არსებობს გავრცელებული აზრი, რომ ქალებზე მხოლოდ მამაკაცები ძალადობენ. თუმცა რეალობა სხვა რამეს გვიჩვენებს – ხშირად თავად ქალები ხდებიან მოძალადეები საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ. მათი ჩაგვრის ობიექტი ძალადობის მსხვერპლი ან დაუცველი ქალები არიან. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პირიქით ხდება – ქალები საბოტაჟს უწყობენ იმ ქალების იდენტობასა და პოტენციალს, რომლებიც მათზე წარმატებულები არიან.

სოციალურ ქსელებში მსგავს შემთხვევებს არც თუ იშვიათად წავწყდომივართ. ქალები რეგულარულად ესხმიან თავს სხვა ქალებსა და გოგოებს, რომ მათი ინდივიდუალიზმისა და ძალაუფლების მარგინალიზაცია მოახდინონ.

საინტერესოა, რატომ ავლენენ ქალები სხვა ქალების მიმართ ასეთ სიძულვილს? 

რა თქმა უნდა, ადამიანის ყველა ქცევა ინდივიდუალურ გამოცდილებებზეა დაფუძნებული, თუმცა ჩვენ შევეცდებით იმ კონკრეტულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე ვისაუბროთ, რომლებიც კარგად დაგვანახებს ქცევებისა და დამოკიდებულებების ზოგად ფონს.

ინტერნალიზებული მიზოგინია და პატრიარქალური ღირებულებები

ინტერნალიზებული მიზოგინია გულისხმობს ქალების მიერ პატრიარქალური რწმენისა და დამოკიდებულების ინტერნალიზებას, რასაც იმ სექსისტური იდეოლოგიების მიღებასა და განმტკიცებამდე მივყავართ, რაც ქალების დისკრიმინაციას იწვევს. ეს არის ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმა. მისი გავლენით მავნე გენდერული სტერეოტიპები უცვლელი რჩება, ქალებს კი ისევ აქვთ მიკერძოებული დამოკიდებულება საკუთარი თავებისა და სხვა ქალების მიმართ.

ბელ ჰუკსი, ავტორი წიგნის „ფემინიზმი ყველასათვისაა“ საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მიზოგინიის გავლენით ქალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ასევე თვითონ დამალონ ჩაგვრა.

ინტერნალიზებული მიზოგინია არის სოციალური და ფსიქოლოგიური ტვინის გამორეცხვის ფორმა. საინტერესოა ისიც, რომ ბევრი ქალი, რომელსაც რაღაც დოზით აქვს ეს დამოკიდებულება, ვერ აცნობიერებს დამამცირებელ სიტყვებსა და ქმედებებს საკუთარი თავისა და სხვა ქალების მიმართ. 

ყველაფერი ეს პატრიარქალური ღირებულებებიდან მოდის. ქალები, რომლებსაც ინტერნალიზებული აქვთ პატრიარქალური ღირებულებები, სხვა ქალებს აღიქვამენ, როგორც კონკურენციას მამაკაცის ყურადღებისა და ვალიდაციისთვის. 

ასევე, როცა ისინი სხვა ქალებს სუსტად და დაქვემდებარებულად თვლიან, მიიჩნევენ რომ არასათანადო მოპყრობის ღირსი არიან. შეგვიძლია მრავალი მაგალითი მოვიყვანოთ, ასეთია სლატშეიმინგი, მსხვერპლის დადანაშაულება და სხვა ქალების მიმართ აშკარა მტრობა. 

