ადამიანების 35%-ზე მეტს ღამით კვირაში მინიმუმ სამჯერ ეღვიძება. ამის მიზეზი მრავალი გარემო ფაქტორი შეიძლება იყოს: პარტნიორის ხვრინვა, ოთახის ტემპერატურის ცვლილება, მანქანის ხმაური და ა.შ. 

დროდადრო შუაღამით გამოღვიძება ნორმალურია. ყოველ ღამე გამოუღვიძებლად არავის ძინავს. ღამის განმავლობაში ოთხიდან ექვსჯერ გამოღვიძებაც კი შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.

ჩვეულებრივ, ადამიანების უმეტესობა ადვილად იძინებს, თუმცა როცა ადამიანი ღამით ერთსა და იმავე დროს იღვიძებს და დაძინება უჭირს, ეს შეიძლება გარემოს მიღმა არსებული ფაქტორებით იყოს გამოწვეული.  

თუ ერთ-ერთი ხარ იმათ შორის, ვისაც გათენებამდე ეღვიძება, გაეცანი მიზეზებს და იმასაც, რისი გაკეთება შეგიძლია მათ გასამკლავებლად. 

ღამით ხშირი გაღვიძება ხშირად ფიზიკურ და ფსიქიკურ აშლილობასთან ერთად ხდება და ასაკთან ერთად იმატებს. 

მთავარი მიზეზები, რამაც ღამით რამდენიმეჯერ გაღვიძება და დაძინების სირთულეები გამოიწვიოს, შემდეგია: 

დეპრესია და სტრესი

დეპრესიას ისეთი სიმპტომები უკავშირდება, როგორიცაა ნეგატიური ფიქრები, ზედმეტი შფოთვა, ენერგიის ნაკლებობა, ან ტკივილის შეგრძნება სხეულში, ამან კი ძილის ხარისხზე უარყოფითი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს. 

აკვიატებულმა აზრებმა, რაც ზედმეტ სტრესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, შეიძლება ჩვენი გონებრივი და ფიზიკური რელაქსაცია შეაფერხოს, რაც ღამე რამდენიმეჯერ გაღვიძებას იწვევს. როცა ჩვენი სხეული სტრესს განიცდის, ის ააქტიურებს ტვინის ნაწილებს, რომლებიც აღგზნებასთანაა დაკავშირებული.

სტრესის მაღალი დონე უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე და პირიქით, ძილის ხარისხის მატება ხელს უწყობს ადამიანის სტრესთან ეფექტურად გამკლავების უნარს. 

მედიტაცია ამ ციკლის გაწყვეტაში დაგეხმარება. თუ ეს პრობლემები არ შემცირდა, მნიშვნელოვანია პროფესიონალ ფსიქოლოგთან მისვლა. მაგალითად, კოგნიტურ ქცევით თერაპიას შეუძლია გააუმჯობესოს ძილის ხარისხი, ეხმარება ადამიანს გააკონტროლოს სტრესისგან გამოწვეული აზრები.

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება

თუ ძილის წინ სოციალურ ქსელებში ხარ, ამანაც შეიძლება ღამით გაღვიძებას შეუწყოს ხელი. ეს იმის გამო ხდება, რომ ეკრანის შუქის თვალებზე ზემოქმედება ხელს უშლის ჰორმონი მელატონინის გამომუშავებას, რომელიც ძილს უწყობს ხელს. 

ყველაზე მეტად პრობლემატური არის ეკრანიდან გამოსხივებული ლურჯი შუქი. 

წაიკითხე მეტი: 9 პატარა რამ, რაც ბევრს ამბობს შენზე

დაბერება

ღამით გაღვიძება დაბერების პროცესის ნორმალური ნაწილია. ცირკადული რიტმის ცვლილების გამო, შუა ხნის ასაკში უფრო ხშირად იღვიძებენ და ძილის ხანგრძლივობის შემცირებას განიცდიან. ხანდაზმულებს დასაძინებლად უფრო მეტი დრო სჭირდებათ და ძალიან ადრე იღვიძებენ. 

ჰორმონალური ცვლილება

ღამით შეიძლება ჰორმონალური ცვლილებების გამოც გაგეღვიძოთ. მაგალითად, ქალის ჯანმრთელობის სხვადასხვა სტადია, როგორიცაა ორსულობა, პერიმენოპაუზა, მენოპაუზა, – ხასიათდება ჰორმონალური ცვლილებებით და ძილის დარღვევით. 

მედიკამენტები

ზოგმა მედიკამენტმა შეიძლება ძილზე უარყოფითად იმოქმედოს ან ღამით გაღვიძება გამოიწვიოს. თუ გაურკვევლობაში ხარ იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელსაც იღებ, აუცილებელია ამაზე კონსულტაცია ექიმთან გაიარო. 

ალკოჰოლის მიღება ძილის წინ

ალკოჰოლს შეუძლია გაგიადვილოს ძილი, ეს უფრო ძილის პირველ სტადიასთანაა დაკავშირებული, თუმცა ასევე შეუძლია უძილობა გამოიწვიოს. 

ყველა ადამიანი ალკოჰოლს განსხვავებულად იტანს. ეს გენეტიკაზე, კვების რაციონზე, სხეულის ზომაზეა დამოკიდებული. ექიმების რეკომენდაციით, უკეთესია თუ ალკოჰოლის დალევას შეწყვეტ დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე. ეს სხეულს ალკოჰოლის გადასამუშავებლად დროს მისცემს. 

ჯანმრთელობის პრობლემები

გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებისა, არსებობს მრავალი ჯანმრთელობის პრობლემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღამით რამდენჯერმე გაღვიძება. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: D ვიტამინის დეფიციტი, ხშირი შარდვა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, გულძმარვა, მუცლის ზედმეტი ცხიმი და ა.შ. 

თუ ფიქრობ, რომ შეიძლება გქონდეს ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მიხვიდე სპეციალისტთან, რათა შეძლო მისი მოგვარება და რაც შეიძლება მალე. 

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.