითოეულ ფსიქოტიპს თავისი საიდუმლო აქვს. თითოეულს აქვს რაღაც უნიკალური მახასიათებელი თუ ნიუანსი, რომელიც აყალიბებს მის ურთიერთქმედებას სამყაროსთან. 

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თითოეული ფსიქოტიპის პატარა საიდუმლოებს.

ემპათი – INFJ

ურთიერთობაში მისი ემოციური მოთხოვნილებები უფრო მეტია, ვიდრე ის საზღვრები, სადამდეც ადამიანებს უშვებს. ამის გამო იმ პარტნიორების მიმართ უკმაყოფილება უჩნდება, რომლებიც მის მაღალ სტანდარტებს ვერ სწვდებიან. რადგან თავად ძალიან კარგად შეუძლია პარტნიორის გრძნობებისა და ფიქრების წაკითხვა, შეიძლება არც თუ ისე სამართლიანი მოლოდინი გაუჩნდეს, რომ პარტნიორსაც იგივე უნდა შეეძლოს. 

იდეალისტი – INFP

იდეალისტი შეიძლება თვინიერ ჰიპს გავდეს, რომელსაც ლიდერული პოზიციები ყველაზე ნაკლებად აინტერესებს. სინამდვილეში, როცა რაღაცის ნამდვილად სჯერა და დადებითად არის განწყობილი, ძალიან კარგი ლიდერი შეუძლია იყოს. თავის მოწოდებას როცა იპოვის, გეგმების კოორდინირებას საკუთარ თავზე იღებს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას იწყებს, როგორებსაც ჩვეულებრივ თავს აარიდებდა. ამ მოქმედებით იდეალისტი საკუთარ თავსაც აოცებს და სხვებსაც. 

სტრატეგი – INTJ

სტრატეგი გარეგნულად მტკიცეს გავს, შინაგანად კი რბილია. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცე, აუღელვებელ და ზოგჯერ, დამაშინებელ ქცევას ავლენს, მას მგრძნობიარე მხარე გააჩნია, რომელიც ურჩევნია სხვებისგან დამალოს და დაიფაროს. ემოციური დაუცველობის გამოვლენა არ სურს, რადგან არ სურს ადამიანებმა მისი მგრძნობიარობა გამოიყენონ. 

ანალიტიკოსი – INTP

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსი აცხადებს რომ საზოგადოებრივი მოლოდინებისგან გაუცხოვებულია და მათ მნიშვნელობას აპატარავებს კიდეც, სინამდვილეში რეპუტაცია იმაზე მეტად აღელვებს, ვიდრე ეს სხვებს ჰგონიათ. ანალიტიკოსს უნდა, რომ მისი საქმიანობის გამო სხვებმა პატივი სცენ. სურს რომ დიდი პრობლემები გადაჭრას და ამით აღიარება მოიპოვოს, დამაფიქრებელი აზროვნებითა და ცოდნით სამყარო განანათლოს.

მენტორი – ENFJ

მენტორი ეფექტური ლიდერია და მისი ლიდერობის სტილი, როგორც წესი, სხვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. იმის გამო რომ სულ სხვების შეხედულებების გათვალისწინება უწევს, საკუთარი მოსაზრებების აწონ-დაწონვა ავიწყდება ან უბრალოდ თავს იკავებს ხოლმე. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ სხვებისგან გაუცხოებას მაქსიმალურად ერიდება.

ინოვატორი – ENFP

მიუხედავად იმისა, რომ ინოვატორს კორპორატიულ კიბეებზე ან იერარქიული ორგანიზაციების რიგში ასვლა არ აინტერესებს, ფარულად ძალაულებისა და კონტროლის პოზიციაზე ყოფნა სურს. ასეთ პოზიციებს საკუთარი მიზნებისთვისა და იმ იდეებისთვის გამოიყენებდა, რომელსაც ქომაგობს. ალბათ, საკუთარ თავს გამორჩეულ ლიდერად წარმოიდგენს კიდეც.

შეფი – ENTJ

შეფი საყვარელი ადამიანების მუდმივი მფარველია. თავისი ხალხის საფრთეებისგან დაცვას საკუთარ თავზე იღებს, სწორედ ამ ძალისხმევითა და რესურსებით, რასაც საყვარელი ადამიანის უსაფრთხოებას ახმარს, აჩვენებს ხოლმე მათ სიყვარულსა და მზრუნველობას.

მოდებატე – ENTP

შეიძლება მოდებატე თავქარიანი და აპათიური ჩანს, თუმცა სინამდილეში ძალიან უნდა ადამიანებთან გულწრფელი, ღრმააზროვანი კავშირები დაამყაროს. ამას ძირითადად იუმორის საშუალებით აკეთებს ხოლმე, რადგან თვლის, რომ ჯანსაღი იუმორი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გამოცდილებაა, რომელიც ადამიანთან შეიძლება გაიზიარო.

პრაგმატისტი – ISTJ

პრაგმატისტი შეიძლება მუშაობით დაძაბული ტიპი გეგონოთ, მაგრამ ამ ყველაფერს მისი ხუმარა მხარეც უნდა დაუმატოთ. შეიძლება მისი ხუმრობები უცნაურიც მოგეჩვენოთ, მაგრამ მას მხიარული მხარეც აქვს, რაც წარსულის სიყვარულთან და ნოსტალგიურ ნივთებთანაა დაკავშირებული, რაც ბავშვობას ახსენებს. 

მხარდამჭერი – ISFJ

მხარდამჭერი ყველაზე მეტ ძალისხმევას მოვალეობების შესრულებას ანდომებს. შეიძლება უსიცოცხლო ინტროვერტს გაგონებდეთ, რომელიც საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს, თუმცა როცა დაკავებული არაა და მისთვის სასიამოვნო გარემოცვაში იმყოფება, დუნდება და შეუძლია გაერთოს. 

მეთვალყურე – ESTJ

მეთვალყურე მიზანმიმართულია და მოსაზრებებს მოურიდებლად გამოხატავს. მასთან გამკლავება, განსაკუთრებით, სამუშაო გარემოში, შეიძლება ძალიან რთული იყოს. სამაგიეროდ, კარგი იუმორის გრძნობა აქვს, განსაკუთრებით სამუშაო საათების შემდეგ.

ენთუზიასტი – ESFJ

ენთუზიასტს მოსწონს სხვების ხელმძღვანელობა და სხვების სამსახურში ყოფნა. იმდენ დროს ხარჯავს სხვების სურვილების გამოძიებაში, რომ საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები ავიწყდება ხოლმე. ენთუზიასტი გაურკვევლობაში სწორედ მაშინ ვარდება, როცა საკუთარი სურვილების გამორკვევას ცდილობს.

ვირტუოზი – ISTP

ვირტუოზის საიდუმლო ისაა, რომ აღიარების მოპოვება სურს. აუცილებელი არაა ეს აღიარება გლობალური მასშტაბის იყოს, მისი გარემოცვა და სამუშაო ადგილიც საკმარისია. ვირტუოზს აქვს უნარი და სურვილი, ერთ ან რამდენიმე ხელობაში  განსაკუთრებულად კარგი გახდეს, ამით სხვების აღტაცება გამოიწვიოს და მეგობრები გაიჩინოს. 

არტისტი – ISFP

მიუხედავად იმისა, რომ სხვების გაძღოლისა და კონტროლის სურვილი არ აქვს, არტისტს სხვაზე ზეგავლენის მოხდენა და მათთვის ცვლილებებისკენ ბიძგის მიცემა უნდა. არტისტს სურს, რომ იყოს ლიდერი, ოღონდ იძულებით კი არა, გულით.