მეგობრობის დამყარება და შენარჩუნება ზოგს სხვებზე უკეთესად გამოსდის. ზოგს ახლო მეგობრობა უნდა, ზოგი კი იმის გარკვევას ცდილობს, ურთიერთობები წარუმატებლად რატომ სრულდება. აი, რას ეძებს საუკეთესო მეგობარში თითოეული ფსიქოტიპი:

.

ემპათი – INFJ

ემპათი ისეთ მეგობარს ეძებს, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს და თავისი ნამდვილი სახის გამომჟღავნება შეუძლია. ამ ფსიქოტიპს ადამიანებთან გახსნა უჭირს, რადგან იცის, რომ შეიძლება გული ძალიან ეტკინოს. როცა ემპათს უყვარს, ეს ძალიან ღრმა და ხანგრძლივი სიყვარულია. საუკეთესო მეგობარში ემპათი ერთგულებას ეძებს. მისთვის ეს კავშირი მნიშვნელოვანია. მუდმივი კომუნიკაცია არაა საჭირო, – როცა კავშირი არსებობს, ამას ის დიდი დროისა და მანძილის მიუხედავადაც გრძნობს. ემპათს უნდა რომ ჰყავდეს მეგობარი, რომლისგანაც მხარდაჭერას მიიღებს და რომელსაც მხარდაჭერას შესთავაზებს. მარტო ის, რომ მეგობარი ემპათისთვის დროს გამონახავს, ძალიან ბევრს ნიშნავს. გრძნობა, რომ ვიღაცამ გაუგო, ემპათისთვის ყველაფერია, და თუ ეს გრძნობა განაცდევინე, მისი სახით სამუდამო მეგობარი შეიძინე.

მენტორი – ENFJ

მენტორს უნდა რომ ჰყავდეს მეგობარი, რომელიც მასთან გახსნილი და გულწრფელი იქნება. ეს ფსიქოტიპი ძალიან დაკავებულია, ამიტომ ისეთი მეგობარიც სჭირდება, რომელიც მის რიტმს ფეხს აუწყობს, ყველაზე ცოტა, არ შეწუხდება თუ მისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. რა თქმა უნდა, მენტორი შეეცდება ყველასთვის ყველაფერი იყოს, და ისიც სიამოვნებს, როცა მის ძალისხმევას აფასებენ. მეგობარს, რომელსაც გულწრფელად სურს ისეთი მხარდმჭერი იყოს, როგორიც თვითონაა, მენტორი ხელიდან არ გაუშვებს. გრძელი დღის შემდეგ ვიღაც, ვისაც შეუძლია დაჯდეს და მასთან ილაპარაკოს, ამ ფსიქოტიპისთვის ძალიან ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ყველასთან მეგობრობს, ახლო მეგობრებს მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. 

იდეალისტი – INFP

იდეალისტის საუკეთესო მეგობარი მისი ერთგული და გულწრფელია. ამ ფსიქოტიპს არ უნდა ისეთ ადამიანთან მეგობრობდეს, რომელიც პირში ეპირფერება და ზურგსუგან სულ სხვა რამეს ამბობს. მას ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც მორალურია, ვისთვისაც ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. იდეალისტს გვერდით ისეთი მეგობარი უნდა რომ ჰყავდეს, რომელსაც მისი ესმის და განსხვავებულობის გამო არ განსჯის. ის საუკეთესო მეგობარია და საყვარელი ადამიანების უდიდესი მხარდამჭერია. იდეალისტს უბრალოდ უნდა, რომ მეგობრისგან სიყვარული და დაფასება იგრძნოს. ამ ფსიქოტიპს განმარტოებისთვის სივრცეც სჭირდება, მაგრამ ძვირფას ადამიანებთან ამ სივრცეს გაიზიარებს კიდეც. ასეთ ადამიანთან სიჩუმეში ჯდომა იდეალისტისთვის ენერგიის მომცემია. 

ინოვატორი – ENFP

ინოვატორს ისეთი მეგობარი უნდა, რომელთანაც თავგადასავლები გადახდება, რომელიც გააცინებს და მის სამყაროში სიხარულსა და პოზიტივს შეიტანს. ინოვატორისთვის რთულია იმასთან სიახლოვე, რომელიც მუდმივად ცუდ ხასიათზე აყენებს, ვისაც სიახლეების მიმართ ინტერესი არ აქვს. ინოვატორის მეგობარს შესაძლებლობების განხილვა უნდა სიამოვნებდეს და მას ყოველთვის მხარდაჭერას სთავაზობდეს. ინოვატორს არ უყვარს განმსჯელი ადამიანები და ამის გამო, ამას არც მეგობრისგან მოელის. ინოვატორი მეგობრულია, მაგრამ საუკეთესო მეგობრის არჩევისას ცოტა პრეტენზიული. მას მოკავშირე სჭირდება, რომელთანაც საუკეთესო მომენტებს გაიზიარებს.

