გიფიქრია იმაზე, რომ ადამიანები განგსჯიან იმ თვისების გამო, რაც შენი პიროვნების თანდაყოლილი ნაწილია? ან შეცდომით იმ თვისებებს გაწერენ, რაც არ გაქვს? 

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ფსიქოტიპი მრავალი ჩვევის გამო შეიძლება განსაჯონ, დღეს ერთ ძირითად თვისებაზე ვისაუბრებთ, რომლითაც თითოეული ფსიქოტიპის ნაადრევი შეფასება ხდება ხოლმე.

პრაგმატისტი – ISTJ – არ აინტერესებს ცვლილებები

პრაგმატისტის ძირითადი კოგნიტური ფუნქცია ინტროვერტული აღქმაა(Si). ტიპოლოგებმა დაადგინეს, რომ ამ ფუნქციის მატარებელ ადამიანებს მოსწონთ რუტინული საქმის შესრულება, ასევე ცოდნა იმისა, რას უნდა მოელოდონ.  პრაგმატისტმა ერთი და იგივე პროცესი თუ გაიმეორა, დიდი შანსია, ეს მის ყოველდღიურ რუტინად იქცეს. ამ ფსიქოტიპს უყვარს ერთი და იგივე საჭმლის ჭამა, ერთი და იგივე განრიგის მიყოლა, ერთსა და იმავე ადგილას წასვლა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თავგადასავლები ან სიახლეები არ უყვარს. სინამდვილეში, ბევრი პრაგმატისტი მოულოდნელად ახალ და უჩვეულო რამეს სცდის ხოლმე. ეს ფსიქოტიპი ინოვაციურიც არის, თუმცა თავის ინოვაციებს ძალიან  დიდი სიფრთხილით, საგულდაგულოდ აკვირდება. 

მიუხედავად ამისა, გარეშე თვალით, პრაგმატისტი ისეთ ადამიანს გავს, რომელმაც თავის ცხოვრებაში სიახლე უნდა შეიტანოს, ახალი საქმიანობებით დაკავდეს და ახალ განრიგს მიჰყვეს. 

მხარდამჭერი – ISFJ – ძალიან ბევრს სწუხს

მხარდაჭერი კომფორტულად გრძნობს თავს, როცა იცის რას უნდა მოელოდეს და გაურკვევლობები არ უყვარს. ის ცხოვრებას ისე ალაგებს, რომ რისკი თავიდან აირიდოს. მას არ უყვარს შეგრძნება, როცა არ იცის რას ელის მომავლისგან. ეს ფსიქოტიპი ძალიან მხარდამჭერია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის ცხოვრებაში არიან, და შეიძლება ნეგატიური მოლოდინები და რისკი აშინებდეს. 

მხარდამჭერს განსჯიან ზედმეტად მფარველობითი ბუნების გამო, და იმიტომაც, რომ რისკები და გაურკვევლობები აფრთხობს. ამ თვისების გამო სხვებს შეიძლება მხარდამჭერთან ურთიერთობა გაუჭირდეთ და სურვილი გაუჩნდეთ, რომ ცოტა მოდუნდეს და დღევანდელი დღით იცხოვროს. სამწუხაროდ, ეს მხარდამჭერისთვის უფრო დიდი იმედგაცრუების მომტანია. 

მეთვალყურე – ESTJ – ზედმეტად მბრძანებლურია

მეთვალყურის მთავარი კოგნიტური ფუნქცია ექსტრავერტული აზროვნებაა(Te). ფსიქოტიპები, რომლებსაც ეს კოგნიტური ფუნქცია მთავარ ფუნქციად აქვს, ადვილად ხედავდენ ცდომილებებს, რომლებსაც გამოსწორება სჭირდებათ. ისინი სამუშაოს დროულად შესრულებას ცდილობენ. მეთვალყურე ბუნებით ლიდერი და ზედამხედველია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგი რამაა, ამ თვისებამ მბრძანებლობის მოყვარულის და მაკონტროლებელი ადამიანის რეპუტაცია შეიძლება მიანიჭოს. 

ის ხედავს, რისი გამოსწორება შეიძლება, თვითონაც აკეთებს საქმეს და დაუფიქრებლად მიუთითებს სხვებსაც. რეალურად ის არა მბრძანებლობაზე, არამედ ამოცანის შესრულებასა და მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული. 

