ენთუზიასტი თბილი ადამიანია, ახლო ურთიერთობები მისთვის ძალიან ძვირფასია. ენთუზიასტის ბედნიერება სხვების ბედნიერებაზეა გადაჯაჭვული, მზრუნველი ბუნებისაა და ადამიანებთან ურთიერთობაში უდიდეს ენერგიას დებს.

მეგობრობა

მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიასტისთვის ოჯახს უპირველესი მნიშვნელობა აქვს, მისთვის მეგობრობაც მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ სულ ვალდებულებების შესრულების სტრესს განიცდის, მეგობრობა შეიძლება პასუხისმგებლობად აქციოს. მიუხედავად ამისა, მეგობრობისგან ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს და ბევრ სითბოს გასცემს.
პრობლემები, რაც ამ ფსიქოტიპს ურთიერთობებში ექმნება, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო ხდება: 1) უანგაროდ არ გასცემს – უკანაც რაღაცას მოითხოვს, 2) ახლობლებზე ცუდის დაჯერება უჭირს.
ენთუზიასტი ადამიანებში სულ საუკეთესოს ხედავს და მათ თავს კარგად აგრძნობინებს. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი სხვადასხვა ფსიქოტიპების წარმომადგენლები არიან. 
ენთუზიასტი საუცხოო მასპინძელია, წვეულებების მოწყობა და კარგი დროის გატარება უყვარს. მას უნდა, რომ ტრადიციებისა და ინსტიტუტების ნაწილი იყოს და თავის სოციალურ წრეს ბევრ ადამიანს მიაკუთვნებს.

სიყვარული

ენთუზიასტს სიყვარული შთანთქავს. ის თავის გრძნობას საჩუქრებით, ბარათებითა და სხვა სიმბოლოებით გამოხატავს. საერთოდ, ეს ფსიქოტიპი ტრადიციულია და სერიოზული მიზნები ამოძრავებს. როცა ენთუიასტი ამბობს „თანახმა ვარ“, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის შესასრულებლად მთელს ძალისხმევას არ დაიშურებს. 
თუ მის პარტნიორს მაღაზიაში ახალი ტექნიკა ან ტანსაცმელი მოეწონა, ენთუზიასტი მეორე დღეს საყიდლებზე წავა. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი სურვილების შესრულება მის განრიგსაც თავდაყირა აყენებს და საფულესაც აცარიელებს, ენთუზიასტი პარტნიორის დამაყოფილებისთვის ყველაფერზე მიდის. ზოგი ამ ფსიქოტიპის წარმომადგენელი სიყვარულის იდეაზე უფროა შეყვარებული, ვიდრე თავის პარტნიორზე.
მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიასტი მომთხოვნი არაა, რაღაც სახის ურთიერთმომგებიანობას ელოდება. თუ მისი შეყვარებული ისეთი გონიერი არაა, როგორიც ენთუზიასტს უნდა, იმედები უცრუვდება. პრაქტიკულობისა და რეალისტობის გამო, ამ ფსიქოტიპთა უმრავლესობას ექსტრავაგანტულობას ზომიერება ურჩევნია.
თუ პარტნიორი დაშორდა, მტკივნეულად განიცდის. ახალი ურთიერთობის მიმართ ინტერესი რომ გამოამჟღავნოს, დრო დასჭირდება. ეს ნაწილობრივ, საკუთარი თავის დადანაშაულების ბრალია. უარეს შემთხვევაში, ენთუზიასტს ყოფილი პარტნიორის მიმართ ანტიპათია უჩნდება და ღვარძლიანი ქმედებებითა და შენიშვნებით მას შეიძლება ტკივილიც მიაყენოს.

ენთუზიასტი, როგორც მშობელი

ენთუზიასტი პასუხისმგებლობის მქონე მშობელია და ბავშვების მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს. მას უნდა, რომ შვილები პატივს სცემდნენ და ემორჩილებოდნენ. მიღებული ქცევის წესიდან გადახრას ენთუზიასტი არ პატიობს, მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვების დასჯა და დისციპლინა უჭირს, არაპირდაპირ მეთოდს მიმართავს – მათ თავს დამნაშავედ აგრძნობინებს. აუცილებელია, ენთუზიასტმა ასეთი მანიპულირება შეწყვიტოს.
რადგან ენთუზიასტი მომსახურებაზეა ორიენტირებული, ბავშვების ყველა საჭიროებაზე ზრუნავს, მათთვის მკაფიოდ გამოხატული საზღვრების მქონე, სტრუქტურულ გარემოს ქმნის.
ენთუზიასტს კონტროლი უყვარს და ტრადიციასა და უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთანავე, თავისი შვილის ყველაზე ძლიერი, ხმაურიანი დამცველია. შეიძლება შვილი მის ავტორიტეტს აუჯანყდეს, რაც ორივე მხარისთვის სირთულეებს ქმნის. ამ შემთხვევაში, ენთუზიასტი ბავშვს თავს დამნაშავედ აგრძნობინებს. დანაშაულით მანიპულირება თუ ძალიან გაამძაფრა, ურთიერთობას დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს. 
იმ სტრუქტურისა და მითითებების გამო, რაც ენთუზიასტმა შვილებს შეუქმნა, მას სიყვარულით იხსენებენ.