შურისგან არცერთი ფსიქოტიპი არაა იმუნური, თუმცა მათი შურის საგანი შეიძლება განსხვავდებოდეს. ამ სტატიაში თითოეული ფსიქოტიპის წარმომადგენლის აღსარებებია შეკრებილი. წინასწარ გთხოვთ, ქვემოთ მოყვანილ მაგალითებს პირად შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ, ან მათი საშუალებით ნუ განსჯით სხვებს. 

კონკრეტული ფსიქოტიპის ერთი წარმომადგენლის გამოცდილება შეიძლება მეორეს არ ემთხვეოდეს. ამასთანავე, თუ ისინი ემთხვევა, მიიღეთ როგორც გაკვეთილი, და არა განსჯის საბაბი. ɷ◡ɷ

ემპათი – INFJ 

– ვაღიარებ: შურიანი ვარ. ძალიან შურიანი. არადა, სხვებში ეს თვისება ყველაზე მეტად მეზიზღება. როცა ვინმე მეუბნება, რომ ვინმესი შურს, ვცდილობ აზრი შევაცვლევინო და ვანახო რა აქვს ისეთი, რაც მათ არ აქვთ. ვფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანები არ უნდა წუწუნებდნენ, არ უნდა იყვნენ ასეთი მატერიალისტები, მაგრამ სინამდვილეში, გულის სიღრმეში შურიანი ვარ. როცა ვიღაც თავხედი, თავდაჯერებული, ვისაც ჩემი ინტელექტის ნახევარიც კი არ გააჩნია, წარმატებულია, შურის გრძნობა მიჩნდება. ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

– მშურს, როცა ვინმეს ის აქვს, რაც მე მინდა და ვგრძნობ, რომ მე უფრო ვიმსახურებ. სასიამოვნო გრძნობა ნამდვილად არაა იმაზე ფიქრი, ვინაა შენზე უკეთესი და უარესი. თუმცა, ეს დიდხანს არ გრძელდება ხოლმე. 

– შური საშინელი გრძნობაა, მაგრამ თავიდან ვერ ვიგდებ. ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, მისი დამალვაა.

– მშურს ჩემი ძმის, რომელიც ყველგან მოგზაურობს, ხალხი საჩუქრებს ჩუქნის და ეხმარება, ადამიანებს მოსწონთ და ძალიან უდარდელია. 

 – იმის მშურს, ვინც ჩემზე ნიჭიერია და ჩემზე მეტად დაფასებულია იმ სფეროში, რაშიც ვფიქრობ რომ დაფასებას ვიმსახურებ. ამას გარეგნულად არ გამოვხატავ, მაგრამ შეიძლება პასიურად აგრესიული გავხდე და ნეგატიურმა ფიქრებმა დამტანჯოს.

მენტორი – ENFJ

– ხშირად მშურს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩემს საუკეთესო მეგობარს ეხება. ვხვდები რასაც ვგრძნობ, მაგრამ მისი მართვა ჩემს ძალას აღემატება.

– შენი მშურს, თუ შენ იმის გაკეთება შეგიძლია, რაც მე არ გამომდის. ამას ვაღიარებ. 

– საკუთრების, იღბლის, კეთილდღეობის ან ნიჭის იშვიათად მშურს ხოლმე. უბრალოდ, ვეჭვიანობ, როცა მეგობრები რაღაც შემთხვევიდან „მომტეხავენ” ან ვინმე ჩემი მეგობრისთვის ჩემზე უკეთესი მეგობარია. ეჭვიანობის მიზეზი პირად ურთიერთობებში თავდაჯერების ნაკლებობის ბრალია. ვეჭვიანობ, როცა ჩემი მეგობრების სხვა საუკეთესო მეგობრებს ვხვდები. ყველანი მომწონს, მაგრამ ჩემი მეგობრები ჩემთვის იმდენს ნიშნავს, მგონია რომ გამომრიცხეს.

– მშურს, როცა სხვას ის უნარები აქვს, რაც მე მინდოდა მქონოდა. 

იდეალისტი – INFP

– ყოველთვის მშურდა იმ ბავშვების, რომელთა მშრობლებიც ძალიან მოდუნებულები იყვნენ. ზოგჯერ ახლაც მშურს. რა კარგი იქნებოდა ჩემს მშობლებს სულ რომ ემოგზაურათ და ჩემთვის თავისუფლება მოეცათ. ერთი შეხედვით იდეალურად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ ბავშვებს შეიძლება სულ არ ჰქონდეთ ოჯახი, თავს მარტოსულად და უსიყვარულოდ გრძნობენ. მე ის მაინც ვიცი, რომ ჩემს მშობლებს ვუყვარვარ და ჩემზე ზრუნავენ.