ენთუზიასტი – ESFJ – ძალიან ბევრს დარდობს იმაზე, რას ფიქრობენ სხვები

ენთუზიასტი ექსტრავერტული გრძნობით(Fe) ხელმძღვანელობს. ამ ფუნქციის მატარებლები თბილი, თანაგრძნობის უნარის მქონე და მეგობრულები არიან. თუმცა, აღიარებას სხვებისგან ელიან. ენთუზიასტი ქებისა და კრიტიკის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა და მთელი ძალისხმევით ცდილობს, ყველა მის მიმართ დაწესებული მოლოდინი შეასრულოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ღირებულებები არ გააჩნია, უბრალოდ ცდილობს, ადამიანებს მის გარშემო თავი ბედნიერად აგრძნობინოს. სხვებისგან აღიარებისა და ჰარმონიის დამყარების სურვილი ზოგიერთი ფსიქოტიპისთვის შეიძლება სულელურად ჟღერდეს. მაგალითად იმათთვის, ვისაც სხვების მოლოდინებზე მეტად ლოგიკას ანიჭებენ უპირატესობას, ასევე ინტროვერტული გრძნობის (Fi) მატარებელი ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ემოციებზე არიან კონცენტრირებულნი და სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებთ. აუცილებელია სხვა ფსიქოტიპებმა დაინახონ, რომ ენთუზიასტის მოთხოვნილება სხვებმა აღიარონ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ლოგიკაა მნიშვნელოვანი დომინანტი აზროვნების ფუნქციის მქონე ფსიქოტიპითვის. 

ვირტუოზი – ISTP – ზარმაცია/მოტივაცია აკლია

გადაწყვეტილების მიღებამდე ვირტუოზი თავსატეხის ყველა მხარეს ხედავს. რადგან დამხმარე ფუნქციად ექსტრავერტული შეგრძნება (Se) აქვს, კრიზისის დროს გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს. მიუხედავად ამისა, როცა საქმე სამსახურს, ქორწინებას ეხება, ურჩევნია ყველა ფაქტი გაითვალისწინოს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ვირტუოზი „ზარმაცია“, რადგან 1) ნაბიჯის გადასადგმელად ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ დაუგროვებია; 2) საქმის შესრულების უფრო მოკლე საშუალება იპოვა, რომელიც ბიუროკრატიულ წესებს არ შეესაბამება. თუ ვირტუოზს ის საქმე მობეზრდა, რასაც აკეთებს, მისი შესრულების უსწრაფეს გზას იპოვის. ამან შეიძლება ისეთი ფსიქოტიპები შეაწუხოს, რომლებსაც სიმარჯვეს პროცედურა და რუტინა ურჩევნიათ. საქმის ტრადიციულად შესრულების უგულებელყოფის გამო ვირტუოზი შეიძლება განსაჯონ, როგორც ზარმაცი ადამიანი.  

არტისტი – ISFP – ზედმეტად მგრძნობიარეა

არტისტი ხელმძღვანელობს კოგნიტური ფუნქციით, რომელსაც ინტროვერტული გრძნობა (Fi) ჰქვია. შედეგად, ემოციებსა და ღირებულებებს გულთან ახლოს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ემოციებს სხვებს არ უზიარებს, უსამართლობა ან უხეში სიტყვები გულს ძალიან სტკენს. სხვა ფსიქოტიპებთან შედარებით, არტისტი უფრო ადვილად ტირის. ემოციებს შიგნით ინახავს, მაგრამ როდესაც განიცდის, ეს ცრემლების სახით ვლინდება. ეს მგრძნობიარობა გაჭირვებული ადამიანებისა და ცხოველების მიმართ ინტერესში და მათზე ზრუნვაში ჩნდება ხოლმე, რასაც სხვები სისუსტედ აღიქვამენ.

ავანტიურისტი – ESTP – ცხოვრებას არასერიოზულად უყურებს

ავანტიურისტი მომენტით ცხოვრობს და არსებულ შესაძლებლობებსა და რეალობას იყენებს. ის ოპტიმისტია და მოქმედება და აღტაცება იზიდავს. ამასთანავე, არ უყვარს რუტინა, უმოქმედობა, გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება. ურჩევნია არჩევანის თავისუფლება ჰქონდეს და ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს, სტრესში ვარდება. 