ამერიკელი ავტორი პრესტონ ნი ინტერნალიზებული მეზოგინიის რამდენიმე მაგალითს გვთავაზობს:

  • რეგულარულად შეურაცხმყოფელი შენიშვნების გაკეთება სხვა ქალებისა და გოგოების გარეგნობასა და სხეულზე(ბოდიშეიმინგი).
  • მუდმივად ნეგატიური შედარებების კეთება სხვა ქალებთან და გოგონებთან მიმართებაში. მათი კონკურენტებად მიჩნევა სოციალურ და ოჯახურ სიტუაციებში, განსაკუთრებით მამაკაცების ყურადღებისა და მოწონების მიზნით.
    „მკერდი გავიზარდე და თმები ქერად შევიღებე მამაკაცების ყურადღება რომ მიმეპყრო. ჰო, და სხვა ქალები რომ შურით გამსკდარიყვნენ!“ ანონიმური
  • ქალებისა და გოგოების ხშირი იმედგაცრუება რომ თავისი პოტენციალის რეალიზება არ მოახდინონ. (გულის სიღრმეში, იმ ადამიანებს ვინც ასეთ შენიშვნებს აკეთებენ, შურთ – რადგან ეს ეს თავად არ შეუძლიათ.) 
    „დედაჩემს ვეხვეწებოდი უნივერსიტეტში ლაბორატორიის საფასური გადაეხადა. ბოლოს დამთანხმდა, მაგრამ თქვა რომ ეს ჩემზე ფულის ფლანგვა იყო.” ანონიმური
  • ორმაგი სტანდარტებით მოქმედება, მამაკაცებისთვის უპირატესობის მიცემა(ბავშვის აღზრდის დროს, ოჯახურ ურთიერთობებში, სკოლაში, სამსახურში, მომსახურების სფეროში, ბიზნესში და ა.შ.)
  • ქალების მიმართ სოციალური, ინსტიტუციური, პოლიტიკური ან კულტურული ჩაგვრის განმტკიცება, გამართლება და მხარდაჭერა.
    ადამიანებს არ მოსწონთ უსამართლობა და როცა ადვილად არ შეუძლიათ ამის გამოსწორება, ხშირად გონებრივი ვარჯიშით კავდებიან – ცდილობენ უსამარლობა უფრო სასიამოვნოდ მისაღები გახადონ. მსხვერპლთა დადანაშაულება ამის კლასიკური მაგალითია.

სოციალური სტანდარტები

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალებს შეიძლება მსხვერპლის მიმართ ზიზღი გაუჩნდეთ, სოციალური ნორმებია. ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, სოციალური ნორმებისა და მოლოდინების გავლენას განიცდიან. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალები კონკურენციას ხედავენ იმ ქალებში, ვისაც სოციალური სტატუსისთვის ან პირად ურთიერთობებში საფრთხედ მოიაზრებენ. ზოგიერთ სოციალურ წრეში, ქალი შეიძლება გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცეს იმ მოლოდინებისა და ქცევის წესის შესანარჩუნებლად, რაც მას სტატუსსა და პოპულარობას შეუნარჩუნებს. შედეგად, ქალებს შორის კონკურენციისა და უნდობლობის განცდა ჩნდება. მათ ჰგონიათ, რომ მათ პოზიციას საფრთხე ემუქრება, რადგან სხვა ქალები მათზე პოპულარულები და გავლენიანები არიან.

შური იმ ქალების მხრიდან, რომლებმაც თავად განიცადეს ტრავმა

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალები რომლებიც სხვა ქალი მსხვერპლის მიმართ ზიზღსა და სიძულვილს ამჟღავნებენ, შეიძლება თავად ჰქონდეთ ტრავმა ან ძალადობა გადატანილი. 

ქალი, რომელიც თავად იყო ძალადობის ან ბულინგის მსხვერპლი, ხედავს სხვა მსხვერპლი ქალი საზოგადოებისგან ყურადღებას და თანაგრძნობას იღებს. ის ამ დროს ფიქრობს, რომ ამ დამოკიდებულებას თავადაც იმსახურებდა. თუმცა, მას მსგავსი მხარდაჭერა და ყურადღება არ მიუღია. შური, რომელსაც ეს ქალი მსხვერპლი ქალის მიმართ გრძნობს, ვლინდება მისი მხრიდან ამ ქალის დაქვეითების, გაუფასურების სურვილში, რასაც ხშირად ვხვდებით სოციალურ ქსელებში.