– მინდა, მგზნებარე ცხოვრებით ვიცხოვრო. მშურს, როცა სხვა თავის ვნებას მიჰყვება. ეს მათ ბედნიერს ხდის და მდიდარ ხასიათს ანიჭებს, რაც ძალიან მხიბლავს. მეც მინდა ასეთი ვიყო. 

– მგონია, რომ ინტროვერტული გრძნობა (Fi) სამყაროს შესახებ მიკერძოებულ და ვიწრო პერსპექტივას მაძლევს და მეშინია, რეალობა ბოლომდე ვერასდროს გავიგო. ამიტომ ემპათის ფსიქოტიპის მშურს. მათ ფოკუსირება შეუძლიათ, მე კი ერთი იდეიდან მეორეზე ვხტები.

– სხვების მიღწევების იმდენად არ მშურს, რამდენადაც ადამიანის, რომელიც ჩემზე საინტერესოა და ის თვისება აქვს, რაც მე მინდოდა მქონოდა. როცა ასეთ ვინმეს ვხვდები, თან მისით აღტაცებული ვარ და თან არ მომწონს. მიჭირს ისეთ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც ჩემზე მეტად გამორჩეულია სილამაზით, განსაკუთრებულობით, ჩაცმის სტილით, და მაინც მისით მოხიბლული ვარ. მგონი, ეს ჯიბრის საკითხია.

ინოვატორი – ENFP

– სულაც არ ვარ შურიანი. როცა სხვა რაღაცას აღწევს, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე. შეიძლება ვუთხრა, „შენი მშურს,“ იმისთვის რომ თავი კარგად ვაგრძნობინო. 

– გულწრფელად მიხარია, როცა სხვები წარმატებებს აღწევენ. არასდროს მდომებია, ვინმე სხვა ვყოფილიყავი ჩემი თავის გარდა. წარმატებული ადამიანები აღმაფრთოვანებენ, მაგრამ მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ.

– წარმატების არ მშურს, მაგრამ მშურს, როცა ვიღაც იმას აღწევს, რისი მიღწევაც მე მინდოდა. მინდა, რომ ჩემი მიღწევები დამსახურებული იყოს და არა მორთმეული.

– ჩემი აზრით, არის რაღაც თვისებები, რაც ადამიანებში აღმაფრთოვანებს. განსაკუთრებით ის თვისებები, რაც მე არ მაქვს. თუმცა ეს შური არ არის. 

– ჯერ არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმეს მიმართ შური გამჩენოდა, ან შეიძლება არ მახსოვს. თუმცა, ალბათ ისეთი ვინმესი შემშურდებოდა, ვინც ჩემზე განსაკუთრებულია და კიდევ იმის, ვინც საკუთარი დრო გამოიყენა და იცხოვრა ისე, როგორც უნდოდა. 

სტრატეგი – INTJ

– საერთოდ, სხვების არ მშურს ხოლმე. თითქმის ყველა ადამიანს, ვისაც შევხვედრივარ, რაღაც უნარი ჩემზე უკეთესი აქვს და რაღაც უნარი ჩემზე უარესი. ვეძებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ საკითხში ჩემზე უკეთესები არიან, რომ მათგან ვისწავლო. რატომ უნდა მშურდეს, როცა მათი ნიჭის გამოყენება შემიძლია? წარმატებისკენ მარტივი გზაა.

– შურისგან დაცული არ ვარ, მაგრამ ვცდილობ ჩემზე არ იმოქმედოს, და ეს ხშირად წარმატებულად გამომდის. 

– შური, სიბრაზისა და შიშის მსგავსად, ნეგატიური ემოციაა და მისი გავლენის ქვეშ ყოფნა არ მიყვარს. მგონი, თინეიჯერობის ასაკის მერე ასეთი რამ არ მიგვრძნია. 

– იმის მიუხედავადაც, თუ ვიღაცა, ვისაც ნაკლებად დამსახურებულად მივიჩნევ, არაპროპორციულად დაჯილდოვდა, მესმის, რომ ასე ხდება ხოლმე და ამისგან ან უნდა გავიბერო, ან გავატარო.

– მშურს, როცა ვიღაც ჩემზე მეტად წარმატებულია, თუმცა ეს მოტივაციას მაძლევს უფრო მეტი ვიმუშაო და იმ წარმატებას მივაღწიო, რისი სურვილიც მაქვს. შურს გარეგნულად არ გამოვხატავ ხოლმე.

– შემშურებია იმის, ვინც ხალისიანი, ბედნიერია და იცის როგორ გაერთოს. მნდომებია, მეც ასეთი ვყოფილიყავი.

