მოდებატის (ENTP) კოგნიტური  ფუნქციები

ყოველი ადამიანი 4 კოგნიტური ფუნქციით მოქმედებს. მოდებატის მთავარი ფუნქცია ექსტრავერტული ინტუიციაა, დამხმარე კი ინტროვერტული აზროვნება.

ექსტრავერტული ინტუიცია – Ne (ძირითადი)

მოდებატე ამ ფუნქციას ყველაზე ხშირად იყენებს. მოდებატე ახალ ინფორმაციას ინტუიციის საშუალებით, შთაბეჭდილებების, შესაძლებლობებისა და მნიშვნელობების მეშვეობით გადაამუშავებს. ექსტრავერტული ინტუიცია მას საშუალებას აძლევს, განსხვავებული გზები დაინახოს. როცა მოდებატე ინფორმაციას იღებს, შეუძლია მას მრავალი მხრიდან შეხედოს.

ინტროვერტული აზროვნება – Ti (დამხმარე)

მოდებატე ამ ფუნქციას შედარებით ხშირად იყენებს. ინტროვერტული აზროვნება მიღებული ინფორმაციის კატეგორიებად დაყოფისა და ანალიზის საშუალებას აძლევს. ეს ფუნქცია შეუსაბამობების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება მოდებატეს. 

ექსტრავერტული გრძნობა – Fe (მესამეული)

ამ ფუნქციას მოდებატე შედარებით ნაკლებად იყენებს. ექსტრავერტული გრძნობა მოდებატეს საშუალებას აძლევს, საკუთარი ქცევა სხვების საჭიროებებს შეუსაბამოს. ესაა სხვებთან დაკავშირების უნარი და სურვილი. 

ჯანსაღი Fe: თბილი, აწონ-დაწონილი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და ხათრიანი; იცის როგორ გაუმკლავდეს სხვების საჭიროებებს; იცის როგორ დაეხმაროს ან უთანაგრძნოს ადამიანებს, როცა საჭიროა; აფასებს ურთიერთობებს, სიახლოვესა და სიყვარულის გამოხატვას; მოსწონს ჯგუფური მუშაობა; ურთიერთობაში პრობლემებს მოთმინებითა და თანაგრძნობით აგვარებს; მკაფიოდ ესმის, ადამიანის ქცევა როგორ გავლენას ახდენს სხვებზე.
არაჯანსაღი/განუვითარებელი Fe: დამოუკიდებლობის გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვს და სხვების მოთხოვნილებებს არაფრად აგდებს; უარს ამბობს მნიშვნელოვანი ურთიერთობების პრიორიტეტად ქცევაზე; ეშინია ურთიერთობებში პასუხისმგებლობის აღებაზე; თანაგრძნობასა და ემოციურ მგრძნობიარობას სისუსტედ აღიქვამს; უარს ამბობს იმ ადამიანების პერსპექტივების გაგებაზე, ვისაც არ ეთანხმება; მიდრეკილია ამპარტავნებისა და მედიდურობისკენ; საკუთარი გრძნობებისა და ემოციების საერთოდ არ ესმის.

თავდაცვითი კვანძი: ქვეცნობიერად, სხვებისგან მუდმივად თანხმობა და მოწონება სჭირდება; მოწყენილობის ან დაუცველობის გამო იმპულსურად იქცევა; ვერ უმკლავდება უთანხმოებას ან კონსტრუქციულ კრიტიკას; სხვებისგან თავს დაუფასებლად გრძნობს; უჭირს განსჯა ან გადაწყვეტილებების მიღება, თუ გარეშე წყარომ ეს არ დაუდასტურა; სოციალურ სიტუაციებზე დომინირებით ან მანიპულაციით აღიარებას და მოწონებას მოელის; საკუთარ ლიმიტენსა და დეფექტებს ვერ აცნობიერებს; ასევე ვერ აცნობიერებს, მისი ქცევა როგორ მოქმედებს სხვა ადამიანებზე; საკუთარ თავს განსაზღვრავს ურთიერთობების, საზოგადოებრივი სტატუსის, ან სხვების შეხედულებებით, ქცევცნობიერად კი ცდილობს, დაბალი თვითშეფასებისა და ემოციური არასტაბილურობის შეგრძნება დათრგუნოს.

Ne-Fe კვანძი: აკვიატებულად ცდილობს, სწრაფი დამოწმება მიიღოს, რომ ჭკვიანი, კრეატიული და არაკონფორმისტია. ხშირად თავს იწონებს იუმორით, მანიპულაციით, მლიქვნელობით, ან აბსურდული იდეებით, თუმცა ვერაფერს ქმნის, რითიც იტრაბახებდა ან თავდაჯერებას შემატებდა. ეს იმის ბრალია, რომ სანამ მოქმედებას დაიწყებს, არ გამოსდის/უარს ამბობს საკუთარი იდეები, შეხედულებები და შედეგები საფუძვლიანად შეაფასოს.

ინტროვერტული აღქმა – Si (სუსტი)

მოდებატე ამ ფუნქციას 4 ფუნქციას შორის ყველაზე ნაკლებად იყენებს. აღქმის საშუალებით მოდებატე ინფორმაციას შეგრძნების 5 ორგანოთი გადაამუშავებს. ინტროვერტული აღქმა მას მონაცემების დეტალურად გახსენებასა და მათ მოცემულ ინფორმაციასთან შედარებაში ეხმარება. ეს უნარი მოდებატეს საშუალებას აძლევს, აწმყოში მიღებული გამოცდილება წარსულში მიღებულ გამოცდილებას გადააჯაჭვოს და მათ შორის კავშირი ეძებოს.