სტრატეგი – INTJ

სტრატეგს უნდა ისეთი მეგობარი ჰყავდეს, რომელთანაც საინტერესო საუბრები ექნება და გონების სტიმულაციას შეძლებს. მას არ უნდა არამდგრადობა, განსაკუთრებით ერთგულებასა და გულწრფელობაში. სტრატეგისთვის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია, და ამასთანავე იმის შეგრძნება, რომ მისი ესმით. მარტო ყოფნისთვის დიდი დრო სჭირდება, ამიტომ სტრატეგის მეგობარს მისი ეს თვისება უნდა ესმოდეს. ყველაზე ღირებული სტრატეგისთვის ისეთი მეგობარია, რომელთანაც დიდხანს ილაპარაკებს და ეს არ მობეზრდება.

შეფი – ENTJ

შეფისთვის მეგობარში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ინტელექტი და ერთგულებაა. მას უნდა რომ საუკეთესო მეგობარი სანდო იყოს და მას ზურგი არ შეაქციოს. შეიძლება შეფი ემოციურად თავს დიდად ვერ გამოხატავდეს, მაგრამ სინამდვილეში საყვარელი ადამიანების მიმართ ძალიან მხარდამჭერი და მზრუნველია. შეფს უნდა, რომ საუკეთესო მეგობარი მის გვერდით იდგეს, მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი აქვს. გვერდით ისეთი ადამიანის ყოლა, რომელსაც ბოლომდე შეუძლია ენდოს, შეფისთვის ყველაფერია.

ანალიტიკოსი – INTP

ანალიტიკოსს ისეთი მეგობარი უნდა, რომელთანაც გატაცებებს გაიზიარებს. ანალიტიკოსისთვის უნარი, რომ მეგობარმა მის სპირალისებურ აზროვნებას ფეხი აუწყოს, ყველაზე ძვირფასი თვისებაა. ფიქრების ამ ჯაჭვში მეგობარი უნდა აჰყვეს და საინტერესო და დამაფიქრებელი პასუხები გასცეს. გარდა ამისა, ანალიტიკოსს უნდა რომ მეგობარს ენდობოდეს და შეეძლოს მას დაეყრდნოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოტა ხნით გაუჩინარებას გადაწყვეტს. ამ ფსიქოტიპს ზოგჯერ დროის დიდი პერიოდის მარტომ გატარება უნდა ხოლმე. მისთვის იდეალურ მეგობარს ეს ყველაფერი უნდა ესმოდეს. 

მოდებატე – ENTP

მოდებატეს ისეთი მეგობარი უნდა, რომელიც მისი კრეატიულობისა და აღტაცების ჩახშობას არ ეცდება. ამ ფსიქოტიპს უნდა ადამიანი, რომელიც მასთან იკამათებს და მგრძნობიარობას არ გამოავლენს ამ კამათის გამო. მოდებატეს მტკიცე მეგობარი სჭირდება, რომელიც დაუდგენს საზღვრებს და რომელიც მისი მოკავშირე იქნება. მოდებატის საუკეთესო მეგობარი მის გვერდით უნდა იყოს და ახალი და საინტერესო იდეების მოფიქრებაში დაეხმაროს, ასევე უნდა შეძლოს მისი გახალისება.

პრაგმატისტი – ISTJ

პრაგმატისტს უნდა ისეთი მეგობარი, რომელიც მისი ერთგული და გულახდილი იქნება. ადამიანი, რომელიც მის ღირებულებებს იზიარებს და მის ცხოვრებისეულ არჩევანს არ იწუნებს, პრაგმატისტისთვის იდეალური მეგობარია. ამ ფსიქოტიპს სიამოვნებს, როცა შეუძლია ვინმეს დღის ამბები მოუყვეს. მას ასევე უნდა, რომ ძვირფას ადამიანს ესმოდეს მისი განმარტოების მოთხოვნილება და ამის გამო თავი დამნაშავედ არ აგრძნობინოს.

მეთვალყურე – ESTJ

მეთვალყურის საუკეთესო მეგობარი მის ღირებულებებსა და იდეალებს იზიარებს და არ ნერვიულობს, როცა მეთვალყურე რაღაც თემის განხილვით აღფრთოვანდება და გზიდან გადაუხვევს. ამ ფსიქოტიპს უნდა, რომ საუკეთესო მეგობართან სიცილი და ხუმრობა შეეძლოს, და უბრალოდ მასთან ყოფნა სიამოვნებდეს. საუკეთესო მეგობარმა უნდა იცოდეს მისი წარსული და უნდა შეეძლოს მასთან მოგონებების გაზიარება. საბოლოო ჯამში, მეთვალყურეს ერთგული და მტკიცე ადამიანი სჭირდება.   

