„5 სიყვარულის ენა“ არის წიგნი, რომელიც გარი ჩეპმენს ეკუთვნის და რომელშიც სიყვარულის გაცემის და მიღების 5 სხვადასხვა სახეა მოცემული. მათ შორისაა სიყვარულის მტკიცების სიტყვები, ფიზიკური შეხება, მომსახურება, საჩუქრები და ერთად გატარებული დრო. თითოეული ფსიქოტიპი სიყვარულს უნიკალურად გამოხატავს და იღებს, მათ უკეთესად გასაცნობად ქვემოთ მოცემული სტატია დაგეხმარებათ.

INFJ („ემპათი“)

ემპათი ყველაზე მეტად ერთად გატარებულ დროზე რეაგირებს. მისთვის პარტნიორთან ერთად ყოფნა, ერთმანეთზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად ასე გრძნობს, რომ უყვართ და აფასებენ.

ფიზიკური შეხების მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ზოგ ემპათს მოსწონს, როცა საყვარელი ადამიანი ეხება, მაგრამ სხვების შეხება აღიზიანებს. ზოგს ნდობა უჭირს და შეხებას ამიტომაც ვერ ეგუება.  

ემპათს საჩუქრების გაცემა არ ადარდებს, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ვიღაცისთვის სიყვარულის გამოხატვის გზა შეიძლება იყოს. ახლო ურთიერთობებში ემპათს მატერიალისტური საგნები არ აინტერესებს. მას ადამიანებთან ღრმა და გულწრფელი ურთიერთობები უნდა, სიყვარულის გამოსახატად ფულის დახარჯვა კი არც ისე სწორად მიაჩნია.

ENFJ („მენტორი“) 

მენტორისთვის ერთად გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანია და აფასებს, როცა მისთვის დროს გამონახავენ. იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ დაკავებული ადამიანია, ეს მისთვის მზრუნველობის გამოხატვის გზაა მომსახურებასთან ერთად, რაც იმ საქმეების გაკეთებაში მდგომარეობს, რომლებიც საყვარელ ადამიანს სტრესს მოუხსნის. 

თვითონ სიყვარულის მიღებას ასეთივე გზით არ ისურვებდა. საერთოდ, მენტორი ცდილობს გაიგოს, პარტნიორისთვის სიყვარულის რომელი ენაა საუკეთესო (ამასობაში არ იცის, რომელია საუკეთესო თავისთვის). მისთვის სხვების გაგება უფრო მნიშვნელოვანია.

მენტორს ფიზიკური შეხებაც მოსწონს. მუდმივი შეხებითა და ჩახუტებით ის თავს უსაფრთხოდ და საყვარელ ადამიანთან ახლოს გრძნობს.

INFP („იდეალისტი“)

სიყვარულის გამოხატვა ცოტა რთულია იდეალისტისთვის, რადგან ეს მისთვის ძალიან პირადული თემაა. მისთვის დროის ერთად გატარება მნიშვნელოვანია, რადგან რომანტიკულ ურთიერთობებში უნდა იგრძნოს, რომ პრიორიტეტია. თუ იდეალისტმა შეატყო, რომ პარტნიორი მის გვერდით ხშირად არაა, გაუჩნდება შეგრძნება, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს. იდეალისტს უყვარს სიყვარულის მტკიცების სიტყვების მოსმენაც. თავიდან კომპლიმენტებზე შეიძლება ნერვულად რეაგირებდეს, მაგრამ თუ ისინი გულწრფელია, გულის სიღრმეში კმაყოფილებას გრძნობს. 

იდეალისტს საკუთარი სივრცე სჭირდება და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შეხება სულ არ უნდოდეს, მაგრამ შემდეგ აცნობიერებს, რომ ადამიანთან კონტაქტი სასოწარკვეთით სჭირდება. იდეალისტის პარტნიორს დროისა და მოთმინების გამოჩენა სჭირდება, რომ მას გაუგოს. შეხების სურვილი იდეალისტისთვის ნდობასთან ასოცირდება.

ENFP („ინოვატორი“)

სიყვარულის მისაღებად ინოვატორს ფიზიკური შეხება სჭირდება. მართალია, უცხო ადამიანებისგან შეხება არ სიამოვნებს, თუმცა შეყვარებულის შემთხვევაში პირიქითაა. უბრალოდ მკლავზე შეხება, ლოყაზე კოცნა საკმარისია, რომ ინოვატორმა სიყვარული იგრძნოს. ის უფრო მეტ სიახლოვეს ისეთ პატრნიორთან გრძნობს, რომელსაც სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვა მოსწონს. ინოვატორს ხანდახან კომპლიმენტების მიღებაც უყვარს, ასე პარტნიორის ფიქრებსა და გრძნობებს იგებს.