მასწავლებლებმა, მშობლებმა, ან პარტნიორებმა, რომლებიც მის სიმარტივესა და ცხოვრების იმპულსურ წესს აკვირდებიან, შეიძლება ავანტიურისტი განსაჯონ, როგორც უპასუხისმგებლო და არასერიოზული ადამიანი. 

განვითარებული ავანტიურისტის ფსიქოტიპი პასუხისმგებლობის მქონე, უნარიანი, უშიშარია, მაგრამ ისეთი პიროვნება არა, რომელსაც მთელი ცხოვრება ოფისში ჯდომა უნდა. მას ექსპერიმენტები, თავგადასავლები სჭირდება. იძულება მხოლოდ წყენასა და ფრუსტრაციას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, შეუძლია ისარგებლოს იმ გონებაგახსნილი ადამიანებით, რომლებიც მას სტრატეგიების მოძებნასა და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

იმპროვიზატორი – ESFP – ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს

ამ ფსიქოტიპს ხშირად გამრთობსაც ეძახიან და რთული არაა იმის მიხვედრა, რატომ. იმპროვიზატორს უყვარს ადამიანების გაცინება, გამოცოცხლება. მისი ენთუზიაზმი და ქარიზმა ადამიანებს იზიდავს. პრობლემა ისაა, რომ ზოგი ამ თვისებით ისე არ იხიბლება, როგორც სხვა დანარჩენი. ბევრს იმპროვიზატორის შარმი და კომუნიკაბელურობა შურს და ფიქრობენ, რომ ზედმეტად ზედაპირულია. ზოგი ფიქრობს, რომ მისი იუმორი და გამრთობის როლი მისი მუდმივი ყურადღების საჭიროებიდან გამომდინარეობს. მართალია, იმპროვიზატორს ყურადღება ნამდვილად სჭირდება, მაგრამ ადამიანის გაბედნიერება გულწრფელად უხარია. ეს ფსიქოტიპი ყველგან გართობისა და აღფრთოვანების შესაძლებლობას ხედავს და არ უნდა ვინმე გამორჩეს.

არსებობენ იმპროვიზატორები, რომლებიც უფრო წყნარები არიან და გამრთობის როლში ყოფნას უკანა პლანზე დარჩენა ურჩევნიათ. ასე რომ, ეს წესები ამ ფსიქოტიპის ყველა წარმომადგენელზე არ მოქმედებს.

ანალიტიკოსი – INTP – ძალიან უგრძნობია

ანალიტიკოსი ობიექტურ სიმართლეს ანიჭებს უპირატესობას და ეს მის საუბარშიც ჩანს. შეიძლება სხვები უნებლიედ შეურაცხყოს, რადგან ვერ მიხვდეს, რომ მისი ნათქვამი ზედმეტად პირდაპირია. ანალიტიკოსს ეს ძალიან აწუხებს, რადგან სინამდვილეში ადარდებს ის ადამიანები, ვინც მის გარშემო არიან. 

როცა სხვები უგრძნობს ეძახიან, ხშირად გაოცებული რჩება. ურჩევნია, კონფლიქტს თავი აარიდოს, ვიდრე სხვას გული ატკინოს. 

ანალიტიკოსი ობიექტურ სიმართლეს ძალიან აფასებს და უჭირს სხვების გაგება, თუ ისინიც იგივენაირად არ ფიქრობენ. თუ ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი ხარ, სიმართლეს გეტყვის. ასე რომ, გახსოვდეს, შელამაზებულად როცა გელაპრაკება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივს გცემს.

იდეალისტი – INFP – ძალიან არარეალისტია

იდეალისტი წარმოსახვის უნარის მქონე, მგზნებარე პიროვნებაა. მას მაღალი იდეალები აქვს, რომლის მიღწევას და რეალობად ქცევას ცდილობს. სამწუხაროდ, ხშირად იდეალისტის არ ესმით და მისი იდეალები არარეალისტურად და არაპრაქტიკულად ეჩვენებათ. ეს ადამიანები ცდილობენ იდეალისტს „დაეხმარონ“ და ის ყოველდღიურ ცხოვრებაზე კონცენტრირებული გახადონ. 

