აფორიზმი „შეიცან თავი შენი“ იმდენადაა გავრცელებული, რომ კლიშედ იქცა. თუმცა საკუთარი თავის შეცნობა არც ისე ადვილია. ძველმა ბერძნებმა ეს კარგად იცოდნენ. სოკრატე კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ცხოვრება, რომელსაც არ შეიცნობ, არაფრად არ ღირს. ცოტა გადაჭარბებულად ნათქვამია, თუმცა თუ არ გვეცოდინება რა არის ჩვენი უპირატესობები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ღირებულებები და მოლოდინები, სრულყოფილი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებთ. ყველაზე ცოტა, საკუთარ თავზე კონტროლს დავკარგავთ. თუ არ გვეცოდნება რა არის ჩვენი მოტივაცია და შიში, ემოციებს ვერ ვმართავთ – ისინი გვმართავენ ჩვენ. რთულია, თავი კომფორტულად იგრძნო, როცა შენზე ის ძალები ახდენენ ზემოქმედებას, რომლებიც შენთვის შეუცნობელია. 

როგორ უნდა მივიღოთ ეს ძვირფასი ცოდნა?

უპირველეს ყოვლისა, რაციონალურად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი შემეცნებითი პროცესები. 

ფსიქოლოგი დანიელ გოლემანი ფიქრობს, რომ ემოციური ინტელექტი მეტაკოგნიტური ცნობერების ფორმაა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ გვაქვს იმ გრძნობების შეცნობის უნარი, რომლებსაც განვიცდით. როდესაც ვერ ვახერხებთ ჩვენი ნამდვილი გრძნობების „შეცნობას,“ მათ ხელში აღმოვჩნდებით. ამიტომ ობიექტურ თვითდაკვირვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი შემეცნებითი, ასევე ემოციური თვითმყოფადობის დასადგენად. ძალიან დიდი განსხვავებაა უბრალოდ გრძნობებისა და ემოციების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასა და ემოციების გაჩენისთანავე მათ გაცნობიერებას შორის.

საკუთარ თავზე და უნარებზე არასწორმა წარმოდგენამ შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდოს, მოულოდნელად თუ გამოაშკარავდნენ. როცა საკუთარ თავზე წარმოდგენას არასწორი დასკვნებით ვიქმნით, მათ დასაცავად დიდ ენერგიას ვხარჯავთ. იმის გამო, რომ ბევრი გვაქვს დასამალიც და დასაკარგიც, გვიჭირს სხვებთან გულწრფელად და გახსნილად ურთიერთობა.

იმოგზაურეთ წარსულში

რისი გაკეთებაა საჭირო? ამისთვის შეგვიძლია წარსულშიც ვიმოგზაუროთ და „სამძებრო ღონისძიებები“ ჩავატაროთ. ასე შეგვიძლია გავიგოთ, ჩვენმა გამოცდილებებმა როგორ იმოქმედა იმაზე, რაზეც ახლა ვრეაგირებთ. ფროიდი ამბობდა, რომ ჩვენი გონება აისბერგივითაა – მისი მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს წყლის ზემოთ. დანარჩენი კი ჩვენს არაცნობიერში იმალება. ჩვენი ყველაზე ფარული შიშებისა და სურვილების ანალიზი მარტო მაშინ შეგვიძლია, როცა მათ დღის შუქზე გამოვიტანთ. მერე ისეთი საშინელიც აღარ მოგვეჩვენება, და ვერც ზეგავლენის მოხდენას შეძლებენ ჩვენზე. 

გააკეთეთ ტესტები

იმისთვის, რომ ზოგადი ინფორმაცია მივიღოთ ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე, და ჩვენი პიროვნების ძირითად მახასიათებლებზე, შეგვიძლია ფსიქოტიპების თეორია შევისწავლოთ, ან ფსიქომეტრიული ტესტები შევავსოთ. 

იდეა, რომ ჩვენი კლასიფიცირება 4 ტემპერამენტის ტიპად შეიძლება, ძველი საბერძნეთიდან მოდის. ჰიპოკრატეს ეს თეორია დღესაც ბევრგან გვხვდება. კარლ იუნგის მიერ შთაგონებული მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორით შეგიძლიათ უფრო ღრმად გაეცნოთ თქვენი ფსიქოტიპის ტენდენციებს, ძლიერ და ნაკლებად ძლიერ მხარეებს, რომელთა განვითარებაც შეგიძლიათ.

ასე დაიწყებთ საკუთარი თავის შეცნობის პროცესს.

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.