მართალია, მომსახურება ინოვატორის სიყვარულის ენის პირამიდის მწვერვალზე არ დგას, მაგრამ მზრუნველობის დემონსტრირებისთვის ამასაც მიმართავს. ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად დროის გამონახვა ინოვატორისთვის ძალიან რთულია და თუ ამას აკეთებს, ნიშნავს, რომ მართლა ზრუნავს პარტნიორზე და მის განტვირთვას ცდილობს. 

INTJ („სტრატეგი“)

სტრატეგი ხშირად აფასებს ერთად გატარებულ დროს, განსაკუთრებით თუ მასთან ყოფნა სიამოვნებთ. სტრატეგი ბედნიერია, როცა საყვარელი ადამიანი მზადაა, მასთან ყოფნისთვის დრო გამონახოს. მას სიყვარულის მტკიცების სიტყვებიც სიამოვნებს, თუ მათ გულწრფელად გამოხატავენ. სიტყვები თუ სტრატეგის გულის მოსაგებად, ან მისი ეგოს „გასაბერადაა“ ნათქვამი, მას ბედნიერებას ვერ მიანიჭებს, თუმცა ყოველთვის აფასებს კარგ კომპლიმენტს; განსაკუთრებით მაშინ, თუ მისთვისაც რაღაც მნიშვნელობა აქვს.

სტრატეგი აფასებს, როცა ხედავს, რომ მის გაბედნიერებას ცდილობენ. 

ENTJ („შეფი“)

შეფისთვის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო გზა სიყვარულის მტკიცების სიტყვებია. მას პარტნიორის აზრებისა და გრძნობების მოსმენა უყვარს, მაგრამ ყალბი და ზედმეტად ემოციური სიტყვების გაგება კი არ უნდა, უბრალოდ კარგად გააზრებულ და გულწრფელ კომპლიმენტს ელის. შეფს დროის ერთად გატარებაც უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის დატვირთული გრაფიკის გამო დროის გამონახვა რთულია. 

შეფისთვის სიყვარულის მიღება ნებისმიერი სახით მისაღებია, მთავარია გულწრფელობა იგრძნობოდეს. 

INTP („ანალიტიკოსი“)

ანალიტიკოსს გრძნობების თავისთვის შენახვა ურჩევნია და მათი სხვებთან გამოხატვა უჭირს, განსაკუთრებით თუ ვინმეს მიმართ რომანტიკულადაა დაინტერესებული. სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა დიდად არ გამოსდის, ამის გამო მისი სიყვარულის ენა ფიზიკური შეხებაა. ანალიტიკოსისთვის ფიზიკური სიახლოვე გრძნობის გამოხატვის საუკეთესო გზაა. მისთვის ძვირფასია სიჩუმეში, შეყვარებულთან ერთად ჩახუტებულად გატარებული დრო. კომპლიმენტების მოსმენა სიამოვნებს, მაგრამ მათი დაჯერება შეიძლება უჭირდეს. ამის გამო, თავი დაფასებულად რომ იგძნოს, ისევ ფიზიკური შეხება ეხმარება.

ანალიტიკოსისთვის მომსახურებაც მნიშვნელოვანი სიყვარულის ენაა. ხშირად შეეცდება საყვარელ ადამიანს ცხოვრება გაუუმჯობესოს და აქეთაც სიამოვნებს მზრუნველობა.  

ENTP („მოდებატე“)

მოდებატეს უყვარს კომპლიმენტები, განსაკუთრებით თუ მათ გულწრფელობას გრძნობს. უყვარს, როცა საყვარელი ადამიანი მის მიმართ გრძნობას ვერბალურად გამოხატავს, – შიგნიდან სითბოს და დაბნეულობას გრძნობს. კომპლიმენტების თქმა მოდებატესაც კარგად გამოსდის, რა თქმა უნდა, გონებამახვილურ და სარკასტულ კომენტარებთან ერთად.

მოდებატე გრძნობებს საჩუქრებით იშვიათად გამოხატავს. ეს ქმედება შეიძლება მისთვის არამიმზიდველი და ზედაპირულიც კი იყოს. 

ISTJ („პრაგმატისტი“)

პრაგმატისტს უყვარს მომსახურება და სიყვარულს ასე გამოხატავს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საყვარელი ადამიანის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. ვიღაც თუ მისთვის საქმეს აკეთებს, პრაგმატისტი გრძნობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია.

პრაგმატისტს დროის საყვარელ ადამიანთან გატარებაც უყვარს, მოდუნება და იმის კეთება, რაც სიამოვნებს. ის დაკავებული და შრომისმოყვარე ადამიანია და დროის მარტივად გატარება მისთვის ბევრს ნიშნავს.