ადამიანებს, რომლებმაც განიცადეს ტრავმა ან ძალადობა, სხვების მიმართ შეიძლება სიბრაზესა და წყენას ებრძოდნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ადეკვატური მკურნალობა და მხარდაჭერა არ მიუღიათ. ამის გამო, დიდი ალბათობაა სხვები დაადანაშაულონ თავიანთ პრობლემებში, სხვებთან ურთიერთობაში გაუჩნდეთ უნდობლობა და ეჭვის გრძნობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები, რომლებმაც ტრავმა ან შეურაცხყოფა განიცადეს, თავს მოძალადეებთან აიგივებენ, რაც მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობას კიდევ უფრო ართულებს. ამას მოჰყვება ცუდი დამოკიდებულებები, მსხვერპლის დადანაშაულება ან შერცხვენა.

სისუსტის შიში

ზოგიერთი ქალისთვის მსხვერპლის როლში ყოფნა სისუსტის ნიშანია და მიიჩნევს, რომ ასეთი ადამიანი დაცინვის ღირსია. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ჩანს ისეთი კულტურის მქონე საზოგადოებაში, სადაც ძალასა და გამძლეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. 

ბევრ კულტურაში ქალი მზრუნველი, აღმზრდელი ფიგურაა, უფრო სუსტად და დაუცველად მიიჩნევა, ვიდრე კაცი. ამ შეხედულებების გამო, ბევრი ქალი ზეწოლის ქვეშაა, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის იმიჯი შეინარჩუნოს. მსხვერპლის როლში მყოფი ქალები მათთვის საკუთარი იდენტობისა და ძალის მიმართ საფრთხეს წარმოადგენენ.

ბევრი ქალი დაზარალებულ ქალებს სიძულვილით და ზიზღითაც კი უყურებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მსხვერპლად ყოფნა საზოგადოებრივი სტიგმაა და ნეგატიურ სტერეოტიპებთან ასოცირდება. მსხვერპლი განიხილება როგორც სუსტი და უმწეო.

ხდება მისი დადანაშაულება და განსჯა იმ ცუდი გამოცდილებების გამო, რისი გადატანაც მოუხდა. ეს განსჯა უფრო მძაფრდება, თუ ის ძალადობის მსხვერპლია.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, ქალების უარყოფითი დამოკიდებულება იმ ქალის მიმართ, რომელიც აცხადებს, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო. იმის აღიარებით, რომ ჯგუფის წევრობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდი, ავტომატურად მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის სხვა წევრიც ასევე შეიძლება გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი. 

სოციალური შედარება

ფსიქოლოგიაში არსებობს სოციალური შედარების თეორია, რომლის მიხედვითაც საკუთარი თავის, ღირებულების და სტატუსის შესაფასებლად ხშირად ვუდარებთ თავს სხვებს. როდესაც ქალები მსხვერპლ ქალს ხედავენ, შეიძლება თავი მასზე მაღლა მდგომად წარმოიდგინონ, განსაკუთრებით მაშინ თუ თავად არ ემუქრებათ მსგავსი სახის ვიქტიმიზაცია. ამის გამო, შეიძლება თვითშეფასება აუმაღლდეთ კიდეც, თავი ძლიერ და მტკიცე ადამიანებად წარმოიდგინონ, თავიანთი გამოცდილებები და მიღწევები კი სხვებისაზე უკეთესი ეგონოთ. უპირატესობის ეს განცდა ვლინდება კრიტიკულ დამოკიდებულებაში. იმ ქალის მიმართ განსჯასა და ზიზღში, რომელსაც სუსტად ან ნაკლებად წარმატებულად აღიქვამენ. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როცა მსხვერპლ ქალს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მათ.


რაც არ უნდა იყოს ქალის მხრიდან სხვა ქალის მიმართ ძალადობის ან სიძულვილის მიზეზი, ცხადია რომ მას სერიზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ეს არა მხოლოდ ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრავმაში ვლინდება, არამედ იმ კულტურის განმტკიცებაში, რომელშიც ვიქტიმიზაცია ჩვეულებრივი ქცევა ხდება. ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია ყველამ, განსაკუთრებით ქალებმა, საკუთარი დამოკიდებულებები შევისწავლოთ და გადავაფასოთ. 

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.