მხარდამჭერი – ISFJ

მხარდამჭერს უნდა მეგობარი, რომელთანაც საერთო ჰობით შეუძლია დაკავდეს, ვისთანაც კარგ რესტორნებში ივლის, ფილმების განხილვაში სასიამოვნო საღამოს გაატარებს. მხარდამჭერს უნდა, რომ ყველაფერი, რაც უყვარს, მეგობარს გაუზიაროს, ამიტომ მისთვის ძვირფას ადამიანს მისი მოსმენა უნდა შეეძლოს. ამ ფსიქოტიპს უნდა რომ მეგობარს ენდობოდეს. თვითონ ძალიან დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ საყვარელი ადამიანები გააბედნიეროს. 

ენთუზიასტი – ESFJ

ენთუზიასტს უნდა მეგობარი, რომელიც იმდენს გასცემს, რამდენსაც იღებს, რომელიც არა მარტო ყვება თავისი გრძნობების შესახებ, არამედ მოსმენაც შეუძლია. ენთუზიასტი ხშირად ვარდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც მის გამოყენებას იწყებენ და ძალიან სჭირდება ისეთი მეგობარი, რომელიც ამას არ გააკეთებს. ენთუზიასტს უნდა, რომ მასთან ყოფნა სიამოვნებდეთ, იმიტომ კი არ ემეგობრებოდნენ, რომ ენთუზიასტს მათთვის რამის გაკეთება შეუძლია. საუკეთესო მეგობარს ეს ფსიქოტიპი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიცაა და მისთვის საუკეთესო უნდოდეს. მეგობართან ჰობით დაკავებაც უყვარს, რომ მერე ერთად განიხილონ ახალი გატაცება. 

ვირტუოზი – ISTP

ვირტუოზს ისეთი მეგობარი უნდა, რომელიც მასთან გულწრფელია და განმარტოების მოთხოვნილებას პატივს სცემს, ამასთანავე შეუძლია თავისი ჰობით დაკავდეს. ვირტუოზს უნდა, რომ მეგობრის ნდობა შეეძლის და საჭიროების შემთხვევაში მისი გვერდში დგომის იმედი ჰქონდეს. ალბათ, დახმარებას არასდროს ითხოვს, მაგრამ იმის რწმენა, რომ მეგობარი გვერდში უდგას, ვირტუოზისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ავანტიურისტი – ESTP

ავანტიურისტს მოკავშირე სჭირდება, რომელიც მის გვერდით იქნება და მასთან ერთად თავგადასავლებს გაიზიარებს. ეს თავგადასავალი შეიძლება იყოს გრძელი მოგზაურობა ან ნაყინის საჭმელად შუაღამეს მანქანით გასვლა. ავანტიურისტს უნდა რომ გვერდით ჰყავდეს ისეთი ადამიანი, რომელთანაც დროს გაატარებს და სისულელეებზე იცინებს, ამასთანავე ისეთი, რომლის იმედიც ნებისმიერ შემთხვევაში ექნება.

არტისტი – ISFP

არტისტს ისეთი მეგობარი სჭირდება, რომლის მხარდაჭერის იმედიც ნებისმიერ შემთხვევაში ექნება, ვინც არის მისი უდიდესი ფანი და მასთან სიღრმისეული ურთიერთობის დამყარება შეუძლია. არტისტი საყვარელი ადამიანების მხარდამჭერია და აქეთაც იმავეს მოელის. თავისნაირ ადამიანებს არ ეძებს, პირიქით, ისეთი მეგობარი ურჩევნია, რომელიც მისგან განსხვავებულია. არტისტი ყველაზე მეტად ერთგულებას და ნდობას აფასებს.

იმპროვიზატორი – ESFP

იმპროვიზატორს ისეთი მეგობარი უნდა, რომელსაც მასთან ყოფნა სიამოვნებს და მისი მხარდამჭერია. ამასთანავე, უნდა უყვარდეს გართობა და არ იყოს განმსჯელი. იმპროვიზატორი მეგობრისგან გადაწყვეტილებების პატივისცემას და დაფასებას მოელის. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად კომუნიკაბელური და ქარიზმატული ჩანს, იმპროვიზატორს ხანდახან ჰგონია, რომ სხვები ვერ უგებენ. საუკეთესო მეგობარი ისეთი უნდა იყოს, რომელსაც საიდუმლოებებს გაუზიარებს.

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.