ESTJ („მეთვალყურე“)

მეთვალყურეს საყვარელი ადამიანისგან სიყვარულის გამოხატვა მოსწონს, მაგრამ განსაკუთრებით კომპლიმენტები სიამოვნებს. ეს მეთვალყურეს აბედნიერებს. ის ფიზიკურად მოსიყვარულე ადამიანიცაა, მისთვის ახლო ადამიანებს ხშირად კოცნის და ეხუტება. მეთვალყურისთვის ეს გრძნობების გამოხატვის საუკეთესო მეთოდია, თუმცა ხშირად ეშინია, გრძნობების გამო შერცხვენილ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რადგან გრძნობების გამოხატვისას ნეგატიური რეაქციაც გამოუცდია. ამის გამო, მეთვალყურეს დიდი დრო სჭირდება, რომ ვინმეს ენდოს და ასე გაიხსნას.

ISFJ („მხარდამჭერი“)

მხარდამჭერს სიყვარულის გამოხატვა მომსახურებით უყვარს. სხვისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად დიდ ენერგიას დახარჯავს და საყვარელი ადამიანებისთვის საჭმელებისა და ყოველდღიური საქმეების გასაკეთებლად რომ იცლის, მათზე დიდ მზრუნველობას გამოხატავს.

მხარდამჭერს უყვარს კომპლიმენტების მოსმენა და შეგრძნება, რომ მცდელობების გამო დააფასეს.

ESFJ („ენთუზიასტი“)

სიყვარულის გამოსახატად ენთუზიასტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ფიზიკური შეხებაა. მას პარტნიორთან ფიზიკურად ახლოს ყოფნა უყვარს და თუ არ ეხებიან, თავს უგულებელყოფილად გრძნობს. ენთუზიასტს უყვარს კომპლიმენტებიც, განსაკუთრებით როცა ეუბნებიან, როგორ აფასებენ.

ენთუზიასტი სიყვარულს მომსახურებით გამოხატავს და სხვების მოთხოვნების დაკმაყოფილებას დიდ ენერგიას ახმარს. ხშირად შეეცდება გაიგოს, მის პარტნიორს რა აბედნიერებს და მას ასე მოერგება კიდეც.

ISTP („ვირტუოზი“)

ვირტუოზისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური შეხება და ერთად გატარებული დროა. საკუთარ თავს სიტყვებით იდეალურად ვერ გამოხატავს, მაგრამ ამას შეხებით მიგახვედრებს. ვირტუოზს ძირითადად მარტო ყოფნა ურჩევნია, მაგრამ როცა ვიღაც უყვარს, მასთან ერთადაც უნდა დროის გატარება.

ის არც ისე გამომხატველია, მაგრამ უყვარს, როცა პარტნიორთან კავშირს გრძნობს. მომწიფებული ვირტუოზი პარტნიორის ძალისხმევას შეამჩნევს და მის მცდელობებს დააფასებს.

ESTP („ავანტიურისტი“)

ავანტიურისტს მზრუნველობის გამოსახატად საჩუქრების გაცემა ახასიათებს. ასე საყვარელ ადამიანს აგრძნობინებს, რომ მასზე ფიქრობდა. როცა ვიღაც მისთვის ნივთის შესარჩევად დროს ხარჯავს, ავანტიურისტი თავს განსაკუთრებულად გრძნობს. მას ძალიან უყვარს სიურპრიზები. 

საჩუქრების შემდეგ, ავანტიურისტს ფიზიკური შეხება მოსწონს, რადგან ეს პარტნიორთან სიახლოვეს აგრძნობინებს.

ISFP („არტისტი“)

არტისტისთვის საყვარელ ადამიანთან დროის გატარება უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას უნდა გრძნობდეს, რომ საყვარელი ადამიანებისთვის პრიორიტეტია – განსაკუთრებით რომანტიკულ ურთიერთობებში. 

არტისტს კომპლიმენტები უყვარს და სიტყვები მასზე ძალიან ადვილად მოქმედებს. არტისტს ვერბალური გამხნევება სჭირდება და უარყოფითმა კომენტარმა მას ძალიან დიდი ტკივილი შეიძლება მიაყენოს.

ESFP („იმპროვიზატორი“)

იმპროვიზატორი სიყვარულს საჩუქრის გაცემითა და მიღებით გამოხატავს. ადამიანები ვერ იგებენ, რომ საჩუქრების გაცემა ზედაპირულობას არ ნიშნავს, უბრალოდ იმპროვიზატორი ფიზიკურზე ძალიანაა ორიენტირებული.  მისთვის საჩუქარი სიყვარულის ფიზიკური გამოხატულებაა, რაც საყვარელ ადამიანს ახსენებს და აგრძნობინებს, რომ მისთვის დრო გამონახეს.

ფიზიკური შეხებაც იმპროვიზატორისთვის სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი გზაა და ხშირად უყვარს ჩახუტება.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.