მართალია, ბევრი ამ ფსიქოტოპის წარმომადგენელი ფანტაზიის სამყაროში ისე შეიძლება გაიჭრას, რომ ფიზიკური მოთხოვნილებებიც დაავიწყდეს, თუმცა იდეალისტების უმრავლესობა წარმოსახვასა და დეტერმინაციას შორის ბალანსს პოულობენ ხოლმე. თუ საკუთარი თავის რწმენა აქვს, იდეალისტი აღწევს იმას, რაც სხვისთვის ოცნების კოშკია. მას ისეთი ადამიანი სჭირდება, ვისაც მისი სჯერა და ვინც შეახსენებს, რომ საკუთარ თავზე და პრაქტიკულ მოთხოვნილებებზე უნდა იზრუნოს. 

მოდებატე – ENTP – ძალიან ბევრს კამათობს

მოდებატე ნებისმიერ საკითხსა თუ წესს ათასი ალტერნატიული კუთხიდან ხედავს. დომინანტი ფუნქციის, ექსტრავერტული ინტუიციის (Ne) წყალობით, ყველა პერსპექტივის შესწავლა და ძირითადი ჭეშმარიტების პოვნა  სურს. მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ეს დამღლელი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დებატები არ უყვარს. შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მოდებატე მათ იმიტომ ეკამათება, რომ ეს უბრალოდ სიამოვნებს. მართალია, ეს ზოგჯერ სიმართლეა, მაგრამ ყოველთვის არა. მოდებატეების უმრავლესობას უნდა, რომ საკითხი ბოლომდე განიხილოს და ამისთვის მრავალ გზას პოულობს. ეს ფსიქოტიპი იმედგაცრუებული რჩება, როცა უნებლიედ ვიღაცას შეურაცხყოფს. ეს მაშინ ხდება, როცა იმ საკითხზე ეკამათება, რაც იმ ადამიანისთვის ძალიან პირადი საკითხია. ამის გამო მოდებატეს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ მისი არ ესმით და სიმართლის აღმოჩენის გზებს უხშობენ. განსაკუთებით პატარა ასაკში, მოდებატეს უბრძანებენ გააკეთონ ისე, როგორც უთხრეს და უფროსს უპასუხოდ დაემორჩილონ. ეს ამ ფსიქოტიპისთვის ძალიან რთულია, რადგან იმისთვის რომ ამას გაუმკლავდეს, საკუთარი თავის დიდი ნაწილის დათმობა უწევს.

ინოვატორი – ENFP – გაურბის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

ინოვატორი ბუნებით თავგადასავლების მოყვარული და ინოვაციურია. არ უყვარს საქმის სტანდარტის მიხედვით კეთება და სტაბილურ, რისკისგან თავისუფალ ცხოვრებას ახალი გამოცდილებები და გამოწვევები ურჩევნია. ინოვატორი იდეების ადამიანია და სრულყოფილი ცხოვრება რომ ჰქონდეს, შთაგონებას უნდა გაჰყვეს. მისი მუდმივად ცვალებადი ავანტიურები სხვა ფსიქოტიპებისთვის შეიძლება თავქარიანი და უპასუხისმგებლო ჩანდეს. შეიძლება ეწუწუნებოდნენ, რომ უსაფრთხო სამსახური იპოვოს და გრძელვადიანი პარტნიორი გაიჩინოს. აუცილებელია სხვებმა გაიგონ, რომ ბუნებით ინოვატორი ოცნებებს და წარმოსახვას დაედევნება და ერთსა და იმავე რუტინაში თავს მობეზრებულად იგრძნობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინოვატორს პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს. როცა პოულობს კარიერას ან ადამიანს, ვინც უყვარს, ძალიან ერთგულია. ამის მიუხედავადაც, რაღაც ფორმით თავგადასავალი მაინც სჭირდება და იპოვის გზას, რომ ის მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან უბედურ ადამიანად იქცევა.