ანალიტიკოსი – INTP

– შურს არ განვიცდი. არც მესმის, რატომ უნდა გშურდეს სხვისი. ეს ჩემთვის თვითგამანადგურებელი გრძნობაა, არანაირ კარგ მიზანს არ ემსახურება. წარსულში მქონია შურის მომენტები, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ სისულელეა ამაზე ფოკუსირება. 

– მშურს, როცა ვიღაცას რაღაც ძალიან კარგად გამოსდის. ვცდილობ, მათ მივბაძო და ვნახო, მაქვს თუ არა შესაძლებლობა გავაკეთო ის, რასაც ისინი აკეთებენ. მიუხედავად ამისა, შურის გამო ნამდვილად არ გავმწარდები. 

– ხანდახან მშურს იმ ადამიანების, რომლებიც მაღლები, ლამაზები და ქარიზმატულები არიან, ეს თვისებები მე არ მაქვს. მეორე მხრივ, ვსწავლობ საკუთარი თავისა და იმ თვისებების დაფასებას, რაც მაქვს.

– მინდოდა, ყველაფერში საუკეთესო ვყოფილიყავი. ყველაზე მაგარი გრძნობაა, როცა რაღაცაში საუკეთესო ხარ. მაშინ შემშურდა, როცა აღმოვაჩინე, რომ საუკეთესო არ ვიყავი. თავს უღირსად ვგრძნობ, როცა ვიცი, ვიღაც ჩემზე უკეთესი არსებობს. ნეტა როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ამას რომ არ ვგრძნობდე? ალბათ, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი.

– მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ყოველთვის უაზრობას ლაპარაკობენ და ხალხს მაინც მოსწონთ. ცოტა პარადოქსულად ჟღერს. 

– ადამიანების უმრავლესობა იდიოტია და იდიოტები მოსწონთ. ბევრჯერ ვცადე, სხვებისთვის თავი მომეწონებინა, მაგრამ მე ისიც კი არ ვიცოდი შეყვარებულისთვის რა მეპასუხა, როცა მკითხა, რას ვგრძნობდი და ეს ცუდად მიიღო. არ შეიძლება უფრო ქარიზმატული ვიყო და თან უაზრო საუბრები არ მაინტერესებდეს?

მოდებატე – ENTP

– მშურს, როცა სხვები კონცენტრირებულნი და ორგანიზებულნი არიან. შეფის მშურს.

– მშურს იმ ადამიანების, ვისაც ერთმანეთთან მტკიცე კავშირები აქვთ. ისეთი, რომ ორი ადამიანი თითქმის განუყოფელია, ერთმანეთთან სინქრონში არიან, ერთად ყოფნის თითოეული წამი სიამოვნებთ იმის მიუხედავად, რომ სულ ერთად არიან. 

კიდევ მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ჩემს წრეში ყურადღების ცენტრს იპყრობენ და ჩემს ადგილს მართმევენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი არ მომწონს და ვთვლი, რომ ჯგუფის ყურადღებას არ იმსახურებენ. თუმცა, რეაქცია არ მაქვს იმ ადამიანებზე, რომლებიც მეც მომწონს. მათ წინაშე მეც კი უკან ვიხევ ხოლმე.

– მშურს, როცა ვიღაცას თავისუფლება აქვს და იმას აკეთებს რაც უნდა, შედეგებზე დაფიქრების გარეშე. 

– მშურს იმ ადამიანების, რომლებიც კარგად ხუმრობენ და ყურადღების ცენტში ექცევიან. მგონია, რომ ეს ადგილი ჩემია და როცა მას სხვა იკავებს, თავს უცნაურად ვგრძნობ და საკუთარ თავში ვიკეტები. თან, დეპრესიაში ვვარდები, როცა ადამიანებთან კავშირს ვერ ვახერხებ. ეს პერიოდი ძალიან დამღლელია!

– შურს ალბათ ყველაზე ნაკლებად ვგრძნობ. საკუთარ თავს სხვებს არ ვუდარებ.


მეთვალყურე – ESTJ

– მშურს, როცა სხვა ჩემზე მდიდარია, რადგან ფული ჩემთვის კონკურენციასთან ასოცირდება. 

– ხშირად ვცდილობ გარემოს კონტროლსა და სტაბილიზებას. ამის გამო საკუთარ თავს და საკუთარ პოტენციალს ვეჯიბრები. სხვისი წარმატება მოტივაციას მაძლევს, მაგრამ ამას შურს ვერ ვუწოდებდი. 

– ძალაუფლების შემშურებია, უკეთესი ხელფასის და უკეთესი პოზიციის. მირჩევნია მე ვმართავდე, ვიდრე ვიღაც იდიოტი მმართავდეს.

– მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ყურადღების ცენტრში ექცევიან. 

რისი შურს თითოეულ ფსიქოტიპს? ნაწილი 2

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.