ემპათი თბილი, ღრმა და კომპლექსურია, იდეალიზმის გამო სულ საუკეთესო ურთიერთობის ძიებაშია. ის გრძელვადიან ურთიერთობებს ეძებს, თუმცა ყოველთვის ვერ პოულობს ხოლმე.

მეგობრობა

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ემპათისთვის უპირველესია, მისთვის მეგობრებიც ძვირფასია. როგორც იდეალისტი, ემპათი ბუნებრივობას და სიღრმეს ეძებს და იმ ადამიანებს აფასებს, ვისაც მისი ნამდვილი „მეს“ დანახვა შეუძლია.
ემპათის მეგობარი ნებისმიერი ფსიქოტიპის წარმომადგენელი შეიძლება იყოს. ის ძალიან ინტუიტიურია, მლიქვნელობა და ტყუილი არ უყვარს და არც იმ ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესი აქვს, ვისაც ეს თვისებები აქვს. 
ემპათი ყველა სახის ადამიანს იზიდავს და მიუხედავად იმისა, რომ ამას თვითონ ვერ აცნობიერებს, საკმაოდ პოპულარული ფსიქოტიპია.

სიყვარული

როცა ემპათი რომანტიკულ კავშირს გრძნობს, პოტენციური პარტნიორის წახალისებას მსუბუქი ჟესტებით ცდილობს. ემპათი გრძნობების გამოხატვაში სიფრთხილეს იჩენს, რადგან უარყოფის ეშინია. ზოგ ადამიანს შეიძლება ცივი ეგონოს, რადგან მზრუნველ ბუნებას კარგად ფარავს. საკუთარი სურვილების გამჟღავნება ემპათს უჭირს ხოლმე. ის იმ ადამიანთან იხსნება, ვისაც მისი ესმის და მის მიმართ მოთმინებას იჩენს. 
ემპათს მდიდარი წარმოსახვა და სწრაფი გონება აქვს, პარტნიორს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება, მის კონტროლს არ ცდილობს. 
თუ ემპათს პარტნიორი დაშორდა, თავს განადგურებულად გრნობს და საკუთარი შეცდომებისა და ნაკლის ძიებას იწყებს, დაბალი თვითშეფასებით იტანჯება, მწუხარებას სხვების დახმარების გარეშე უმკლავდება, ენერგიას ნელა იკრებს და აგრძელებს ცხოვრებას. 
ემპათს იდეალურ ურთიერთობასთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვს. თუ მისი ოცნებები და რეალობა ერთმანეთს არ დაემთხვა, განსხვავებებზე მორგების ნაცვლად, შეიძლება სხვაგან დაიწყოს ძიება.
გაიგე მეტი: როგორ მოვხიბლო ემპათი?

ემპათი, როგორც მშობელი

ემპათი თბილი და მზრუნველი მშობელია, ბავშვისთვის კარგისა და ცუდის გარჩევაში დახმარება უნდა და მათ ისე ექცევა, როგორც პიროვნებებს, რომელთა აზრსაც ოჯახური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. ემპათს უნდა, რომ მის შვილს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჰქონდეს და შეიძლება ბავშვების მიმართ მომთხოვნიც იყოს. მართალია, ემპათი რბილად მოსაუბრე და ნაზია, თუმცა როცა მის მოლოდინებს არ ამართლებენ, სტრესში ვარდება ან ჯიუტი და ენამწარე ხდება. 
მშობლის პასუხისმგებლობას ემპათი სერიოზულად ეკიდება და შვილებისთვის მსხვერპლზე დაუფიქრებლად წავა. შვილებისთვის ღირებულებების გადაცემა მისთვის სერიოზული ვალდებულებაა.
ბავშვები ემპათს იხსენებენ, როგორც თბილ და მომთმენ მშობელს.