სტრატეგი – INTJ – ცივი და გამომთვლელია

ეს ფსიქოტიპი ძალიან სტრატეგიულად მოაზროვნე და წარმოსახვის უნარის მქონეა. ემოციებსა და გრძნობებს ლოგიკასა და რაციონალურ აზროვნებას ამჯობინებს და ის ადამიანები აბნევს, რომლებიც პირიქით ფუნქციონირებენ. ის ყველაფერს ერთ დიდ სურათად ხედავს და უსარგებლო დეტალებისა და ვიღაცის გრძნობებისთვის მოთმინება არ ჰყოფნის. მის პირდაპირობას და პრაქტიკულ ბუნებას მეწვრილმანეობას და სნობიზმს უწოდებენ ხოლმე. სინამდვილეში, სტრატეგი პირდაპირი და გულწრფელია იმ ადამიანებთან, ვინც უყვარს. არ მოეწონებოდა, მისთვის შელამაზებულად რომ ეთქვათ რამე, ამიტომ სხვასთანაც არ იქცევა ასე. გულწრფელობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და არ მოსწონს, სიმართლეს გზაზე საზოგადოებრივი თავაზიანობა რომ ეღობება.

ემპათი – INFJ – საკუთარ თავშია „ჩაჭედილი“

ემპათი ეგზისტენციალური კითხვებითაა სავსე, პროგნოზების, სიმბოლიზმისა და ინსაითისკენაა მიდრეკილი. საკუთარი ინტუიციის უკეთ შეცნობის მცდელობაში ემპათს გარე სამყარო ავიწყდება. ბევრმა ადამიანმა შეიძლება ეს ფსიქოტიპი განსაჯოს, რომ მისთვის რეალობა არ არსებობს და უსარგებლო ფანტაზიაში ცხოვრობს. თავის იდეებზე, ოცნებებსა და შეხედულებებზე ისეა კონცენტრირებული, რომ ემპათს დღის პრაქტიკულის საჭიროებები ავიწყდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, ამ ფსიქოტიპის ძლიერი მხარე მისი ხედვა და გამჭრიახობაა, ამიტომ ეს უნარი არ უნდა დაუხშოთ. ამასთანავე, უნდა შეახსენოთ გარესამყაროსთან ურთიერთობაც რომაა საჭირო.

შეფი – ENTJ – კუდაბზიკა და ამპარტავანია

შეფი უკიდურესად მონდომებული, კონკურენტუნარიანი და თავდაჯერებულია. ბუნებით ლიდერია და მისი გამბედაობა ბევრს აშინებს. შეფმა იცის, რა უნდა, მომავლისკენ ისწრაფვის და მიზანთან უსწრაფესად უნდა მიახლოება. ემოციების, ზედმეტი დეტალებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის გეგმებს ეწინააღმდეგებიან, მოუთმენელი ხდება. მისი თავდაჯერება და მონდომება სხვის თვალში დომინანტური და ამპარტავნული შეიძლება ჩანდეს, განსაკუთრებით მშვიდი და რბილი ხასიათის ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თავდაჯერება და ამპარტავნება ერთი და იგივე რამ არ არის. შეფი სხვისი შეხედულებების მოსასმენად მზადაა, თუკი ეს შეხედულებები ემოციებით ან დეტალებით არაა გაჟღენთილი.

მენტორი – ENFJ – ზედმეტად ბევრს ცდილობს

მენტორი თავისი ენთუზიაზმით, ემპათიითა და კომუნიკაბელურობით გამოირჩევა. მას ჰარმონიული გარემოს შექმნა უდნა და უყვარს, როცა სხვებს თავს ბედნიერად აგრძნობინებს. ჯანსაღი მენტორი კარგი მსმენელია და ერთგული მეგობარია. დროს გულუხვად დაგითმობს, თუ საუბარი ან დახმარება გჭირდება. სხვის საჭიროებებსა და ემოციებს ისე იწოვს, რომ საკუთარი ავიწყდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ამ თვისებას არ იზიარებენ, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მენტორი ზედმეტად ბევრს ცდილობს და სხვების აზრს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხშირად მენტორს განსჯიან როგორც თვალთმაქც, ყალბ ადამიანს. ზოგადად, ასეთი დამოკიდებულება ისეთ ფსიქოტიპებს უჩნდებათ, რომლებიც კოგნიტურ ფუნქციას, ექსტრავერტულ გრძნობას (Fe) არ იყენებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამაში ყალბი არაფერია, უბრალოდ მენტორი ასე ფუნქციონირებს. 

___________________________________________________

ფსიქოტიპებზე სხვა სტატიების წასაკითხად ნახე ბლოგი.

შენი ფსიქოტიპის დასადგენად გაიარე ტესტი.